ამ თემაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.
- "ბორუსია" 30 ქულით ჩამორჩება "ბაიერნს" და ბოლოსწინა ადგილზეა. გადადგომას ხომ არ აპირებთ?
- არა. არანაირი გარემოება არ მაიძულებს ამის გაკეთებას.
- დამნაშავე ხართ თუ არა იმაში, რომ დღეს "ბორუსია" იძულებულია, ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლოს?
- რა თქმა უნდა. მე გიჟი არ ვარ და მუდმივად ვუსვამ საკუთარ თავს ამ შეკითხვას. შეცდომებს ვუშვებდი. დავიმსახურეთ ის,
ნებისმიერი ჩვენგანისთვის ეს არის ყველაზე უარესი პირველი წრე კარიერაში! მაგრამ ამ მდგომარეობაში დადებითი ის არის, რომ მხოლოდ ორი ქულით ჩამოვრჩებით იმ გუნდებს, რომლებიც გასავარდნი ზონის მიღმა არიან.
- უნდა აღვნიშნო - ხშირად ჩანხართ დათრგუნული, თითქოს ჩიხში ხართ შესული...
- მადლობა კომპლიმენტისთვის. გამოვიყურები ისე, როგორც გამოვიყურები. არაფრის შეცვლა არ შემიძლია. და ეს მხოლოდ მე არ მეხება.
- შესაძლოა, თქვენი გუნდი არ არის მზად გადარჩენისთვის საბრძოლველად?
- ნებისმიერი გუნდი მზად არის ამგვარი ბრძოლისთვის! საკითხი მხოლოდ იმაშია, როგორ განეწყობა გუნდი. დარწმუნებული იყავით - თითოეულ ჩვენგანს ესმის, რა მისია ეკისრება. მეორე წრეში 17 მატჩი გვექნება იმისთვის, რომ თავი გადავირჩინოთ. გუნდისთვის და ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა!
- როგორ აპირებთ ამის განხორციელებას?
- დარწმუნებული ვარ, მეორე წრეში გაცილებით რთული იქნება ჩვენი დამარცხება. ყველაზე აგრესიული მოწინააღმდეგე ვიქნებით.
- როგორ ახსნით პირველ წრეში გუნდის ასეთ არადამაჯერებელ თამაშს?
- სრულფასოვანი მომზადების საშუალება არ გვქონდა, რისი მიზეზიც მსოფლიოს ჩემპიონატი იყო. გარდა ამისა, ჩვენ გვყავდა მოთამაშეები, მაგალითად, გიუნდოგანი, როისი, შაჰინი, რომლებმაც თავიდანვე ვერ შეძლეს საკუთარი შესაძლებლობების 100 პროცენტით გამოვლენა. მიუხედავად ამისა, ყველა ფეხბურთელმა ყველაფერი გააკეთა, რაც მის ძალებში იყო.
- თითოეულმა მოთამაშემ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ "ბორუსია" მაინც გასავარდნ ზონაშია.
- საკუთარ კედლებში მოგების შემდეგ, მაგალითად, "გლადბახთან" ან "ჰოფენჰაიმთან", ვფიქრობდით, რომ ჩვენი პრობლემების გადაწყვეტის გზა ვიპოვეთ, მაგრამ ამას მოჰყვებოდა წაგება სტუმრად. ვუშვებდით ინდივიდუალურ შეცდომებს პირველი წრის ყველა მატჩში. პირველ ტურში, მე-9 წამზე "ლევერკუზენისგან" გაშვებული გოლი მთელი პირველი წრის სიმპტომი აღმოჩნდა.
- გაიფორმებთ თუ არა ახალ მოთამაშეებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს?
- ყოველთვის ვფიქრობთ შემადგენლობის გაძლიერებაზე. მაგრამ, პირველ რიგში, ყველაფერი უნდა გავაანალიზოთ. ნაჩქარევად არაფერს მოვიმოქმედებთ. ყველაზე დადებითი მომენტი ის არის, რომ სამი კვირის განმავლობაში მეორე წრისთვის თითქმის სრული შემადგენლობით მოვემზადებით.
- გულშემატკივრები გუნდს მთელი პირველი წრის განმავლობაში ამხნევებდნენ, ბრემენში მატჩის ბოლოს კი უსტვინეს. არ გეშინიათ, რომ მეორე წრეში ფანები ზურგს შეაქცევენ "ბორუსიას"?
- მინდა თავიდანვე აღვნიშნო, რომ გულშემატკივრები მთელი პირველი წრის განმავლობაში ფანტასტიკურად გვიჭერდნენ მხარს და ეს ხაზს უსვამს იმას, რამდენად უნიკალურები არიან ისინი. ეჭვგარეშეა, ასეთი თამაშით დიდი ზიანი მივაყენეთ საკუთარ პრესტიჟს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ახალ წელს სულ სხვა კუთხით წარმოვაჩენთ თავს.
- რა გასწავლათ ამ კრიზისმა?
- აქედან კარგი გაკვეთილი უნდა მივიღოთ. ჯერ ერთი, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მაღალ დონეზე თამაში - მიუხედავად ყველა პრობლემისა, რომელიც ფიზიკურ მომზადებას ეხება. ასევე, უნდა გავაცნობიეროთ, რომ გადარჩენისთვის ბრძოლაში აგრესიულად და სტაბილურად უნდა ვიმოქმედოთ. ჩვენ შევძლებთ ამის მიღწევას და ვაპირებთ გეგმის განხორციელებას. ვიცნობ გუნდს და მჯერა მისი. ვიცი, რომ მეორე წრეში ყველაფერი გამოსწორდება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"