იურგენ კლოპი: უდიდესი შვება ვიგრძენი

AutoSharing Option
22 დარტყმა შეასრულა "დორტმუნდმა" "გლადბახთან" მატჩში, მაგრამ შეხვედრა კრისტოფ კრამერის მიერ 44 მეტრიდან გატანილი ავტოგოლით მოიგო.

იურგენ კლოპის წლევანდელ გუნდს ასე უწოდებენ - "ჩემპიონი გამოუყენებელი მომენტებით". 192 დარტყმა მეტოქეთა კარის მიმართულებით, მხოლოდ ყოველი 17 დარტყმა აღწევს მიზანს - უფრო უარესი საშუალო მაჩვენებელი აუტსაიდერ "ჰამბურგს" აქვს.

აი, ასეთი სავალალო სტატისტიკა აქვს შეტევაში იურგენ კლოპის გუნდს. დორტმუნდელთა მწვრთნელს მოუწევს ამ უცნაური კრიზისიდან გუნდის გამოყვანა, მაგრამ მანამდე ის კვირას მოპოვებული გამარჯვებით ხარობს...

- გაგვიზიარეთ შთაბეჭდილებები მატჩის შესახებ...
- ახლა ძალიან მიჭირს საჭირო სიტყვების
პოვნა იმის გადმოსაცემად, როგორი შვება ვიგრძენით საფინალო სასტვენის შემდეგ. გუნდმა არაჩვეულებრივი მატჩი ჩაატარა. პირველ ტაიმში სენსაციურ ფეხბურთს ვთამაშობდით, უამრავი საგოლე მომენტი შევქმენით და მთლიანად გამოვთიშეთ მეტოქე თამაშიდან.

მთელი მატჩის განმავლობაში ვამოწმებდით "გლადბახის" დაცვის საიმედოობას და... ავტოგოლის მეშვეობით გავიმარჯვეთ. ბევრი საგოლე მომენტი გავანიავეთ. და მაინც, ეს დაუჯერებელი გრძნობა იყო.

- მატჩის შემდეგ კრამერს მადლობა გადაუხადეთ თუ მისი დამშვიდება სცადეთ?
- ერთიც იყო და მეორეც. კრამერი შესანიშნავი ფეხბურთელია და ამ ავტოგოლმა ის არ უნდა გატეხოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამი ქულა და მან თავისი სახელი ჩაწერა ჩვენი კლუბის ისტორიაში.

- თქვენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, კლუბში არ იგრძნობოდა დაძაბული ატმოსფერო?
- ჩემი მხრიდან ცოტათი თავხედობა იყო ის, რომ ბუნდესლიგაში 6-7-კვირიანი ჩავარდნის მიუხედავად, სიმშვიდეს ვინარჩუნებდი და ვცდილობდი, მოთამაშეებისთვისაც მომეხსნა დაძაბულობა. ახლა მთელი წიგნი შემიძლია დავწერო იმაზე, თუ როგორ შევძელი ამის განხორციელება. ჩვენ ვმუშაობთ, ვიბრძვით, ბოლომდე ვიხარჯებით იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ.

ძალიან დაგვეხმარნენ კლუბის წარმომადგენლები. მინდა მადლობა გადავუხადო მიხაელ ცორკსა და ჰანს-იოახიმ ვატცკეს იმისთვის, რომ არ მისვამდნენ სულელურ შეკითხვებს და ერთხელაც არ შემოუხედავთ ჩემთვის ეჭვის თვალით მაშინაც კი, როცა ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ვიღებდი.

დღეს უჩვეულო მოვლენის მოწმენი გავხდით: ყველამ, ვინც სტადიონზე იმყოფებოდა, კარგად დაინახა, როგორ გვიჭერდნენ მხარს გულშემატკივრები, როგორ სჯეროდათ გუნდის, გაფუჭებული საგოლე მომენტების მიუხედავად. მათ კარგად გაართვეს თავი ამოცანას. ბოლოს და ბოლოს გავიმარჯვეთ. ყველანი ბედნიერები ვართ.

- რაში მდგომარეობდა "დორტმუნდის" პრობლემა? რა იყო ზედიზედ ხუთი წაგების მიზეზი?
- ჩვენ გვქონდა მომენტები, როცა საკუთარ თავს ვუსვამდით შეკითხვას: კიდევ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მოგება დავიწყოთ? 50 საგოლე მომენტი შევქმენით, მეტოქემ მხოლოდ ერთი.

და მაინც წავაგეთ. უნდა მივიღოთ ის ფაქტი, რომ მიზეზი თავად ვიყავით. პრობლემას ამწვავებდა ისიც, რომ მოთამაშეები, რომლებიც ტრავმების შემდეგ ბრუნდებოდნენ, დიდი სურვილის მიუხედავად, ფიზიკურად ვერ ახერხებდნენ კარგი თამაშის ჩვენებას. მაგრამ სიმშვიდეს ვინარჩუნებდით, ვაგრძელებდით მუშაობას. "გლადბახთან" შევძელით სწორი მიმართულებით პირველი ნაბიჯის გადადგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული