შედეგად, დორტმუნდელები ცხრილში მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაც საფრთხის ქვეშ დგება. თქვენ წინაშეა გერმანიის ჩემპიონატის მე-17 ტურის შეჯამება.
ნეგატივები
- წააგო "ლევერკუზენმაც", თანაც, ბრემენში, რასაც ნამდვილად არავინ ელოდა. სამი ჰიიპიას გუნდის ნაქებმა თავდასხმამ ერთი გოლიც კი ვერ
- "ნიურნბერგმა" გამარჯვების მოპოვება ვერც მე-17 ტურში მოახერხა და ბუნდესლიგის ისტორიაში პირველი გუნდია, რომელმაც პირველი წრე მოგების გარეშე დაასრულა. "შალკესთან" 0:0-ის ანტიგმირი იოზიპ დრმიჩი გახლდათ, რომელმაც რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
- "შალკეს" ნიურნბერგში მწვრთნელიც აკლდა (იენს კელერი ავად გახლდათ) და ლიდერი კევინ-პრინს ბოატენგიც (ტრავმა) და რა გასაკვირია, რომ გელზენკირხენელებმა უკიდურესად დუნე ფეხბურთი ითამაშეს.
- "ჰანოვერის" მთავარ მწვრთნელ მირკო სლომკას არცთუ სახალისო შობა-ახალი წელი ელის. "ფრაიბურგთან" წაგების (1:2) შემდეგ "ჰანოვერი" პირველი გუნდია ბოლო 25 წელიწადში, რომელმაც პირველი წრე ისე დაასრულა, რომ სტუმრად ერთი ქულაც ვერ აიღო. 25 წლის წინათ ასეთივე შედეგი ფრანკფურტის "აინტრახტს" ჰქონდა.
- "მაინცთან" წაგებით (2:3) "ჰამბურგმა" ზედიზედ მესამე მარცხი იწვნია და ისევ ბედოვლათობის გზას დაადგა. თანაც, ჩრდილოელებს ახლა უკვე 38 გოლი აქვთ გაშვებული, რაც ამ დროისთვის ბუნდესლიგაში ("ჰოფენჰაიმთან" ერთად) ყველაზე მეტია.
- "ჰამბურგის" კრიზისის სახე მარჯვენა მცველი რინკონია. ვენესუელელი "მაინცთან" მოედნიდან გააძევეს - ჯერ მაინცელების საგოლე მომენტი ხელით (!) გააუვნებელყო, მერე კი ოკაზაკი მოცელა. შედეგი: ორი ყვითელი და, შესაბამისად, წითელი ბარათი.
პოზიტივები
- ბევრს არ სჯეროდა, რომ ბერლინის "ჰერტა" დორტმუნდში მოიგებდა, მაგრამ მოიგო და გაირკვა, რომ ლევან კობიაშვილი ტყუილად არ იმუქრებოდა, დორტმუნდიდან სამი ქულა უნდა წავიღოთო. ლევანმა 90 წუთი ითამაშა და თანაც, დაცვის ცენტრში და ბერლინელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეული იყო სამი ალაგუისთან ერთად, რომელმაც ჯერ ადრიან რამოსს გაატანინა, მერე გოლი თვითონაც შეაგდო და მატჩის გმირი გახდა.
- ამრიგად, "ჰერტამ" ზედიზედ მესამე თამაში მოიგო მიმდინარე სეზონში, უკვე რვა გამარჯვება აქვს მოპოვებული და ელიტაში ახლახან დაბრუნებული გუნდი ცხრილში მეექვსე ადგილზე დამკვიდრდა, რაც ბერლინული კლუბისთვის ძალიან კარგი შედეგია. მაგრამ ჩანს, რომ "ჰერტას" მეტიც შეუძლია.
- ფრანკფურტელ ფანებს მიმდინარე სეზონის პირველ წრეში საზეიმო ბევრი არაფერი ჰქონდათ, რადგან "აინტრახტმა" ვერც ერთი საშინაო თამაში ვერ მოიგო, მაგრამ "აუგსბურგთან" მატჩისას (1:1) განსაკუთრებით კარგ ხასიათზე იყვნენ, რადგან ვეტერანი ოკა ნიკოლოვი გააცილეს.
- "გლადბახის" ლიდერმა რაფაელმა "ვოლფსბურგთან" (2:2) ულამაზესი გოლი გაიტანა და მიონხენგლადბახელები ცხრილში მესამე ადგილზე გადაიყვანა. "ბაიერნთან" ერთად, "გლადბახი" ერთადერთი კლუბია ბუნდესლიგაში, რომელმაც პირველ წრეში საკუთარ კედლებში ერთი თამაშიც კი არ წააგო.
- მიონხენგლადბახში მოპოვებული ქულით ვოლფსბურგელებმა წაუგებელი სერია 9 მატჩამდე გაზარდეს და მეხუთე ადგილი შეინარჩუნეს. ცნობისათვის, "ვოლფსბურგს" 17 ტურში 30 ქულა აქამდე არასდროს დაუგროვებია - არც მაშინ, როცა ფელიქს მაგათის ხელმძღვანელობით გერმანიის ჩემპიონი გახდა.
- ადმირ მეჰმედიმ "ფრაიბურგს" "ჰანოვერთან" 2:1 მოაგებინა (დუბლი) და ეს "ფრაისთვის" პირველი საშინაო გამარჯვებაა ამ სეზონში და ზედიზედ ხუთი ოფიციალური შეხვედრის წაგების შემდეგ. ბრაისგაუელებმა თვალებში გამოიხედეს.
- სასიცოცხლო მნიშვნელობის გამარჯვება იზეიმა "ბრაუნშვაიგმაც" - 1:0 "ჰოფენჰაიმთან".
- "მაინცმა" ჰამბურგში თამაში რომ შეატრიალა (3:2), ეს, პირველ რიგში, შინჯი ოკაზაკის დამსახურება გახლდათ, რომელმაც სამივე გოლში მთავარი როლი შეასრულა - ორი თავად გაიტანა, ერთიც ნიკოლაი მიულერს გაატანინა. აღსანიშნავია, რომ ეს ამ სეზონში იაპონელის მესამე დუბლია.
XVII ტურის სიმბოლური ნაკრები ლელოს ვერსიით
(4-2-3-1)
XVII ტურის გმირი
ზაფხულში, კონფედერაციათა თასის გათამაშების დღეებში "მაინცის" მთავარი მწვრთნელი თომას ტუხელი კლუბის მენეჯერ კრისტიან ჰაიდელს ყოველდღე ერთსა და იმავე ტექსტურ შეტყობინებას უგზავნიდა: "მიყიდეთ შინჯი ოკაზაკი!" მწვრთნელი შიშობდა, რომ იაპონელს სხვა, უფრო მდიდარი კლუბებიც შეამჩნევდნენ და "მაინცში" აღარ გადავიდოდა. მოგვიანებით, იაპონიის ნაკრების ფეხბურთელმა "მაინცთან" კონტრაქტი გააფორმა და ტუხელმაც მშვიდად ამოისუნთქა - დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მაგრად ითამაშებს და ბევრ გოლსაც გაიტანსო. გასულ უქმეებზე, "ჰამბურგთან" იაპონელმა დუბლი შეასრულა და 16 მატჩში 8 გოლი აქვს გატანილი.
საუკეთესო ფეხბურთელები
"კიკერის" შეფასებების მიხედვით
ფეხბურთელი კლუბი თამაში საშუალო შეფასება
1. ფრანკ რიბერი ბაიერნი 13 2.09
2. არიენ რობენი ბაიერნი 12 2.19
3. სიდნი სემი ლევერკუზენი 13 2.50
4. ბერნდ ლენო ლევერკუზენი 17 2.53
5. ტონი კროოსი ბაიერნი 16 2.54
6. ფილიპ ლამი ბაიერნი 14 2.58
7. მარკო როისი დორტმუნდი 17 2.59
8. რომან ვაიდენფელერი დორტმუნდი 15 2.67
9. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გლადბახი 17 2.71
10. კევინ ფოლანდი ჰოფენჰაიმი 16 2.75
გოლს პლუს პასის რეიტინგი
ფეხბურთელი კლუბი თამაში გოლი პასი ქულა
1. რობერტ ლევანდოვსკი დორტმუნდი 17 11 6 17
2. მაქს კრუზე გლადბახი 17 8 7 15
3. ადრიან რამოსი ჰერტა 17 11 4 15
4. ფრანკ რიბერი ბაიერნი 13 6 9 15
5. შტეფან კისლინგი ლევერკუზენი 17 9 4 13
6. თომას მიულერი ბაიერნი 16 7 6 13
7. რაფაელი გლადბახი 17 9 4 13
8. მარკო როისი დორტმუნდი 17 8 5 13
9. რობერტო ფირმინო ჰოფენჰაიმი 16 8 5 13
10. რაფაელ ვან დერ ვაარტი ჰამბურგი 14 7 6 13
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
გერმანია. ბუნდესლიგა. XVII ტური: კიდევ კარგი, ზამთარია [VIDEO]