მატჩის შემდეგ "ბორუსიას" დამრიგებელი მატჩის დადებით მომენტებზე საუბრობდა და აქებდა გუნდს ხასიათის სიმტკიცის გამო.
"სამი კარგი ამბავია. ჯერ ერთი, ცოცხლები ვართ! მეორე - არ დაგვვიწყებია ფეხბურთის თამაში; მესამე - ბრძოლა შეგვიძლია! ამაში ეჭვი არასოდეს მეპარებოდა. ჩავატარეთ კარგი მატჩი ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ, თუმცა სულელურად ვიმოქმედეთ მეორე გაშვებული გოლის შემთხვევაში. მნიშვნელობა არ აქვს, მეორე ადგილზე ხარ თუ მეთხუთმეტეზე - ანგარიში 2:2 "ვოლფსბურგთან" მისაღები ვარიანტია. დღეს ბევრი რამ სწორად გავაკეთეთ, მაგრამ "ვოლფსბურგმა" ორჯერ გაგვიტანა სტანდარტული სიტუაციიდან, რაც არ უნდა დაგვეშვა. კვირის ბოლოს ბრემენში მივემგზავრებით, რათა ვაჩვენოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია".
კლოპი ჩირო იმობილეზე: "ჩირომ ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ის მაღალი კლასის ფეხბურთელია, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს საჯარიმოში. მან ეს დღეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა: ბრწყინვალე გოლი გაიტანა და ასეთივე შედეგიანი გადაცემაც შეასრულა. კიდევ ორჯერ შეეძლო თავის გამოჩენა, მაგრამ ბენალიო უმაღლეს დონეზე მოქმედებდა. ეს მისი საუკეთესო მატჩი იყო "ბორუსიას" მაისურით. თამაშის სტილი, რომელსაც შეჩვეული იყო, განსხვავდება იმისგან, რასაც ჩვენ ვთამაშობთ. მას დრო დასჭირდა ახალ მოთხოვნებთან შესაგუებლად".
"მწვრთნელმა შესანიშნავი განწყობით გაგვიშვა მოედანზე და ჩვენ კარგად ვითამაშეთ. ყოველთვის დასანანია ბოლო წუთებზე ხელიდან გაშვებული მოგება, მაგრამ უნდა დავინახოთ დადებითი მომენტები: მისწრაფება, სურვილი, ბრძოლის ჟინი - ჩვენ ეს ყველაფერი ვაჩვენეთ. და იგივე უნდა გავაკეთოთ ბრემენში! თუ ისე ვითამაშებთ, როგორც "ვოლფსბურგის" წინააღმდეგ, მეტოქეს ბევრ პრობლემას შევუქმნით. ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში - გადავსულიყავი "დორტმუნდში". "ბორუსია" დიადი გუნდია და ჩვენ შესანიშნავი შემადგენლობა გვყავს. ყველაზე სამწუხაროა გუნდის მდგომარეობა სატურნირო ცხრილში, მაგრამ ეს კრიზისი უნდა გადავლახოთ!" - ასეთი იყო იმობილეს კომენტარი მატჩის შემდეგ.
XVI ტური ციფრებში
178 - ამდენი წაგება დაუგროვდა შინ "ჰამბურგს", რაც ყველაზე მეტია ბუნდესლიგის ისტორიაში.13 - "ბაიერნი" პირველი გუნდია ისტორიაში, რომელმაც პირველ წრეში 13 "მშრალი" მატჩი ჩაატარა.
3 - 16 ტურში "ბაიერნმა" მხოლოდ სამი გოლი გაუშვა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია.
სერიები
12 - "ფრაიბურგმა" ზედიზედ 12 მატჩი წააგო სტუმრად "ბაიერნთან".
9 - "ბაიერნმა" პირველ წრეში შინ ცხრიდან ცხრა მატჩი მოიგო.
7 - "ჰანოვერი" არასოდეს დამარცხებულა "აუგსბურგთან" - ეს სერია შვიდ მატჩს ითვლის.
8 - "მაინცის" მოუგებელი სერია 8 მატჩამდე ავიდა (4 ფრე, 4 წაგება). დღეისთვის არც ერთ გუნდს არ აქვს ასეთი განგრძლივი უარყოფითი სერია.
გოლები
100 - არიენ რობენმა მე-100 გოლი გაიტანა "ბაიერნის" რიგებში და ამ მაჩვენებლით გაუთანაბრდა ფრანკ რიბერის, რომელმაც ამ ზღვარს ორი ტურის წინ მიაღწია.38 - "ვერდერმა" 16 ტურში 38 გოლი გაუშვა - ეს ბუნდესლიგის ანტირეკორდია.
12 - შტეფან კისლინგმა მიმდინარე სეზონში ოფიციალურ მატჩებში 12 გოლი გაიტანა - ყველაზე მეტი ბუნდესლიგის ყველა მოთამაშეს შორის.
10 - ალექსანდრ მაიერმა კარიერაში მეათე დუბლი შეასრულა, აქედან სამი მიმდინარე სეზონში.
8 - "ჰოფენჰაიმის" წინააღმდეგ ჩატარებულ 12 მატჩში კისლინგმა 8 გოლი გაიტანა.
7+ - პირველ წრეში ხუთი ისეთი მატჩი იყო, რომელშიც შვიდი ან მეტი გოლი გავიდა. აქედან სამი შემთხვევა ფრანკფურტში დაფიქსირდა: 4:5 "შტუტგარტთან", 5:2 "ვერდერთან" და 4:4 "ჰერტასთან".
4 - პირველად ხოსელუმ ზედიზედ ოთხ მატჩში შეძლო გოლის გატანა.
3 - ზლატკო იუნუზოვიჩმა სამივე გოლი ამ სეზონში საჯარიმო დარტყმით გაიტანა.
იუბილეები
500 - შტუტგარტელი ადამ ჰლუშეკის ყვითელი ბარათი მე-500 იყო ამ სეზონში.50 - პეპ გვარდიოლამ 50-ე მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში მთავარი მწვრთნელის რანგში. ესპანელს 42 მოგება, 6 ფრე და 2 წაგება აქვს. ორივე მარცხი გუნდმა მაშინ იწვნია, როცა ჩემპიონობა განაღდებული ჰქონდა.
სხვადასხვა
1106 - "ბაიერნი" 1106 წუთია არ უშვებს გოლს, როცა მოედანზე რაფინია იმყოფება.634 - "ჰამბურგის" ფორვარდი პიერ-მიშელ ლასოგა 534 წუთია ვერ ახერხებს გოლის გატანას.
123 - გეიოგ ნიდერმაიერის გაძევება 123-ე იყო "შტუტგარტისთვის" ბუნდესლიგაში - ეს ლიგის ანტირეკორდია.
31 - 16 ტურში მოპოვებული 31 ქულა საკლუბო რეკორდია "ვოლფსბურგისთვის".
14 - "ვერდერს" 16 ტურში 14 ქულა აქვს. გუნდს არასოდეს ჰქონია ასეთი ცუდი ბალანსი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"