მწვრთნელები. ბუნდესლიგა: პეპი "ბარსელონადან"

AutoSharing Option
რიგით 51-ე ბუნდესლიგა ის ტურნირია, სადაც სამწვრთნელო ცვლილებები თითზე ჩამოსათვლელად ცოტაა - გერმანულმა კლუბებმა სეზონის მიმდინარეობისას მხოლოდ 4 მწვრთნელი მოხსნეს.

ზაფხული: მჯობნის მჯობნი
სეზონთაშორის პერიოდში მწვრთნელი მხოლოდ ორ გუნდს შეეცვალა, თუმცა ცვლილება სამ გუნდს შეეხო. როგორ? "ლევერკუზენს" ფინელ სამი ჰიიპიასთან ერთად საშა ლევანდოვსკიც თავკაცობდა. ზაფხულში ლევანდოვსკი გადადგა, გზა მეწყვილეს დაუთმო.

გასული სეზონის მიწურულს ბრემენის "ვერდერიდან" თომას შააფი წავიდა, რომელმაც მთელი ეპოქა შექმნა გუნდში, 14 წელიწადი უთავკაცა. შააფის ნაცვლად მუსიკოსები რობინ დუტმა 27 მაისს, ანუ სეზონის დასრულების მერე ჩაიბა
რა.

მთავარი კი, რა თქმა უნდა, საოცარი ჰეთ თრიქის ავტორის, იუპ ჰაინკესის პენსიაში გასვლა იყო, რომელმაც ადგილი ხოსეპ გვარდიოლას დაუთმო.

პეპმა ერთი წელი დაისვენა და საყვარელ საქმეს ახლა ბავარიაში შეუდგა. ძნელად თუ ვინმე წარმოიდგენდა, რომ ჰაინკესის გუნდს კიდევ უფრო უკეთ თამაში შეეძლო, თუმცა ახლა ძალიან ბევრი მიიჩნევს, რომ ეს "ბაიერნი" ჰაინკესისაზე ბევრად ძლიერია.

17 ტურის შემდეგ "ბაიერნი" 44 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, უსწრებს მთელი 7 ქულით "ლევერკუზენს" - ერთადერთ მდევარს და თანაც, მასზე ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული! პეპის გუნდს არ წაუგია და მხოლოდ 8 გოლი აქვს გაშვებული. რეკორდმაისტერი ისე აკონტროლებს ბურთს, როგორც ამას პეპის "ბარსა" აკეთებდა და ეს მას უკეთ გამოსდის, ვიდრე ტატა მარტინოს "ბარსას".

ტოპ-5 ლიგებში პირველი მწვრთნელი, რომელიც სეზონის მიმდინარეობისას მოხსნეს, ბუნდესლიგაზე მოდის - 26 აგვისტოს (!) "შტუტგარტმა" ბრუნო ლაბადიას კარისკენ მიუთითა და მის ნაცვლად თომას შნაიდერი დანიშნა. ჩემპიონატი მხოლოდ 17 დღის დაწყებული იყო! დღეს "შტუტგარტი" 19 ქულით მე-10 ადგილზეა.

შემოდგომა: ჰოლანდიური მატებები
სექტემბრის შუაში კიდევ ერთი თავი დაგორდა სამწვრთნელო კუნძიდან - "ჰამბურგში" ტორსტენ ფინკი ყელში ამოუვიდათ და იმ დროისთვის მე-15 ადგილზე მყოფი ჩრდილოელების გუნდი ბერტ ვან მარვეიკმა ჩაიბარა. მოუხდა თუ არა ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცი გუნდს? ძნელი სათქმელია - "ჰამბურგი" დიდად წინ არ წაწეულა.

ოქტომბერში სამსახური დაკარგა "ნიურნბერგის" ბოსმა მიხაელ ვიზინგერმა. მის ნაცვლადაც ჰოლანდიელი მივიდა - გერტიან ვერბეეკი. ამის შემდეგ "ნიურნბერგი" კიდევ უფრო დაბლა ჩაეშვა და არ არის გამორიცხული, კლუბმა კიდევ ერთხელ შეცვალოს მწვრთნელი.

ზამთარი: ტაიფუნი და სიმშვიდე
წლის ბოლოს "ჰანოვერმა" მირკო სლომკა გაუშვა და ეს ზამთარში ჯერჯერობით ერთადერთი სამწვრთნელო ცვლილებაა ბუნდესლიგაში. მოხსნის მომენტში სლომკას გუნდი მე-13 ადგილზე იყო (მას მერე ტური არც ყოფილა). ახლა "ჰანოვერს" მეორე ეტაპისთვის თურქი სპეციალისტი ტაიფუნ კორკუტი ამზადებს.

კლუბები, რომელთაც სეზონის წინ შეცვალეს მწვრთნელები:
2 - "ვერდერი", "ბაიერნი"

კლუბები, რომელთაც სეზონში შეცვალეს მწვრთნელები:
4 - "ჰამბურგი", "ჰანოვერი","ნიურნბერგი", "შტუტგარტი"

მწვრთნელები, რომელთაც მოხსნა ემუქრებათ
გერტიან ვერბეეკი ("ნიურნბერგი", მე-17 ადგილი), კრისტიან შტრაიხი ("ფრაიბურგი", მე-16 ადგილი), იენს კელერი ("შალკე", მე-7 ადგილი)

მწვრთნელები, რომელთაც თავი ქუდში აქვთ:
ხოსეპ გვარდიოლა ("ბაიერნი", 1-ელი ადგილი), იურგენ კლოპი ("დორტმუნდი", მე-4 ადგილი), სამი ჰიიპია ("ლევერკუზენი", მე-2 ადგილი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
სერია A. მწვრთნელები: მესამე ექსპერიმენტმა გაამართლა
ლა ლიგა. მწვრთნელები: ახლები და პრიმერა
განახევრებული ქარავანი: როდის დადგება მოიესის განკითხვის დღე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული