სერია A. მწვრთნელები: მესამე ექსპერიმენტმა გაამართლა

AutoSharing Option
მწვრთნელის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე უმადური რამაა, მიუხედავად იმისა, რომ მაღალანაზღაურებადია და ალბათ, მუდმივ სტრესში ყოფნაც უღირთ ამ პროფესიით დაკავებულ ადამიანებს. თუმცა იტალიაში ამას კიდევ ერთი უცნაურობა ემატება. რომელი? ამაზე ქვემოთ...

ზაფხული: Veni Rudi Vici
იტალიურ ფეხბურთში სეზონისწინა სამწვრთნელო გადაადგილებებიც ირწმუნებოდა, რომ ბევრი რამ შეიცვლებოდა "კალჩოში". საერთო ჯამში, 6 კლუბს გამოეცვალა თავკაცი ზაფხულში, აქედან სამ გრანდს - "რომაში" დროებითი თავკაცის, აურელიო ანდრეაცოლის ნაცვლად ფრანგი რუდი გარსია მივიდა და ვგონებ, "მგლებს" ახალი ერა დაეწყოთ. გარსიას გუნდი ბრწყინავს. განსაკუთრებით ეს პირველ ეტაპზე ითქმის.
შემდეგ "იუვენტუსმა" გაასწრო რომაულ კლუბს, თუმცა აღსანიშნავია, რომ "იუვე" უბრალოდ ობიექტურად ძლიერია კონკურენტზე. "რომამ" კი ახლახან შური იტალიის თასზე იძია. მოკლედ, "რომა" მყარი მეორეა და კლუბის ამერიკელ მფლობელთა მესამე ექსპერიმენტმა (ლუის ენრიკესა და ზდენეკ ზემანის შემდეგ) აშკარად გაამართლა.

52 წლის სპეციალისტმა ვალტერ მაცარიმ "ნაპოლი" დატოვა და "ინტერში" გადაბარგდა, თუმცა ფაქტია, "ინტერში" ის ისეთი წარმატებული ვერ არის, როგორც სამხრეთ იტალიაში იყო. მართალია, მილანური კლუბი მეხუთეა, მაგრამ ლიგის საგზურის მომტან მე-3 ადგილამდე უკვე ძალიან ბევრი ქულა (11) აშორებს.

რაც ყველაზე საინტერესოა, ეს მე-3 ადგილი სწორედ "ნაპოლის" უკავია, სადაც მაცარის ნაცვლად ესპანელი რაფა ბენიტესი მივიდა. ესპანელის გუნდმა, ედინსონ კავანის წასვლის მიუხედავად, ისეთი რიხით დაიწყო, ბევრმა სკუდეტოსთვის ბრძოლის სერიოზულ კანდიდატად ჩათვალა. ეს მოსაზრება საბოლოოდ არ გამართლდა, თუმცა არც რაფას "ნაპოლია" ჯაბანი; უბრალოდ, სტაბილურობა აკლია, თორემ შესანიშნავი გუნდია.

სხვა სამი ცვლილება სეზონთაშორის პერიოდში ასეთი იყო: "კიევო" შეუთანხმდა ეუგენიო კორინის და შინ გაუშვა, მის ნაცვლად კი ჯუზეპე სანინო მიიწვია; "ჯენოამ" დავიდე ბალარდინი ფაბიო ლივერანით შეცვალა; "კალიარიში" ივო პულგას ნაცვლად ურუგვაელი დიეგო ლოპესი მივიდა.

შემოდგომა: ჯეკპოტი
პირველი მწვრთნელი სწორედ "ჯენოამ" მოხსნა - გენუურ კლუბში წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა ფაბიო ლივერანიმ ("ლაციო", "ფიორენტინა", "პალერმო") ადგილი ჯანპიერო გასპერინის დაუთმო. ცვლილებამ აშკარად გაამართლა - "ჯენოა" ვარსკვლავებს არ წყვეტს, მაგრამ სტაბილურად ცხრილის შუა ნაწილშია.

მწვრთნელის გაგდების პრაქტიკა სიცილიურმა "კატანიამ" აიტაცა - როლანდო მარანი მოხსნეს და მის ნაცვლად ლუიჯი დე კანიო მიიწვიეს.

"ჯენოას" არ ჩამორჩა თანაქალაქელი "სამპდორია" და დელიო როსი ძალიან ცუდი შედეგებისთვის (მე-18 ადგილი) დაითხოვა. მის ნაცვლად "სამპა" სინიშა მიხაილოვიჩმა ჩაიბარა - ლიგურიულმა კლუბმა ამ ცვლილებით ჯეკ პოტი მოიგო! "სამპდორია" 23 ქულით მე-13 ადგილზეა და რაც მთავარია, გაცილებით უკეთ თამაშობს, ვიდრე როსის ხელში თამაშობდა.

"კიევოში" სეზონის წინ დანიშნულმა სანინომ ნოემბრამდე გაძლო თანამდებობაზე, შემდეგ "მფრინავ ვირებს" თავკაცი შეუცვალეს - კორინი უკან დააბრუნეს! ასეთ უცნაურ პრაქტიკას სხვა ქვეყნებში იშვიათად შეხვდებით, იტალიაში კი ხშირია.

ზამთარი: ბლიცკრიგი

2014 წლამდე მეტი ცვლილება არ ყოფილა, იანვარში კი "ეპიდემიამ" იფეთქა - 10 დღეში უკვე 5 მწვრთნელი მოხსნეს. ვლადიმირ პეტკოვიჩს ჯერ ხეირიანად არ ეთქვა ფრაზა - მუნდიალის მერე შვეიცარიის ნაკრებში ვინიშნებიო, რომ "ლაციოს" ხელმძღვანელებმა (რომლებიც ისედაც აღრენილები იყვნენ ბოსნიელ სპეციალისტზე) ის გაანთავისუფლეს. "ლაციოში" ედუარდო რეია დააბრუნეს. დასკვნების გაკეთება ჯერ შეუძლებელია, ამ ცვლილებიდან ხომ ორი კვირაც არ გასულა.

"ბოლონიამ" სტეფანო პიოლი გაუშვა და სეზონის წინ "ჯენოადან" გაშვებული ბალარდინი მიიწვია.

13 იანვარს კი ყველა იტალიური გაზეთის ყდას კლარენს ზეედორფის ფოტო ამშვენებდა - დიახ, ზე "მილანში" დაბრუნდა - 37 წლის ფეხბურთელს ბრაზილიაში შეუთვალეს, ბუცები ლურსმანზე ჩამოაკიდებინეს, მილანის თვითმფრინავის ბილეთი აუღეს და მასიმო ალეგრის ნაცვლად დანიშნეს. ალეგრის "მილანის" თამაშს კრიზისი აღარ ეთქმოდა, გუნდი მე-11 ადგილზე იყო (ახლაც იქაა) და ცვლილება საჭირო იყო, თუმცა... ალეგრიმ "მილანში" 3 სეზონი ჩაამთავრა: ერთხელ გუნდი გააჩემპიონა, მეორეზე და ერთხელ მესამე ადგილებზეც გაიყვანა. მგონი, არცთუ ცუდი შედეგია.

ალეგრის მოხსნის ამბავმა გადაფარა "ლივორნოდან" დავიდე ნიკოლას გაგდების ამბავი. არადა, "ლივორნოს" ხელმძღვანელობამ მალე საოცრება ჩაიდინა - დანიშნა ატილიო პეროტი, ერთი თამაში აცალა და... მოხსნა. ახლა "ლივორნოს" დომენიკო დი კარლო წვრთნის. საინტერესოა, რამდენი ტურით...

დაბოლოს, "კატანიას" სეზონში 1 ცვლილება არ ეყო - ჩემპიონატის მაჩანჩალამ დე კანიოც მოხსნა და მარანი დანიშნა, ის მარანი, რომელიც 20 ოქტომბერს მოხსნა...

კლუბები, რომელთაც სეზონის წინ შეცვალეს მწვრთნელები:
6 - "ნაპოლი", "ინტერი", "კიევო", "ჯენოა", "კალიარი", "რომა"

კლუბები, რომელთაც სეზონში შეცვალეს მწვრთნელები:
8 - "ჯენოა", "კატანია", "სამპდორია", "კიევო", "ლაციო", "ბოლონია", "მილანი", "ლივორნო"

მწვრთნელები, რომელთაც მოხსნა ემუქრებათ:
ფრანჩესკო გვიდოლინი ("უდინეზე", მე-15 ადგილი), როლანდო მარანი ("კატანია", მე-20 ადგილი), ვალტერ მაცარი ("ინტერი", მე-5 ადგილი)

მწვრთნელები, რომელთაც თავი ქუდში აქვთ:
ანტონიო კონტე ("იუვენტუსი", 1-ელი ადგილი), რუდი გარსია ("რომა", მე-2 ადგილი), ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინა", მე-4 ადგილი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული