ფრედი ბობიჩი: "შტუტგარტი" მილიონების დახარჯვას გეგმავს

AutoSharing Option
"შტუტგარტი" იდეაში ამბიციური კლუბია, რომელიც ახლო წარსულში გერმანიის ჩემპიონიც იყო, მაგრამ აგერ, უკვე რამდენიმე წელია, რაც შვაბები საშუალო დონეზე თამაშობენ და ასე ვთქვათ, არც იქით არიან და არც აქეთ.

თუმცა, როგორც ჩანს, "შტუტგარტის" ხელმძღვანელებმა ამ ხნის განმავლობაში გარკვეული თანხის დაგროვება მოახერხეს, რადგან გავრცელებული ცნობების თანახმად, "მერსედესის" მშობლიური ქალაქის გუნდი იანვრის სატრანსფერო ბაზარზე მნიშვნელოვნად გააქტიურებას და ახალ ფეხბურთელებში მილიონების დახარჯვას გეგმავს. ეს ინფორმაცია თავად კლუბის სპორტულმა დირექტორმა ფრედი ბობიჩმა დაადასტურა.

"უკვე შერჩეული გვყავს რამდენიმე ფეხბურთელი და მოლაპარაკებებსაც მალე დავიწყებთ. თამამად ვიტყვი,
რომ ერთ მართლა კარგ ფეხბურთელში 6-7 მილიონი ევროს გადახდა თავისუფლად შეგვიძლია, ოღონდ ასეთ თანხას მხოლოდ იმ შემთხვევაში გადავიხდით, თუ ფეხბურთელი მართლა მაღალი დონის იქნება,
" - აცხადებს 41 წლის ბობიჩი "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ "შტუტგარტს" ახალ მოთამაშეებში ფულის ხარჯვა 2012 წლის შემდეგ, ფაქტობრივად, შეწყვეტილი ჰქონდა, რადგან შარშან გუნდმა ეკონომიკური წელი 10-მილიონიანი მინუსით დაასრულა. როგორც ირკვევა, კლუბის ახალმა პრეზიდენტმა ბერნდ ვალერმა "შტუტგარტი" ფინანსურად ფეხზე წამოაყენა.

ბობიჩის თქმით, ერთი ან ორი ხეირიანი ტრანსფერი იანვარშივე განხორციელდება, ზაფხულში კი დამატებით გაძლიერება იგეგმება, ოღონდ ეს უკვე იმაზეა დამოკიდებული, თუ რომელ ადგილზე დაასრულებენ შვაბები ამ სეზონს.

"ფული გოლებს ვერ გაიტანს, მაგრამ ფულით წარმატებისკენ მისასვლელი გზის გაადვილება შეიძლება,
" - დასძენს ბობიჩი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული