მათიას ზამერი: "ბაიერნში" ყველაფერი იდეალურად გავთვალეთ!

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნის" წარმატებები და ევროპის უძლიერეს კლუბად ჩამოყალიბება ბევრი ადამიანის გვარს უკავშირდება.

გუნდის ლიდერებს, ყოფილ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს, ამჟამინდელ თავკაც ხოსეპ გვარდიოლას, პრეზიდენტ ული ჰიონესს, ვიცე-პრეზიდენტ კარლ-ჰაინც რუმენიგეს... სპორტული დირექტორი მათიას ზამერი კი რატომღაც ხშირად ავიწყდებათ ხოლმე.

ალბათ იმიტომ, რომ ზამერი მხოლოდ მაშინ ჩანს, როცა "ბაიერნს" სადმე უჭირს; ზეიმის დროს კი თითქმის ყოველთვის დამალულია.

არადა, 46 წლის ზამერს "რეკორდმაისტერის" გრანდიოზულ წარმატებებში უდიდესი წვლილი მიუძღვის და ამას მასზე ზემდგომი ბოსები, ჰიონესი და რუმენიგეც ყოველთვის ხაზგასმით აღნიშნავენ. ზამერი ის კაცია, ვინც "ბაიერნის"
განვითარების კონცეფციას ასრულებს და მისი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა "რეკორდმაისტერში" ყველასათვის სიფხიზლის შენარჩუნებაა.

"ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში მათიას ზამერი, ძირითადად, რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერზე საუბრობს, მაგრამ საბოლოო ჯამში, "ბაიერნის" კონცეფციას განმარტავს.

ეს ინტერვიუ მხოლოდ "ბაიერნის" ან ზოგადად, ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის როდია საინტერესო...

- ჰერ ზამერ, მიუნხენის "ბაიერნმა" ისევ დაიწყო წარმატების ძველი ფორმულის გამოყენება - ბუნდესლიგაში უმთავრეს კონკურენტ "ბორუსიას" ძალიან მოკლე პერიოდში უკვე მეორე ლიდერს ართმევთ. ასეთი მიდგომის გამო "ბაიერნს" ადრე ხშირად აკრიტიკებდნენ ხოლმე და ხომ არ შიშობთ, რომ მარიო გიოტცეს შემდეგ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერიც გახდება კრიტიკის მიზეზი?
- ჩვენი მიზანი წარმატებების მიღწევა და სტაბილურობაა. არ მესმის, რატომ უნდა გვაკრიტიკონ იმის გამო, რომ კონკურენტს ვასუსტებთ? თუ კონკურენტი არ დაასუსტე, როგორ აჯობებ? ეს ისე, თორემ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერში ჩვენი მიზანი "დორტმუნდის" დასუსტება კი არა, "ბაიერნის" გაძლიერებაა. იმის ნაცვლად, რომ თქვან, "ბაიერნის" ხელმძღვანელები თავის საქმეს კარგად აკეთებენო, კრიტიკა უნდა დავიმსახუროთ?

ლევანდოვსკის ტრანსფერით ხომ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო თავდამსხმელს გადმოვიბირებთ?! მე მგონია, რომ ამის გამო ქებას და პატივისცემას უფრო ვიმსახურებთ, ვიდრე კრიტიკას.

- რისი გაკეთება შეუძლია "ბაიერნს" 2014 წელს 2013 წელზე უკეთესად?
- მორჩა, 2013 თავებიდან უნდა ამოვიგდოთ. წინა სეზონში შესრულებული ჰეთ თრიქი ახლა უკვე მხოლოდ კარგი გასახსენებელი ამბავი და ისტორიის საკუთრებაა.

- წინა სეზონის თავიდან ამოგდება და მით უმეტეს, დავიწყება ადვილი არ იქნება...
- გასაგებია. არც ვამბობ, ადვილი იქნება-მეთქი, რადგან გერმანულმა კლუბმა პირველად ჩაატარა ასეთი გრანდიოზული და ტიტულებით დახუნძლული სეზონი. 2014 წელს "ბაიერნის" მიზანი ისაა, რომ მინიმუმ ისევე ვიმუშაოთ, როგორც 2013-ში ვიმუშავეთ.

- ჯერჯერობით ისეთი მდგომარეობაა, რომ ამ სეზონს შარშანდელზე უკეთესიც კი ეთქმის, რადგან "ბაიერნს" გერმანიის ჩემპიონატში ახლა იმაზე მეტი ქულა აქვს, ვიდრე შარშან ამ დროს ჰქონდა. წინა სეზონშიც რეკორდს რეკორდზე ამყარებდით და ახლაც ასეა. შესაბამისად, უკვე დაიწყო სჯა-ბაასი იმის თაობაზე, რომ ბუნდესლიგა ისევ მოსაწყენი გახდა.
- ვისაც რა უნდა, ის თქვას, ჩვენ კი ამ დისკუსიებში მონაწილეობას არ მივიღებთ. მე მხოლოდ ის მაინტერესებს, რას და როგორ აკეთებს "ბაიერნი". ჩვენ ჩვენი მიზნები გვაქვს და ამ მიზნების მისაღწევად ყველაფერს გავაკეთებთ, არჩეული გზიდან არ გადავუხვევთ. ჩვენი მიზანმიმართულება სამაგალითოა და ამას ყველა აღიარებს.

ფხიზლად უნდა ვიყოთ. მარტო იმიტომ, რომ ვიღაცებმა არ თქვან, ბუნდესლიგა მოსაწყენიაო, გერმანიის ჩემპიონობაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყვით. ჩემი აზრით, ხანმოკლე მოწყენილობა სჯობს, რადგან ასე კონკურენტებიც უფრო გაძლიერდებიან და მერე ევროსარბიელზეც გაცილებით უკეთ იასპარეზებენ.

- ფხიზლად უნდა იყოს მარიო მანჯუკიჩიც, რომელიც ლევანდოვსკის გადმოსვლის შემდეგ უკვე მართლა უმძიმესი წნეხის ქვეშ მოექცევა...
- მარიომ ძალიან კარგად იცის, რომ ვენდობით და ვაფასებთ. ჩვენ მის შესაძლებლობებში ეჭვი ოდნავადაც არ გვეპარება. ცხადია, რომ ლევანდოვსკის ტრანსფერი მას კიდევ უფრო დაწნეხავს და ამიტომაც ვაპირებთ ახლო მომავალში მანჯუკიჩთან საუბარს.

- ჰო, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ მანჯუკიჩს ხასიათი წაუხდება და წასვლა მოუნდება?
- დავაკონკრეტებ: ჩვენ, "ბაიერნის" ხელმძღვანელები მანჯუკიჩის გაშვებაზე არც კი ვფიქრობთ. მან, ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელმა, უნდა გაიგოს, რომ კონკურენცია საჭირო და აუცილებელია.

ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ "ბაიერნში" ვინმე თვითკმაყოფილი იყოს - თვითკმაყოფილება დამღუპველია. წინა სეზონში ყველა ტიტული მოვიგეთ და ახლა რა უნდა ვქნათ? ამით დავკმაყოფილდეთ, გუნდი აღარ გავაძლიეროთ და დაველოდოთ იმ დროს, როცა დავსუსტდებით, სადმე კისერს წავიტეხთ და მერე ამაზე პანიკური რეაქცია უნდა გვქონდეს? არავითარ შემთხვევაში!

ამთავითვე ვზრუნავთ იმაზე, რომ გუნდი არ დასუსტდეს და ეს მხოლოდ გაძლიერებაში გამოიხატება. ჩვენ პერსპექტიულად უნდა ვიფიქროთ და მუდმივი პროგრესი უნდა გვქონდეს. წინასწარ უნდა დავიბევოთ წარმატება! სწორედ ამიტომ ვახორციელებთ ტრანსფერებს.

გახსოვთ გიოტცეს ტრანსფერის შემდგომი პერიოდი? გაიხსენეთ: ყველა ამბობდა, ტონი კროოსს ხასიათი წაუხდება და "ბაიერნიდან" წასვლა მოუწევსო. წავიდა კი არა, კროოსი "ბაიერნის" ერთ-ერთი უმთავრესი ფიგურაა და არც მარიო გიოტცეა უკმაყოფილო.

ერთი სიტყვით, ჩვენ ყველაფერი იდეალურად გვაქვს გათვლილი. პრობლემა არ არსებობს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული