გერმანიაში (და არამარტო იქ) ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ მიუნხენური გრანდის ასეთი დომინაცია და ის ფაქტი, რომ რეკორდმაისტერი, ფაქტობრივად, მანქანად გადაიქცა, მათიას ზამერის დამსახურებაა, რომელიც გუნდის სპორტული დირექტორი გახლავთ და "ბაიერნში" მოდუნების საშუალებას არავის აძლევს.
"ბილდში" 46 წლის ზამერის საინტერესო ინტერვიუ გამოქვეყნდა, სადაც მათიასი სხვადასხვა საინტერესო საკითხთან ერთად, სატრანსფერო და საკადრო გეგმებზეც საუბრობს.
- ჰერ ზამერ, ხომ არ შიშობთ, რომ მალე "ბაიერნის" ბუნდესლიგის მატჩებში მაყურებლებს
- არა მგონია. "ბაიერნი" პირველი ტურიდან თითქმის ყველა მატჩში დომინირებს და შეხვედრების უმრავლესობას დიდი ანგარიშით იგებს, მაგრამ ჯერ არ შემიმჩნევია, რომ ტრიბუნაზე ვინმე ამთქნარებდეს.
- გუნდი ყველა თამაშს იგებს და ჯერ კიდევ მეორე ადგილზე მყოფ "ლევერკუზენს" უკვე 19 ქულით უსწრებს...
- ჰო, მაგრამ "ბაიერნი" ჯერ კიდევ შორსაა სრულყოფილებისგან. შტუტგარტში, ნიურნბერგსა და ლონდონში ჩატარებულ შეხვედრებში იყო ფაზები, როცა ჩვენი გუნდის თამაში ძალიან არ მომეწონა. ყურადღებით უნდა ვიყოთ, ბუნდესლიგაში მოდუნება არ შეიძლება. მართალია, შესანიშნავი შედეგები გვაქვს, მაგრამ მატჩის დასაწყისში ხშირად გვიჭირს ხოლმე. შესაბამისად, ჩემ მიერ ჩამოთვლილ მატჩებში, შეიძლებოდა, ბევრი რამ სხვანაირად ყოფილიყო.
- გერმანიაში და ზოგადად, ევროპაში აღარ დარჩა ადამიანი, ვინც "ბაიერნის" სიძლიერეს არ აღიარებს...
- მე კი მგონია, რომ შეფასებები ხანდახან გადამეტებულია ხოლმე. ჩვენ მხოლოდ ჩვენს თამაშსა და ჩვენს შედეგებზე ვსაუბრობთ. სულაც არ გვჭირდება ის, რომ მთელმა მსოფლიომ ტაში დაგვიკრას. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, რომელიც ტიტულებისკენ მიდის და ჩვენი შრომის საუკეთესო დაფასება სწორედ ტიტულები იქნება. ისიც ვიცი და მესმის, რომ ყველას ნამდვილად არ ვესიმპათიურებით - რაც უფრო ძლიერი ხარ, მით მეტი მტერი გყავს. თუმცა ის კი მომწონს, რომ ყველგან პატივს გვცემენ.
- რაკი "ბაიერნმა" მარიო გიოტცეს შემდეგ რობერტ ლევანდოვსკის ტრანსფერიც გაჩარხა, დორტმუნდის "ბორუსიას" გენერალურმა მენეჯერმა ჰანს-იოახიმ ვატცკემ თქვა, მიუნხენელებს "დორტმუნდის" დაშლა უნდათო...
- როგორც მახსოვს, დორტმუნდელთა სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი სეზონის წინ ის იყო, რომ "ბაიერნზე" არ უნდა ესაუბრათ. როგორც ხედავთ, დაპირება დიდხანს ვერ შეასრულეს და მაინც ალაპარაკდნენ. ჩვენთვის არც ესაა პრობლემა, რადგან ვიცით, რომ თამაში ხანდახან მოედანს მიღმაც მიმდინარეობს. ჩვენთვის ესეც მისაღებია. თუმცა იმას კი ნამდვილად დიდ ყურადღებას ვაქცევთ, ვინ სცდება ჩარჩოებს და ვინ - არა.
- ვატცკეზე გაბრაზდით?
- მას ძალიან დიდი ხანია ვიცნობ. ჩემი აზრით, მის ამ განცხადებას მხოლოდ ერთი სტრატეგიული მიზანი აქვს: დორტმუნდელების მიზანი ხალხის "ბაიერნის" წინააღმდეგ ამხედრებაა - იმ ხალხის, ვინც არც "ბორუსიას" ქომაგობს და არც "ბაიერნს". სწორედ ასე ჩავინიშნე ვატცკეს ეგ განცხადება.
- თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ალბათ, ყველა გერმანელ ტოპ-ტალანტს "ბაიერნში" გადაიყვანდით...
- არა! რატომ ფიქრობთ, რომ "ბაიერნი" ყველა გერმანელ ტალანტზე ნადირობს? ჩვენ ყველასათვის გასაგები სტრატეგია გვაქვს: ვძლიერდებით ყოველთვის მაშინ და იმ პოზიციაზე, როცა ეს გვჭირდება. ამასთან, ჩვენი მიზანი "ბაიერნის" მიერ აღზრდილი ნიჭიერი ფეხბურთელების ვარსკვლავებად ფორმირებაცაა. ცხადია, რომ გერმანელი ტალანტები გვაინტერესებს, რადგან ისინი გერმანიის ნაკრების პოტენციური მოთამაშეები არიან. თანაც, გერმანიაში ბავშვთა ფეხბურთში ბევრი რამ გაკეთდა და წინის წინა ათწლეულთან შედარებით, ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ზოგადად კი, "ბაიერნს" ყველა კარგი და მართლა ნიჭიერი ფეხბურთელი აინტერესებს.
- გამორიცხავთ იმას, რომ "ბაიერნმა" ზაფხულში შალკელი იულიან დრაქსლერი იყიდოს?
- მნიშვნელობა არა აქვს, რომელ ნიჭიერ ფეხბურთელს ახსენებთ - არაფერს გამოვრიცხავ. ან რატომ უნდა გამოვრიცხო? არასდროს გამოვრიცხავ იმას, რაც "ბაიერნისთვის" კარგი იქნება.
- დრაქსლერის კონტრაქტში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც, მომავალ ზაფხულში მისმა მსურველმა "შალკეს" 45.5 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. თქვენი აზრით, დრაქსლერი ამდენი ღირს?
- მესმის ამ კითხვის შინაარსი, მაგრამ ახლა ეს არ არის აქტუალური თემა.
- სამაგიეროდ, უკვე აქტუალური თემაა ტონი კროოსი, რომელმაც "არსენალთან" გაიბრწყინა და დაამტკიცა, რომ შეუძლია, "ბაიერნისთვის" ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა იყოს. რა უშლის ხელს "ბაიერნს" კროოსთან ახალი ხელშეკრულების გაფორმებაში?
- ტონის ჩვენ ძალიან ვაფასებთ. ეს არაერთხელ გვითქვამს და როგორც ხედავთ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ.
- ძალიან ბევრს ითხოვს თუ "ბაიერნმა" გადაწყვიტა ფულის დაზოგვა?
- როცა მოლაპარაკებები მიმდინარეობს, მხარეები ერთმანეთს ენდობიან. სწორედ ამიტომ ვტოვებ ამ კითხვას უპასუხოდ.
- იქნებ ამ კითხვაზე მაინც გვიპასუხოთ: კროოსი გაისადაც "ბაიერნში" ითამაშებს?
- ტონის ჩვენთან კონტრაქტი 2015 წლამდე აქვს გაფორმებული და მანამდე არაფერი შეიცვლება. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ კროოსი მიუნხენში უფრო დიდხანს დარჩეს.
- 2015 წელს მთავრდება არიენ რობენის კონტრაქტიც. ჰოლანდიელს როდის გაუგრძელებთ?
- ეს ერთ მხარესაც ძალიან უნდა და მეორესაც, რაც იმას ნიშნავს, რომ რობენთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ და მხოლოდ დროის ამბავია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"