კლუბის პრეზიდენტი ბერნდ ვალერი გაგებითა და პატივისცემით მოეკიდა ფეს გადაწყვეტილებას. ამასთან, მან განაცხადა, რომ წაგებების სერიის მიუხედავად, კლუბს სურდა სპეციალისტთან თანამშრომლობის გაგრძელება.
"არმინ ფემ გუშინ გვაცნობა თავისი გადაწყვეტილების შესახებ, - ამბობს ვალერი. - მან გამოთქვა აზრი, რომ მწვრთნელის შეცვლა დაეხმარება გუნდს
თავის მხრივ, 54 წლის ფემ აღიარა, რომ ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება.
"რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან ეს კლუბი ძალიან ახლოს არის ჩემთან, - თქვა ფემ, რომელმაც 2006-07 წლების სეზონში "შტუტგარტი" ჩემპიონობამდე მიიყვანა. - მაგრამ უნდა გამეკეთებინა ის, რაც "შტუტგარტს" კრიზისიდან გამოსვლაში დაეხმარებოდა. მე ვარ პასუხისმგებელი შედეგზე. მადლობას ვუხდი კლუბის ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ასევე, მინდა მადლიერება გამოვხატო გულშემატკივრების მიმართ".
"შტუტგარტის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დიდი ხანი არ დარჩენილა ვაკანტური. კლუბის ხელმძღვანელობა მოელაპარაკა ჰოლანდიელ ჰუუბ სტევენსს, რომელიც დღეიდან შეუდგება მოვალეობების შესრულებას და პარასკევს უხელმძღვანელებს გუნდს "ფრაიბურგთან" მატჩში.
ეს სტევენსის მეორედ მისვლაა "შტუტგარტში". გასულ სეზონში, როცა გუნდს გავარდნის საფრთხე ემუქრებოდა, ჰოლანდიელი თომას შნაიდერის ნაცვლად მიიწვიეს და მან შეძლო კლუბის გადარჩენა, თუმცა მაისში დატოვა თანამდებობა და ამის შემდეგ დაინიშნა არმინ ფე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"