არიენ რობენი: "დორტმუნდის" კარში გატანილი გოლი სიკვდილამდე მემახსოვრება

AutoSharing Option
"ბაიერნის" ჰოლანდიელმა ვარსკვლავმა არიენ რობენმა გაზეთ "ზუდდოიჩე ცაითუნგისთვის" მიცემულ ინტერვიუში 2013 წელი შეაჯამა და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ რეკორდმაისტერთან ახალი კონტრაქტის გაფორმება უნდა. 29 წლის გარემარბმა ჩემპიონთა ლიგის 2012 და 2013 წლების ფინალებიც გაიხსენა და "ბაიერნის" ქომაგებიც გააკრიტიკა.

"ბაიერნში" ყველამ კარგად იცის, ვინ ვარ და რა შემიძლია, მე კი ვიცი, რა არის "ბაიერნი". ვგრძნობ, რომ ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაშს კიდევ მინიმუმ სამი წელი შევძლებ,"
- აცხადებს რობენი და ადასტურებს, რომ რეკორდმაისტერის ხელმძღვანელებისგან ახალი კონტრაქტის შესახებ კონკრეტული შეთავაზება არ მიუღია, თუმცა:

"მუხლის ტრავმა რომ მივიღე, კლუბის ვიცე-პრეზიდენტმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ იმ საღამოსვე დამირეკა, გამოჯანმრთელება მისურვა და მითხრა, სულ მალე მომავალზე კონკრეტულად დაგელაპარაკებითო. ისე მესაუბრებოდა, რომ ეჭვი არ მეპარება, ახალი კონტრაქტის გაფორმებას მალე შემომთავაზებენ."

ჰოლანდიელი გარემარბის კარიერაში 2013 წელი ყველანაირად წარმატებული იყო, თავად არიენს კი ყველაზე მეტად ის ახარებს, რომ წელს ტრავმებმა ძველებურად აღარ გატანჯეს:

"ბევრისგან მოვისმინე და ბევრგან წავიკითხე მოსაზრებები იმის შესახებ, რომ იდეალურ ფორმაში ვარ და რომ 2013 წელი საუკეთესოა ჩემს კარიერაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ სამი წლის წინ უკეთეს ფორმაში ვიყავი. უბრალოდ, 2013 წელს უფრო გამოვჩნდი, რადგან დიდი ხანი გავძელი ტრავმის გარეშე, სამი წლის წინათ კი ყოველ ორ თვეში ერთხელ ტრავმას ვიღებდი.
"

რობენმა ჩემპიონთა ლიგის ფინალიც გაიხსენა: "დორტმუნდელთა კარში გატანილი ბურთი სიკვდილამდე მემახსოვრება. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, ის ბურთი რომ ვერ გამეტანა? ყველა იტყოდა, რობენმა "ბაიერნთან" ერთად სამი და ჰოლანდიის ნაკრებთან ერთად ერთი ფინალი წააგოო, რაც ჩემს კარიერას დაღს დაასვამდა. ტიტულებმა კი ყველაფერი გამოასწორა. როცა ფინალში ვაიდენფელერთან პირისპირ გავედი, პირველად გავიფიქრე, უნდა გავცდე-მეთქი და მარცხნივ წავედი, მაგრამ რომანი მოძრაობაში წამომყვა და მეც გეგმა შევცვალე. ამიტომაც აღარ გამომივიდა ძლიერი დარტყმა, თუმცა გოლი მაინც ძალიან ლამაზი გამოვიდა - ბურთმა კარის ხაზი ნელა გადაკვეთა. ამ გოლს ვეღარავინ წამართმევს!"

არიენი არ მალავს, რომ სიცოცხლის ბოლომდე ემახსოვრება "ბაიერნის" ქომაგების ნეგატიური რეაქციაც, რამაც 2012 წლის ფინალში გული ძალიან ატკინა: "მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც ასე ვფიქრობ:

ნამდვილი გულშემატკივარი თავისი გუნდის ფეხბურთელს ასე არასდროს მოექცევა. ფანების მაშინდელმა რეაქციამ წნეხის ქვეშ მომაქცია და მას მერე არაერთხელ შევამჩნიე საკუთარ თავს ის, რომ რისკზე წასვლა და დრიბლინგის წამოწყება მიჭირდა, ვეღარ ვრისკავდი და არიენ რობენი, რომელიც დრიბლინგს ვერ რისკავს, არიენ რობენი აღარაა.
"

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული