ესპანელი სპეციალისტის გუნდს სტუმრად რთული შეხვედრა გამოუვიდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მაინც მოიპოვა - 2:1.
აღსანიშნავია, რომ "მერსედეს-ბენც-არენაზე" გამართული მატჩის პირველი ტაიმის შემდეგ მიუნხენელები აგებდნენ. ვედად იბიშევიჩმა "შტუტგარტი" 29-ე წუთზე წინ გაიყვანა. სტუმრებმა გათანაბრება მხოლოდ 76-ე წუთზე, კლაუდიო პისაროს გოლით შეძლეს, 3 ქულის მომტანი კი ტიაგო ალკანტარას გარჯა აღმოჩნდა, რომელმაც მსაჯის მიერ დამატებულ დროში გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
ამით "ბაიერნის" გამარჯვებათა სერია ბუნდესლიგაში
10 მატჩამდე გაიზარდა. გვარდიოლას გუნდი სატურნირო ცხრილში უახლოეს მდევარ "ბაიერს" 13 ქულით უსწრებს.
"კარგი თამაში ვაჩვენეთ და ეს პირველ ტაიმზეც ითქმის. უბრალოდ, იოლი არაა, მუდმივად შეინარჩუნო მაღალი კონცენტრაცია. მთავარი ისაა, რომ მდევრებთან სხვაობა გავზარდეთ და ბედნიერები ვართ", - თქვა გვარდიოლამ.