იურგენ კლოპი "ბორუსიაში" წმენდას იწყებს? სიის თავში მხითარიანია

AutoSharing Option
როგორც აღმოჩნდა, "ბორუსიას" დამრიგებელი იურგენ კლოპი სერიოზულად განიხილავს ჰენრიხ მხითარიანის გაყიდვის ვარიანტს. მწვრთნელს არ მოსწონს სომეხი ფეხბურთელის სათამაშო ფორმა.

წარმატებული შარშანდელი სეზონის შემდეგ ნახევარმცველს თითქმის აღარ გააქვს გოლები (ბუნდესლიგის ბოლო 10 ტურში ერთხელაც არ გამოუჩენია თავი) და ძალიან ცუდად მოქმედებს შეტევაში. თან ამას ემატება ხშირი ტრავმიანობა.

ასე რომ, არ არის გამორიცხული, სომეხმა ნახევარმცველმა "ლივერპულში" გააგრძელოს კარიერა. ამგვარ ხმებს ბრიტანული გამოცემა Daily Express-იც ავრცელებს.

ინგლისური კლუბი ფეხბურთელის მიმართ დაინტერესებას ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში გამოხატავდა, მაგრამ თავად მხითარიანმა "შახტარიდან" სწორედ "დორტმუნდში"
გადასვლა არჩია. ფულის მხრივ, ინგლისურ კლუბს ყველაფერი წესრიგში აქვს, ლუის სუარესის წასვლის შემდეგ კი "წითლების" შეტევითმა პოტენციალმა აშკარად მოიკლო.

რაც შეეხება "ბორუსიას", სავსებით მოსალოდნელია, რომ ზამთრის სატრანსფერო ბაზრისას კლუბში სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდეს. იურგენ კლოპს რთული ამოცანა აქვს გადასაწყვეტი - გერმანიის ვიცე-ჩემპიონი გათამაშების ცხრილის ბოლო ადგილიდან უნდა ამოიყვანოს. ამისთვის საჭიროა იმ ფეხბურთელების თავიდან მოცილება, რომლებიც არ ამართლებენ იმედებს.

და მხითარიანი ამ მომენტისთვის სწორედ ასეთი მოთამაშეების სიის თავშია.

როისის წასვლას უკვე შეეგუენ?
ამასობაში, ერთი საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა მარკო როისთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, "დორტმუნდის" მენეჯმენტი მზად არის, სხვა კლუბში გაუშვას თავისი ლიდერი.

ცნობილია, რომ მომავალი წლის ზაფხულში როისს შეუძლია "დორტმუნდი" სულ რაღაც 25 მილიონ ევროდ დატოვოს - სწორედ ეს თანხა არის მითითებული მის კონტრაქტში.

ბოლო დროს დაირხა ხმები "დორტმუნდსა" და "რეალს" შორის შეთანხმებაზე, თითქოს, მადრიდულ კლუბს ეკუთვნის ნახევარმცველის შეძენის პირველი უფლება. თუმცა "ბორუსიაში" ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და აცხადებენ, რომ თავად ფეხბურთელი გადაწყვეტს - სად სურს კარიერის გაგრძელება.

"რეალის" როისზე უფლებების შესახებ ინფორმაცია - სრული სისულელეა. მარკო თავად გადაწყვეტს თავის ბედს", - დარწმუნებით ამბობს "ბორუსიას" სპორტული დირექტორი ჰანს-იოახიმ ვატცკე.

კლოპს ზაფხულში არ დაინდობენ
"დორტმუნდში" არც თავად მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის მომავალია ბოლომდე გარკვეული. ამასთან დაკავშირებით საინტერესო კომენტარი გააკეთა ინგლისური გაზეთის, "გარდიანის" მიმომხილველმა გერმანიაში რაფაელ ჰონიგტაინმა. მან შეაფასა კლოპის "ბორუსიადან" წასვლის შესაძლებლობა.

"ჯერჯერობით კლოპის პოზიცია მყარია და კლუბს სურს მისი შენარჩუნება, მაგრამ, ამასთან, არავინ აპირებს ქულების კარგვასთან შეგუებას. თუ საქმე ცუდად წავა, იურგენს, შესაძლოა, ზაფხულში გამოეთხოვონ.

რუსეთი? ეს ვარიანტი გამორიცხულია. კლოპი აბსოლუტურად არის დარწმუნებული, რომ მისი მომავალი ნაბიჯი ინგლისის პრემიერლიგა იქნება. ის სწავლობს ინგლისურს, რათა შეეძლოს ფეხბურთელებთან უპრობლემოდ ურთიერთობა. ასევე, კლოპმა, შესაძლოა, გერმანიის ნაკრები ჩაიბაროს", - განაცხადა ჰონიგშტაინმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
boრუსიას ცუდად აქვს საქმე,რაც გამოიცვია ლევანდოვსკის,გოტცეს გაკიდვა რომლებიც გუნდის გულს ცარმოადგენდნენ,ეს იგივეა ტშვენმა შიქურამ პატარა ცარმატება რომ მოიპოვა და მერე კველა კაი ფეხბურტელი გაკიდა
fani
19:23 04-12-2014
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული