გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტურის შეჯამება და სიმბოლური: სად ვეძებოთ ინტრიგა?

AutoSharing Option
გარდა იმისა, რომ "ბაიერნის" ვერცერთმა სერიოზულმა მდევარმა ვერ მოიგო (მეორეადგილოსანი "ლევერკუზენი" კი სულაც საკუთარ მოედანზე "აინტრახტთან" დამარცხდა), ბუნდესლიგის მე-16 ტური შვეიცარიელების წარმატებებითაც იყო გამორჩეული. ყურადღების ცენტრში სამი შვეიცარიელი ფეხბურთელი და ერთი მწვრთნელი მოხვდნენ. სამაგიეროდ, ჰოლანდიელებს აღარ უმართლებთ.

ნეგატივები
- დორტმუნდის "ბორუსიამ" "ჰოფენჰაიმთან" 0:2-იანი ჩამორჩენა მხოლოდ 2:2-მდე აღმოფხვრა, თამაშის სრულად შემოტრიალებაში კი იურგენ კლოპს ხელი ისევ მომენტების გამოუყენებლობამ შეუშალა. "ბორუსიას" წინა ხაზის მთავარი შემოქმედები, ლევანდოვსკი და როისი მომენტებს კი ქმნიან, მაგრამ ამ ბოლო დროს დამაგვირგვინებელ ფაზაში მოიკოჭლებენ.

- თავის მხრივ, "ჰოფენჰაიმელებსაც"
აქვთ საწუწუნო. "დორტმუნდს" 2:0-ს უგებდნენ და რომ ვერ მოიგეს, მეკარე იენს გრალის ბრალიცაა, რომელმაც ობამეიანგის გოლის მომენტში შეცდომა დაუშვა. არადა, მწვრთნელმა გისდოლმა უიღბლო მეკარე კასტეელსი გრალით ახლახან ჩაანაცვლა. როგორც ჩანს, "ჰოფეს" კარი მართლაც დაწყევლილია, თუმცა "სოფლელები" შერისხული ტიმ ვიზეს ძირითადში დაბრუნებაზე მაინც არ ფიქრობენ.

- სადღეისოდ ბუნდესლიგაში ყველაზე მეტი გოლი ბრემენის "ვერდერს" აქვს მიღებული. ბრემენელებმა "ჰერტას" სამი გოლი გაატანინეს და გაშვებული ბურთების გრაფაში უკვე 37 უწერიათ. ფაქტია, რომ "ვერდერი" მეკარე რაფაელ ვოლფითა და მცველ ლუკიმიათი შორს ვერ გაფრინდება.

- "ნიურნბერგის" ახალმა მწვრთნელმა გერტიან ვერბეეკმა კლუბის ისტორიაში ნეგატიური რეკორდი გაიმეორა. მის ხელში "ფრანკებმა" უკვე შვიდი მატჩის ჩატარება მოასწრეს და ჯერაც მოუგებლები არიან. "ნიურნბერგს" თამაში ამ სეზონში საერთოდ არ მოუგია. რაც შეეხება ვერბეეკის ანტირეკორდს - ასეთი საშინელი შედეგი აქამდე მხოლოდ თომას ფონ ჰეესენს ჰქონდა. აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ნიურნბერგი" ამ უქმეებზე ჰანოვერში 3:0-ს იგებდა და რომ ვერ მოიგო (3:3), ეს მსაჯ ტორსტენ კინჰიოფერის ბრალია, რომელმაც ჰანოვერელთა მეორე გოლის დროს მამე დიუფზე თითქმის ორმეტრიანი თამაშგარე მდგომარეობა არ დააფიქსირა.

- როგორც მოსალოდნელი იყო, ცუდად აქვს საქმე "ბრაუნშვაიგსაც", რომელსაც მართალია, ორი მოგება აქვს, მაგრამ უკვე მე-12 შეხვედრა წააგო. ბრაუნშვაიგელთა გზა აშკარად მეორე ბუნდესლიგისკენ მიდის.

- "ჰამბურგის" ჰოლანდიელი მარგალიტი რაფაელ ვან დერ ვაარტი, როგორც იქნა, გამოჯანმრთელდა, მაგრამ "ბაიერნთან" მანაც ვერაფერი გააწყო (1:3) და თანაც, ისევ დაშავდა...

- ცუდად აქვს საქმე მიონხენგლადბახის "ბორუსიას" ჰოლანდიელსაც. ერთ დროს დიდი ზარ-ზეიმით ნაყიდი ლუუკ დე იონგი "მაინცთან" მხოლოდ სამი წუთიღა ათამაშეს და ნელ-ნელა დასტურდება, რომ ამ ფეხბურთელის ყიდვა "გლადბახის" ბოსების დიდი შეცდომა იყო.

- "ვოლფსბურგისა" და "შტუტგარტის" მატჩის ანტიგმირი შვაბთა კაპიტანი კრისტიან გენტნერი იყო, რომელმაც ჯერ ორი რეალურზე რეალური მომენტი ვერ გამოიყენა, მერე კი ავტოგოლიც გაიტანა. შტუტგარტელები 1:3 დამარცხდნენ.

- საქმე საქმეზე რომ მიდგება, "ლევერკუზენი" მაგრად ჩაფლავდება ხოლმე და "ვიცეკუზენის" ზედმეტსახელს ამართლებს. ამჯერად "ბაიერნის" ნომერ პირველ მდევრად ქცეულმა "ბაიერმა" საკუთარ კედლებში კრიზისში მყოფ "აინტრახტთან" წააგო (0:1), რითაც "დორტმუნდთან" და "გლადბახთან" უპირატესობის გაზრდის შანსი ხელიდან გაუშვა და უკვე "ბაიერნსაც" შვიდი ქულით ჩამორჩება.

პოზიტივები
- "ჰერტას" თავდამსხმელ ადრიან რამოსის ბედს ახლა ძაღლი არ დაჰყეფს. კოლუმბიელმა "ვერდერთან" 3:2-ზე მოგებულ შეხვედრაში დუბლი შეასრულა და ამ სეზონში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე ადგილზეა და რობერტ ლევანდოვსკის მიუახლოვდა.

- "მაინცის" მცველებმა "გლადბახის" შესანიშნავ შემტევებს გაუძლეს და სასურველი 0:0 დააფიქსირეს, რაც განსაკუთრებით 22 წლის შტეფან ბელის დამსახურებაა, რომელმაც მიონხენგლადბახელთა გოლეადორ მაქს კრუზეს არაფერი გააბედვინა.

- თუმცა ამ შეხვედრას მოგებულიც ჰყავდა: "გლადბახის" შვეიცარიელი თავკაცი ლუსიენ ფავრი, რომელსაც უკვე მთელი საფეხბურთო გერმანია აქებს. მიონხენგლადბახელთა მენეჯერმა მაქს ებერლმა თქვა, ძალიან გაგვიმართლა, ეს მწვრთნელი ხელში რომ ჩავიგდეთ და ლუსიენს სულ მალე ახალ კონტრაქტს შევთავაზებთო. პირველ რიგში, სწორედ ფავრის დამსახურებაა ის, რომ "გლადბახი" ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.

- "ვოლფსბურგმა" მიმდინარე სეზონში მე-9 თამაში მოიგო, 16 ტურის შემდეგ მე-5 ადგილზეა და მინიმუმ ევროპალიგის საგზურს უმიზნებს. "შტუტგარტთან" "მგლების" ერთ-ერთი მთავარი გმირი შვეიცარიელი მეკარე დიეგო ბენალიო გახლდათ.

- "ვოლფსბურგში" გამორჩეულად კარგ სეზონს ატარებს მარცხენა მცველი რიკარდო როდრიგესიც, რომელიც, როგორც ამბობენ, "ჩელსის" მთავარ მწვრთნელ ჟოზე მოურინიოს მოხვდა თვალში. პორტუგალიელმა როდრიგესისადმი ინტერესი დაადასტურა.

- კიდევ ერთი შვეიცარიელი, რომელიც ასევე ქებას იმსახურებს, "ბაიერნის" ნახევარმცველი ჯერდან შაჩირია. ეს უკანასკნელი ახლახან გამოჯანმრთელდა და "ჰამბურგთან" მსაჯის მიერ დამატებულ მესამე წუთზე გოლიც გაიტანა.

- ზოგადად, "ბაიერნმა" "ჰამბურგის" დამარცხებით შემოდგომის ჩემპიონობა ოფიციალურად გაიფორმა. მიუნხენელებს 16 ტურის შემდეგ 44 ქულა აქვთ და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე მშვიდად, მშვენიერი განწყობით გაემგზავრნენ.

- "ჰანოვერმა" "ნიურნბერგთან" თამაშის შემოტრიალება (0:3-დან 3:3) მას მერე შეძლო, რაც "წითლების" თავკაცმა მირკო სლომკამ მოედანზე ლეონარდო ბიტენკური შეუშვა. ექსდორტმუნდელმა მარჯვენა ფლანგი აიკლო და ერთ გოლში ლომის წვლილი შეიტანა.

- "შალკეს" ბერძენი მცველი კირიაკოს პაპადოპულოსი მოედანს ერთწლიანი იძულებითი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში შესანიშნავად ითამაშა. გელზენკირხენელებმა "ფრაიბურგი" 2:0 დაამარცხეს და საუკეთესო ექვსეულში გამაგრდნენ. "შალკეს" მწვრთნელ იენს კელერისთვის ესეც შეღავათია.

- ფრანკფურტის "აინტრახტმა" "ლევერკუზენში" 1:0 გაიმარჯვა და დაამტკიცა, რომ მოგება ჯერ კიდევ შეუძლია. შეგახსენებთ, რომ არმინ ფეეს გუნდს 10-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.

კორეელი ჟი "დორტმუნდში"?
ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, იანვარში დორტმუნდის "ბორუსიას" ხელმძღვანელები წინა ხაზის გაძლიერებას გეგმავენ და თვალი "სანდერლენდის" 22 წლის შემტევ დონ-ვონ ჟის დაადგეს. ეს ინფორმაცია გაზეთმა "ბილდმა" გაავრცელა, თავად დორტმუნდელები კი კონკრეტული კომენტარის გაკეთებას ერიდებიან.

შეგახსენებთ, რომ კორეელი ფეხბურთელი წინა სეზონში ბუნდესლიგაში თამაშობდა - "სანდერლენდიდან" "აუგსბურგში" იყო განათხოვრებული და ბუნდესლიგის 17 შეხვედრაში 5 გოლის გატანა მოახერხა.

შააფი "შალკეში" გადაწყდა?
გერმანულ პრესაში 16 დეკემბერს გავრცელებული ცნობების თანახმად, ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ "შალკეს" თომას შააფს ჩააბარებენ. ჩვენი გერმანელი კოლეგების ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ გელზენკირხენულმა კლუბმა კვირას "ფრაიბურგი" 2:0 დაამარცხა, კლუბის ხელმძღვანელები იენს კელერის დატოვებას მაინც არ აპირებენ და შააფის დანიშვნაზე შეთანხმდნენ.

ლამი: გამაგებინეთ ბოლოს და ბოლოს
გერმანიის ნაკრების კაპიტანმა ფილიპ ლამმა ჟურნალ "შპიგელისთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ყველაზე გვიან, მაისში სურს იმის გაგება, სად ათამაშებს ბუნდესმწვრთნელი იოახიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონატზე - მარჯვენა მცველად თუ საყრდენ ნახევარმცველად.

"ჩემთვის ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას ის, რომ თუ საჭირო იქნება, გერმანიის ნაკრებშიც საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე ვითამაშო. იმედი მაქვს, რომ გერმანიის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, ანუ დაახლოებით მაისის დასაწყისში, უკვე მეცოდინება, რომელ პოზიციაზე გეგმავს ლიოვი ჩემს გამწესებას,
" - უთხრა ლამმა "შპიგელს".

XVI ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)
ბენალიო (ვოლფსბურგი)
იუნგი (აინტრახტი), ნილსონი (ნიურნბერგი), ნოვესკი (მაინცი), როდრიგესი (ვოლფსბურგი)
ჩიგერჩი (ჰერტა), ნ. შაჰინი (დორტმუნდი)
ჰანი (აუგსბურგი), კროოსი (ბაიერნი), დიეგო (ვოლფსბურგი)
რამოსი (ჰერტა)

XVI ტურის გმირი
დიეგო ბენალიო (ვოლფსბურგი)

"ვოლფსბურგის" მეკარე დიეგო ბენალიოს ბევრი ლაპარაკი არ უყვარს. არც მაშინ, როცა განსაკუთრებით კარგად თამაშობს ხოლმე. მასზე ამჯერადაც სხვებმა ილაპარაკეს - მაგალითად, მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა კრისტიან გენტნერმა (2009-ში "ვოლფსბურგში" ერთად გახდნენ ჩემპიონები). "დიეგომ გოლი მომპარა!" - თქვა გენტნერმა. არა მარტო მას, "ვოლფსბურგისა" და "შტუტგარტის" შეხვედრაში, რომელიც "მგლებმა" 3:1 მოიგეს, ბენალიომ არაერთი გოლი მოიპარა.

საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით

ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 13 2.09
2. არიენ რობენი ბაიერნი 12 2.19
3. მარკო როისი დორტმუნდი 16 2.43
4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 16 2.50
5. სიდნი სემი ბაიერნი 16 2.50
6. ტონი კროოსი ბაიერნი 16 2.54
7. ფილიპ ლამი ბაიერნი 14 2.58
8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 14 2.68
9. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 16 2.69
10. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 15 2.70

გოლს პლუს პასის რეიტინგი

ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 16 11 6 17
2. ფრანკ რიბერი ბაიერნი 13 6 9 15
3. მაქს კრუზე გლადბახი 16 8 6 14
4. ადრიან რამოსი ჰერტა 16 10 4 14
5. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 16 9 4 13
6. თომას მიულერი ბაიერნი 16 7 6 13
7. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 15 8 5 13
8. საბოლჩ ჰუსტი ჰანოვერი 14 6 6 12
9. ალექსანდრუ მაქსიმი შტუტგარტი 13 4 8 12
10. რაფაელი გლადბახი 16 8 4 12

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVI ტური: პეპის გეგმა ახალ წლამდე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული