გერმანია. ბუნდესლიგა. XIX ტური: "ბაიერნს" უკვე წინასწარ ნებდებიან! [VIDEO]

AutoSharing Option
მიუნხენის "ბაიერნი" ვერც ფრანკფურტის "აინტრახტმა" შეაჩერა. მეტიც: ფრანკფურტელთა დამრიგებელ არმინ ფეეს რეკორდმაისტერთან კაპიტულაცია, ფაქტობრივად, მატჩის დაწყებამდევე ჰქონდა გამოცხადებული:

მან ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელები, სამბრანო და როდე სათადარიგოთა სკამზე დატოვა - ყვითლების მიღების შემთხვევაში ორივე დისკვალიფიკაციას მიიღებდა. აღარც 5:0 გაჰკვირვებია ვინმეს და არც ის, რომ მიუნხენურმა გრანდმა ბუნდესლიგაში ზედიზედ 44-ე მატჩი არ წააგო.

ხოსეპ გვარდიოლამ ტონი კროოსი სათადარიგოთა სკამზე დატოვა. არადა, მანამდე პეპმა ტონი ზედიზედ შვიდ თამაშში სასტარტოში ათამაშა. ჩვენი გერმანელი კოლეგების აზრით, ეს გვარდიოლას პასუხია იმაზე, რაც კროოსმა წინა მატჩში ჩაიდინა:
მან შეცვლის დროს ხელთათმანები უშნოდ მოისროლა. ამასთან, არ წყდება სპეკულაციები იმის შესახებ, რომ კროოსის მიუნხენიდან წასვლა თითქმის გადაწყვეტილია.

ამბობენ, ტონი ახალი კონტრაქტის სანაცვლოდ ძალიან მაღალ ხელფასს ითხოვსო, "ბაიერნის" ბოსებმა კი მასთან მოლაპარაკებები შეაჩერეს. ამავდროულად, ინგლისური პრესის ინფორმაციით, მანჩესტერული გრანდები, "სიტი" და "იუნაიტედი" მზად არიან, მიუნხენურ კლუბს კროოსში 30 მილიონი გადაუხადონ.

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანიის ჩემპიონატის მე-19 ტურის მთავარი თემა "ჰამბურგის" ბედოვლათობა გახდა. მდიდარი ისტორიის მქონე ჩრდილოგერმანულმა კლუბმა, რომელიც ერთადერთია ბუნდესლიგის ისტორიაში, რომელიც ყოველთვის ელიტაში თამაშობდა, "ჰოფენჰაიმთან" 0:3 წააგო და მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების რეალური საფრთხის წინაშე დადგა.

"ჰამბურგი" ბოლო დროს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და ქაოტური გუნდია და ახლო წარსულშიც არაერთხელ ემუქრებოდა ელიტიდან გავარდნის საფრთხე, მაგრამ ის ასეთი უსუსური არასდროს ყოფილა. ჩვენი გერმანელი კოლეგები უკვე თამამად წერენ, რომ "ჰამბურგს" ბუნდესლიგაში ყველაზე ზარმაცი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს.

წინა ტურში "შალკესთან" განცდილი კრახის შემდეგ ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ბერტ ვან მარვეიკმა შეგირდებს ორი დღით დასვენების საშუალება მისცა, თავად კი სამშობლოში გაემგზავრა - ასევე დასასვენებლად. მისი ლოგიკით, კლუბის პრობლემები ნამეტანი ვარჯიშების ბრალი იყო. თუმცა გუნდს ამანაც ვერ უშველა და "შალკესთან" 0:3-ს "ჰოფენჰაიმთან" 0:3 მოჰყვა.

ვან მარვეიკის ლოგიკას თუ მივყვებით, მისმა გუნდმა ახლა ხუთშაბათამდე უნდა დაისვენოს. პარასკევს და შაბათს ბუნდესლიგაში 12-მა კლუბმა ითამაშა და მათგან ყველაზე გამოფიტული სწორედ "ჰამბურგი" გახლდათ: "ჰოფენჰაიმთან" ფეხბურთელებმა ჯამში 114.1 კილომეტრი ირბინეს, რაც ყველაზე უარესი და თავად "ჰოფენჰაიმის" ჯამურ მაჩვენებელზე 9 კილომეტრით ნაკლებია. მომდევნო შაბათს "ჰამბურგი" "ჰერტას" ხვდება. იმედია, მოთამაშეებს გასახდელიდან მოედნამდე გასავლელი მანძილი ზედმეტად გრძელი არ მოეჩვენებათ და მატჩიც როგორმე შედგება...

"ჰამბურგის" ხელმძღვანელებმა კი უკვე მართლა აღარ იციან, რა მოიმოქმედონ. ისევ მწვრთნელი გაუშვან? შესაძლოა, ეს ვან მარვეიკს გაუხარდეს კიდეც. ფეხბურთელები გაუშვან და ახალგაზრდებით იბრძოლონ? ასე გუნდი ნამდვილად გავარდება. ფაქტი ის არის, რომ "ჰამბურგში" განგაშის დროა. იმიტომ, რომ პირველი მეტ-ნაკლებად რეალური საგოლე მომენტი მხოლოდ 72-ე წუთზეღა შექმნეს. კარში ზუსტი დარტყმების რაოდენობა გაინტერესებთ? ნული! ფანები? მათი მოთმინების ფიალა უკვე დიდი ხანია, აივსო. ზედიზედ ხუთი მარცხის შემდეგ ბუნდესლიგის უკანასკნელი დინო მე-16 ადგილზე რჩება, "ჰოფენჰაიმი" კი ამ მოგებით ცოტათი ზემოთ აძვრა.

"ჰამბურგის" ლიდერმა და კაპიტანმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა მატჩის შემდეგ ხმა აიმაღლა, კატასტროფულ მდგომარეობაში ვართო, მაგრამ საქმე ისაა, რომ თვითონ ვან დერ ვაარტიც კატასტროფულად თამაშობს...

"დორტმუნდი" კრიზისიდან გამოდის?
ტური "დორტმუნდის" გამარჯვებით დაიწყო - 4-მატჩიანი მოუგებელი სერიის შემდეგ "ბორუსიამ" ნავსი ბრაუნშვაიგში გატეხა, მატჩის გმირი კი პიერ-ემერიკ ობამეიანგი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. დორტმუნდელ ფანებს გერმანიის ჩემპიონობაზე ხელი უკვე ჩაქნეული აქვთ და ამდენად, ბრაუნშვაიგში მოპოვებულ სამ ქულაზე მეტად ის გაუხარდათ, რომ დაცვის ბურჯი მატს ჰუმელსი 9-კვირიანი იძულებითი პაუზის შემდეგ მოედანზე დაბრუნდა და პირველივე შეხვედრა კარგად ჩაატარა.

ჰუმელსის გამოჯანმრთელებამ იურგენ კლოპს სულზე მიუსწრო - 10 თამაშია, დორტმუნდელებს საკუთარი კარი მშრალად არ შეუნახავთ.

როგორც იქნა: კისლინგმა გაიტანა!
კრიზისიდან გამოვიდა "ლევერკუზენის" გოლეადორი შტეფან კისლინგი, რომელმაც "შტუტგარტთან" 409-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა. შვაბები "ბაი-არენაზე" ლაიტნერის გოლით იგებდნენ და ანგარიში სწორედ შტეფანმა გაათანაბრა (მე-10 გოლი ამ სეზონში), გამარჯვების გოლი კი ერენ დერდიოკის ანგარიშზეა. კისლინგს მანამდე ზედიზედ ოთხ შეხვედრაში ვერ გაჰქონდა და რომელ გუნდთან უნდა დაესრულებინა ნეგატიური სვლა, თუ არა "შტუტგარტთან", რომლის წინააღმდეგაც 17 შეხვედრაში 14 გოლი (!) აქვს გატანილი?

გარდა ამისა, კისლინგმა ერთი საინტერესო რეკორდიც დაამყარა: შტეფანმა საკუთარ მოედანზე ზედიზედ მეშვიდე შეხვედრაში დალაშქრა ერთი და იმავე გუნდის კარი - "შტუტგარტი" კისლინგის საყვარელი მეტოქეა.

აქამდე ეს რეკორდი ისეთ ლეგენდარულ გერმანელ ფორვარდებს ეკუთვნოდათ, როგორებიც გერდ მიულერი (გლადბახთან) და კლაუს ფიშერი (შტუტგარტთან) იყვნენ. საერთო ჯამში კი, კისლინგს ბუნდესლიგაში 121 გოლი დაუგროვდა, როთაც ისეთ ლეგენდებს გაუთანაბრდა, როგორებიც ლოთარ მათეუსი და მიროსლავ კლოზე არიან.

"შალკე" - მეოთხეზე, "აუგსბურგი" აღარ ხუმრობს
ამრიგად, "ლევერკუზენმა" "დორტმუნდთან" 4-ქულიანი უპირატესობა შეინარჩუნა. "ბორუსიას" ფეხდაფეხ მისდევს "შალკეც": გელზენკირხენულმა კლუბმა "ვოლფსბურგთან" უპრინციპულესი დუელი მოიგო (2:1) და ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაზე სერიოზული განაცხადი გააკეთა.

"შალკე" თავიდან ფელიპე სანტანას გოლით იგებდა, მაგრამ 50-ე წუთიდან ათი კაცით დარჩენილმა "მგლებმა" (კალიჯური გააძევეს) წონასწორობის აღდგენა მოახერხეს."შალკემ" მაინც მოიგო, ეს კევინ-პრინს ბოატენგის დამსახურებაა. გამარჯვებით "შალკე" მე-4 ადგილზე აღზევდა და უკან მოიტოვა "გლადბახი", რომელიც შაბათს ჰანოვერში დამარცხდა. ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ "ჰანოვერის" ახალი თავკაცი ტაიფუნი "ჯერ კიდევ კარგად გვის", მიონხენგლადბახელებს კი მცირე კრიზისი აქვთ.

ამასობაში, "აუგსბურგი" სენსაციურ სლალომს აგრძელებს. შვაბებმა ამ უქმეებზე "ვერდერი" 3:1 დაამარცხეს და უკვე 7-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვთ, რაც "აუგსბურგის" ისტორიაში პირველი შემთხვევაა. თუმცა ამ გამარჯვებაში აუგსბურგელებს თავად ბრემენელებიც მშვენივრად მიეხმარნენ - გარსიამ წითელი ბარათი "აიკიდა", მესამე გოლი კი ბრემენელთა მეკარე ვოლფის სინდისზეა. ამრიგად, "აუგსბურგს" ევროპალიგაზე მოხვედრის ისტორიული შანსი გაუჩნდა.

ბუნდესლიგა. XIX ტური

ბრაუნშვაიგი-დორტმუნდი 1:2
გოლები: 0:1 ობამეიანგი (31), 1:1 კესელი (54), 1:2 ობამეიანგი (65)
ბრაუნშვაიგი (4-2-2-1-1): დავარი - კესელი, ბიჩაქჩიჩი, დოგანი, რაიხელი - თოიერკაუფი, ბოლანდი (78. პფიტცნერი) - ელაბდელაუი (73. კუმბელა), ჰოხშაიდტი - ნილსენი - ადემი (67. ბელარაბი).
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი (84. პიშჩეკი), სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - ნ. შაჰინი, ს. ბენდერი (90. კელი) - ობამეიანგი, მხითარიანი (93. დუკში), როისი - ლევანდოვსკი.
გაფრთხილება: მხითარიანი
კუთხური: 7-8; ჯარიმა: 18-17; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16(5)-20(6); ბურთის ფლობა: 45%-55%.
მაყურებელი: 23 325

შალკე-ვოლფსბურგი 2:1
გოლები: 1:0 ფელიპე სანტანა (9), 1:1 არნოლდი (65), 2:1 კ. ბოატენგი (81)
შალკე (4-2-3-1): ფერმანი - ჰიოვედესი, მატიპი, ფელიპე სანტანა, კოლასინაცი (84. ჰუგლანდი) - კ. ბოატენგი (87. აიჰანი), ნოიშტედტერი - ფარფანი, მ. მაიერი, ობასი (60. გორეტცკა) - ჰუნტელაარი.
ვოლფსბურგი (4-2-3-1): ბენალიო - ოხსი, ნალდო, კნოხე (87. ევსეევი), როდრიგესი - არნოლდი (89. ტრეში), ლუის გუსტავო - დ. კალიჯური, დე ბრუინი, პერიშიჩი - ოლიჩი (59. დოსტი).
გაფრთხილება: ობასი, ნოიშტედტერი, კოლასინაცი - ნალდო, დე ბრუინი, ოხსი
გაძევება: დ. კალიჯური (50. ვოლფსბურგი)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 16-14; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 13(6)-10(6); ბურთის ფლობა: 49%-51%.
მაყურებელი: 61 142

ლევერკუზენი-შტუტგარტი 2:1
გოლები: 0:1 ლაიტნერი (12), 1:1 კისლინგი (26), 2:1 დერდიოკი (84)
ლევერკუზენი (4-1-2-2-1): ლენო - ჰილბერტი, თოფრაქი, სპაჰიჩი, ჩანი - რაინარტცი (46. სემი) - ლ. ბენდერი, როლფესი - კასტრო, სონი (75. დერდიოკი) - კისლინგი (90. ვოლშაიდი).
შტუტგარტი (4-2-2-2): ულრაიხი - გ. საკაი, შვააბი, რიუდიგესი, რაუში - რ. ხედირა (89. კაკაუ), ლაიტნერი - ჰარნიკი (62. მაქსიმი), ტი. ვერნერი (79. ტრაორე) - იბიშევიჩი, აბდელაუ.
გაფრთხილება: სპაჰიჩი, დერდიოკი - რ. ხედირა, ლაიტნერი
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 17-16; თამაშგარე: 5-1; კარში დარტყმა: 11(5)-10(3); ბურთის ფლობა: 62%-38%.
მაყურებელი: 28 714

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 3:0
გოლები: 1:0 რობერტო ფირმინო (4), 2:0 ზიულე (44), 3:0 ბეკი (60)
ჰოფენჰაიმი (4-2-3-1): კასტეელსი - შტრობლი, აბრაამი, ზიულე, ბეკი - პოლანსკი, რუდი (90. ვესტერგაარდი) - ფოლანდი, ჰერდლინგი (87. ელიუნუსი), სალიჰოვიჩი (85. ჰამადი) - რობერტო ფირმინო.
ჰამბურგი (4-2-3-1): დრობნი - დიკმაიერი, თაა, ვესტერმანი, ლამი - ბადელი, ბუი (73. არსლანი) - ჯონი (57. ილიჩევიჩი), ვან დერ ვაარტი, ჩალჰანოღლუ - ზუა.
გაფრთხილება: ბადელი
კუთხური: 7-5; ჯარიმა: 26-14; თამაშგარე: 8-2; კარში დარტყმა: 14(7)-7(0); ბურთის ფლობა: 33%-67%.
მაყურებელი: 25 603

მაინცი-ფრაიბურგი 2:0
გოლები: 1:0 პარკი (24), 2:0 კოო (86)
მაინცი (4-2-3-1): კარიუსი - პოსპეხი, ბელი, ნოვესკი, ჟუნიორ დიასი (90. ბუნგერტი) - გაისი, პარკი - მორიტცი (75. კოხი), მალი (58. კოო), ჩუპო-მოტინგი - ოკაზაკი.
ფრაიბურგი (3-5-2): ბაუმანი - მუიჯა, ჰიონი, ზორგი - შმიდი, ფერნანდესი (71. ჰანკე), გინტერი, შუსტერი (46. კოკელინი), პილარი (46. კლაუსი) - მეჰმედი, დარიდა.
გაფრთხილება: ნოვესკი, ბელი - შუსტერი, მუიჯა
კუთხური: 5-5; ჯარიმა: 10-28; თამაშგარე: 2-0; კარში დარტყმა: 13(5)-6(1); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 27 247

აუგსბურგი-ვერდერი 3:1
გოლები:L0:1 კალსენ-ბრაკერი (3-საკ. კარში), 1:1 ტო. ვერნერი (11), 2:1 ჰალილ ალთინთოფი (49), 3:1 ჰანი (55)
აუგსბურგი (4-1-4-1): მანინგერი - ვერჰეგი, კალსენ-ბრაკერი, კლავანი, ოსტრცოლეკი - ბაიერი - ჰანი, ფოგტი, ჰალილ ალთინთოფი (87. კორი), ტო. ვერნერი (78. ესვაინი) - მილიკი (69. ჟი).
ვერდერი (4-2-3-1): ვოლფი - გებრე სელასიე, პრიოდლი, კალდიროლა, გარსია - მაკიადი, ფ. კროოსი (46. ბარგფრედე) - ელია, იუნუზოვიჩი, დი სანტო (69. კობილანსკი) - პეტერსენი (46. შმიტცი).
გაფრთხილება: კორი - ფ. კროოსი, დი სანტო, კალდიროლა
გაძევება: გარსია (45+2. ვერდერი)
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 11-20; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 20(5)-4(0); ბურთის ფლობა: 71%-29%.
მაყურებელი: 28 313

ჰანოვერი-გლადბახი 3:1
გოლები: 1:0 რუდნევსი (57), 2:0 მ. დიუფი (82), 2:1 მლაპა (84), 3:1 მ. დიუფი (90)
ჰანოვერი (4-2-2-2): ცილერი - რაიტორალი, მარსელო, ჰოფმანი, კ. შულცი - შმიდებახი, შტინდლი - ჰუსტი (87. ანდრეასენი), ბიტენკური (92. პოკონიოლი) - რუდნევსი (89. შლაუდრაფი), მ. დიუფი.
გლადბახი (4-2-2-1-1): ტერ შტეგენი - კორბი, იანჩკე, შტრანცლი, ვენდტი - ჯაკა (81. მლაპა), კრამერი - ჰერმანი (74. იუნესი), არანგო (64. ჰრგოტა) - რაფაელი - მ. კრუზე.
გაფრთხილება: ჰუსტი - კორბი, ჯაკა
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 9-14; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 16(6)-12(6); ბურთის ფლობა: 35%-65%.
მაყურებელი: 47 000

ჰერტა-ნიურნბერგი 1:3
გოლები: 1:0 რამოსი (4), 1:1 ფოილნერი (20), 1:2 დრმიჩი (68), 1:3 დრმიჩი (94-პენ)
ჰერტა (4-2-3-1): კრაფტი - მ. ნდიენგი, ს. ლანგკამპი, ლუსტენბერგერი, ვან დერ ბერგი (23. პეკარიკი) - ჰოსოგაი (77. ვაგნერი), სკიელბრედი - ალაგუი, რონი, ნ. შულცი (71. მუხტარი) - რამოსი.
ნიურნბერგი (4-2-3-1): რ. შეფერი - ჩენდლერი, პეტრაკი, პინოლა, პლატენჰარდტი - ფრანტცი, ფოილნერი - დრმიჩი, კიოტაკე (82. გებჰარდტი), ჰლუშეკი - გინჩეკი.
გაფრთხილება: ვან დერ ბერგი, რონი, ლუსტენბერგერი - ფრანტცი, ფოილნერი, გებჰარტი
კუთხური: 3-3; ჯარიმა: 17-25; თამაშგარე: 1-2; კარში დარტყმა: 13(4)-11(4); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 37 438

ბაიერნი-აინტრახტი 5:0
გოლები: 1:0 გიოტცე (12), 2:0 რიბერი (44), 3:0 რობენი (67), 4:0 დანტე (69), 5:0 მანჯუკიჩი (89)
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - რაფინია, ჟ. ბოატენგი, დანტე, ალაბა (75. კონტენტო) - ლამი, ტიაგო ალკანტარა - შაჩირი (65. რობენი), გიოტცე (75. პისარო), რიბერი - მანჯუკიჩი.
აინტრახტი (4-3-1-2): ტრაპი (77. ვიდვალდი) - ს. იუნგი, მადლუნგი, რუსი, ჯაპკა - ბარნეტა (62. აიგნერი), შვეგლერი (65. ვაისი), ფლუმი - როზენტალი - ა. მაიერი, ხოსელუ.
გაფრთხილება: 0-0; კუთხური: 12-2; ჯარიმა: 16-12; თამაშგარე: 0-6; კარში დარტყმა: 25(14)-9(3); ბურთის ფლობა: 73%-27%.
მაყურებელი: 71 000

ბომბარდირები: 12 - ადრიან რამოსი (ჰერტა); 11 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), რობერტ ლევანდოვსკი (დორტმუნდი), მარიო მანჯუკიჩი (ბაიერნი); 10 - იოზიპ დრმიჩი (ნიურნბერგი), ვედად იბიშევიჩი (შტუტგარტი), შტეფან კისლინგი (ლევერკუზენი); 9 - პიერ-მიშელ ლასოგა (ჰამბურგი), შინჯი ოკაზაკი (მაინცი), რაფაელი (გლადბახი), რობერტო ფირმინო (ჰოფენჰაიმი).

მომდევნო ტური
7 თებერვალი.
გლადბახი-ლევერკუზენი.

8 თებერვალი.
ვოლფსბურგი-მაინცი, ვერდერი-დორტმუნდი, ნიურნბერგი-ბაიერნი, ფრაიბურგი-ჰოფენჰაიმი, აინტრახტი-ბრაუნშვაიგი, ჰამბურგი-ჰერტა.

9 თებერვალი.
შტუტგარტი-აუგსბურგი, შალკე-ჰანოვერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული