ხოსეპ გვარდიოლას ლუქს-პრობლემა: ხავი მარტინესი

AutoSharing Option
"ბაიერნის" ესპანელი ნახევარმცველი ხავი მარტინესი როჟერინიო კოუტინიოს ნაღდად ვერ დაივიწყებს სწრაფად და იოლად. იმიტომ, რომ ქუვეითური კლუბის ყველასათვის უცნობმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარტინესი ორშაბათს რამდენჯერმე გააბითურა.

არადა, ბავარიულმა გრანდმა ის თამაში, არც მეტი, არც ნაკლები, 8:0 მოიგო. თავად მარტინესი ორიენტაციადაკარგული იყო, თითქმის ყველა საკვანძო ეპიზოდში დაბნეული ჩანდა.

მომხდარი 25 წლის ესპანელი ფეხბურთელის ზოგად მდგომარეობასაც ნათლად ასახავს, რადგან კითხვაზე, სად უნდა ითამაშოს 40 მილიონ ევროდ შეძენილმა მარტინესმა, ამომწურავად თავად "ბაიერნის" დამრიგებელი ხოსეპ გვარდიოლაც ვერ პასუხობს.

42 წლის პეპი მოსამზადებელი შეკრების 12 თამაშში
ფილიპ ლამს უმეტესად ნახევარდაცვაში ათამაშებდა. შესაბამისად, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გვარდიოლა თავისი 30 წლის კაპიტნის ადგილს სეზონის მეორე ნახევარშიც შუა ხაზში უფრო ხედავს, ვიდრე დაცვაში.

გვარდიოლა ლამს სწორედ იმ პოზიციაზე ათამაშებს, სადაც მარტინესი იუპ ჰაინკესის დროს ასპარეზობდა.

ამასთან, ნიშანდობლივია ისიც, რომ გვარდიოლა მარტინესს, ძირითადად, ცენტრალური მცველის პოზიციაზე ავარჯიშებს ხოლმე, თუმცა სეზონის პირველ ნახევარში "ბაიერნის" დაცვის ცენტრს ჟერომ ბოატენგი და დანტე შესანიშნავად ამაგრებდნენ და ნაკლებად სავარაუდოა, რომ პეპმა რომელიმე მათგანი ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდოს.

გამოდის, რომ გვარდიოლა 40-მილიონიან მარტინესს ამ ეტაპზე უფრო სარეზერვო, როტაციისთვის გამოსადეგ მოთამაშედ მიიჩნევს.

"პირველ წრეში მარტინესს ძალიან ბევრი პრობლემა ჰქონდა,
" - აცხადებს გვარდიოლა და პრობლემებში, რა თქმა უნდა, ტრავმებს, ოპერაციას და იძულებით პაუზას გულისხმობს.

პეპის განმარტება მარტინესთან დაკავშირებით ასეთია:

"ხავის ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში - დაცვის ცენტრშიც და საყრდენ ნახევარმცველადაც. შესაბამისად, სადაც დამჭირდება, იქ ვათამაშებ. რაც შეეხება სასტარტო შემადგენლობაში თამაშს - ამის გარანტია "ბაიერნში", ორი-სამი ფეხბურთელის გარდა, თითქმის არავის აქვს."


თვითონ ესპანელი ფეხბურთელი უაღრესად მოტივირებულია და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად ბრძოლას ბოლომდე აპირებს:

"ვითამაშებ იქ, სადაც მწვრთნელი გამამწესებს. გვარდიოლამ ყველაზე კარგად იცის, სად უფრო მაღალი იქნება ჩემი მარგი ქმედების კოეფიციენტი კონკრეტულ მომენტში. ჩემთვის პრობლემა არც ისაა, რომ ხან ერთ პოზიციაზე ვითამაშო, ხანაც მეორეზე.

საერთო ჯამში, ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციები ერთმანეთს ძალიან ჰგავს და შესაბამისად, ჩემთვის ერთიდან მეორეზე გადასვლა პრობლემატური არ იქნება,
" - უთხრა მარტინესმა "მიუნხენერ თაგესცაითუნგს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ხოსეპ გვარდიოლას პირველი ბალანსი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული