და ეს ყველაფერი, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის ჩემპიონატის მორიგი კალენდარული მატჩი რეკორდმაისტერმა 5:0 მოიგო და ბუნდესლიგაში 44-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს.
ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა კი პეპისთვის ახალი მეტსახელის შერქმევა გადაწყვიტეს: "ბილდმა" გვარდიოლას "ფეხბურთის აინშტაინი" უწოდა.
ხსენებული გამოცემა წერს, რომ ესპანელმა სპეციალისტმა ისეთ ფორმულას მიაგნო, რომელიც წაგებას გამორიცხავს. "ბილდი" წერს, რომ ეს ფორმულა ასე გამოიყურება: 365:51 + 1,79 + (66% X
დავიწყოთ 365-ით: სწორედ ამდენჯერ დაარტყეს "ბაიერნის" ფეხბურთელებმა მიმდინარე სეზონში მეტოქე გუნდების კარის მიმართულებით და აქვე დავძენთ, რომ ბაიერნელებზე მეტი დარტყმა სხვა არც ერთი გერმანული კლუბის მოთამაშეებს არ განუხორციელებიათ.
მეორე რიცხვი 51-ია - სწორედ ამდენი გოლი გაიტანა "ბაიერნმა" ბუნდესლიგის განვლილ 19 ტურში და ესეც საუკეთესო მაჩვენებელია.
მიუხედავად ამისა, გვარდიოლა მაინც არაა ბოლომდე კმაყოფილი და კიდევ უფრო მეტ გოლს ითხოვს. მარტო მარიო მანჯუკიჩს 11 გოლი აქვს გატანილი და მიუხედავად ამისა, ხორვატ გოლეადორს ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არ აქვს. მეტიც: მანჯუკიჩი მეორე წრის სტარტზე პეპმა განაცხადს მიღმაც კი დატოვა.
მას მერე, რაც "ბაიერნში" მუშაობს, აშკარად გამოჩნდა, რომ გვარდიოლას დაბალი და მოქნილი ფეხბურთელები უფრო უყვარს, ვიდრე მაღლები და, შესაბამისად, ტლანქები. რეკორდმაისტერის ძირითად შემადგენლობაში მოთამაშე ფეხბურთელთა საშუალო სიმაღლე 1.79 მეტრია.
ჯერდან შაჩირი (1.69 მეტრი) თვით ფილიპ ლამსა და ფრანკ რიბერიზე (1.70 მ) დაბალია. აღსანიშნავია ისიც, რომ მეორე წრის ორივე ტურში "ბაიერნს", საშუალოდ, ყველა გუნდზე დაბალი მოთამაშეები ჰყავდა მოედანზე.
გვარდიოლა ნახევარდაცვაში უპირატესობას მოძრავ, მოქნილ და ტექნიკურად სრულყოფილ მოთამაშეებს ანიჭებს. ამ სეზონში "ბაიერნის" საშუალო ბურთის ფლობა 66 პროცენტია, რაც ასევე ტოპ-შედეგი გახლავთ; პასების სიზუსტის მაჩვენებელი კი 87 პროცენტია და ესეც საუკეთესო მაჩვენებელია.
"მიყვარს, როცა ვხედავ, რომ თამაშს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებთ", - აცხადებს გვარდიოლა. ამიტომაცაა, რომ პეპი შეგირდებს ვარჯიშებზეც კი მხოლოდ ერთი შეხებით თამაშს ავალებს.
იმისათვის, რომ "ბაიერნში" ტიკი-ტაკა უფრო იოლად დაენერგა, პეპმა მიუნხენში თანამემამულე ტიაგო ალკანტარა ჩაიყვანა და ესპანელმა "აინტრახტთან" შეხვედრაში ბუნდესლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა: ბურთს 177-ჯერ შეეხო.
ზოგადად კი, მიუნხენურ გრანდში პასების სიზუსტით ყველაზე მეტად კაპიტანი ლამი გამოირჩევა: მისი გადაცემების 91 პროცენტი ზუსტია.
კიდევ ერთი მაჩვენებელი, რომლითაც გვარდიოლას ფორმაციის რეკორდმაისტერი გამოირჩევა, სირბილია. "ბაიერნის" ფეხბურთელები მეტოქე გუნდების ნახევარზე ყველაზე მეტს, საშუალოდ ერთ თამაშში 65 კილომეტრს დარბიან.
პეპი: "ჩვენ მართლა ძალიან ბევრს დავრბივართ, თუმცა ეს მხოლოდ დასაწყისია".
საუკეთესო მორბენალი ფრანკ რიბერია, რომელიც საშუალოდ ერთ შეხვედრაში მეტოქე გუნდის ნახევარზე 8.1 კილომეტრს დარბის.
ამრიგად, გვარდიოლას წარმატების ფორმულა ასე გამოიყურება: 365:51 + 1,79 + (66% X 87%) + 65 = უძლეველობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"