დორტმუნდის "ბორუსია": როისის ხელფასი, დიარას ტრანსფერი და სხვა ამბები

AutoSharing Option
დორტმუნდის "ბორუსია" აგრძელებს მარკო როისის შესანარჩუნებლად ბრძოლას.

როგორც გერმანულმა პრესამ გაარკვია, ამ საქმეში ჩარევას აპირებენ გერმანული კლუბის სპონსორები - "ოპელი" და "პუმა". მათი დახმარებით შესაძლებელი იქნება, როისის ხელფასი წელიწადში 8 მილიონ ევრომდე გაიზარდოს.

* * *
ამასობაში, გაირკვა ნახევარმცველ სებასტიან კელის ტრავმის ხარისხი, რომელიც მან ესპანეთში შეკრებისას მიიღო. კერძოდ, "სტიაუასთან" მატჩში დაიზიანა მხარი.

ექიმების ვარაუდით, 34 წლის ვეტერანი ერთი თვე ვერ შეძლებს მოედანზე გასვლას და სავარაუდოდ, გუნდს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის პირველი მატჩისთვის დაუბრუნდება, რომელიც 24 თებერვალს გაიმართება.

რაც შეეხებს კევინ გროსკროიტცს,
რომელიც ასევე დაშავდა "სტიაუასთან" მატჩში, მას მსუბუქი დაზიანება აღმოაჩნდა და შეძლებს ბუნდესლიგის მეორე წრის პირველ მატჩში თამაშს. 31 იანვარს "დორტმუნდი" სტუმრად ითამაშებს "ლევერკუზენის" წინააღმდეგ.

საინტერესოა, რომ "ბორუსიამ" დაიწყო კელის შემცვლელის ძებნა და, როგორც ჩანს, იპოვა კიდეც. როგორც "ბილდი" ამტკიცებს, იურგენ კლოპის გუნდი თავისუფალი აგენტის ბაზრიდან აიყვანს მადრიდის "რეალის" ყოფილ ნახევარმცველს, ლასანა დიარას, რომელიც ზაფხულიდან კლუბის გარეშეა დარჩენილი. ბოლოს ის მოსკოვის "ლოკომოტივში" თამაშობდა და გაწყვიტა მასთან კონტრაქტი.

დიარასთვის ასევე იბრძვიან "ბეშიქთაში", "სელტიკი" და "ინტერი".

* * *
"ბორუსიას" ცენტრალურმა მცველმა მატს ჰუმელსმა უარი თქვა, კიდევ ერთხელ გაეკეთებინა კომენტარი გუნდიდან სავარაუდო წასვლის შესახებ. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ არ უნდა ველოდოთ "დორტმუნდიდან" ფეხბურთელების მასიურ გადინებას იმ შემთხვევაში, თუ გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს.

"ჭორი ბევრია და არ მინდა მათი კომენტარი, - ამბობს Die Welt-თან კომენტარში ჰუმელსი. - აუცილებელი არ არის ჩემპიონთა ლიგაზე თამაში იმისთვის, რომ ბედნიერი იყო. თუ ამ ტურნირზე ვერ მოვხვდებით, შესაძლოა, რამდენიმე ფეხბურთელი მართლაც წავიდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ "ბორუსიას" ერთდროულად 15 მოთამაშე არ დატოვებს. მომავალ სეზონშიც კარგი გუნდი გვეყოლება".

* * *
დორტმუნდელთა ფორვარდმა ჩირო იმობილემ განაცხადა, რომ არ აპირებს თავისი ამჟამინდელი კლუბის დატოვებას.

"ბორუსიამ" ჩემ შესაძენად სერიოზული თანხა დახარჯა და მინდა მათი ნდობა გავამართლო, - ამბობს იტალიელი ფორვარდი. - ლევანდოვსკი მსოფლიო დონის ფორვარდია, მაგრამ აქ იმისთვის არ ვარ, რომ ხალხმა ის დაივიწყოს. მე აქ ჩემი წვლილის შესატანად მოვედი.

დავბრუნდები თუ არა იტალიაში? არა. ზაფხულში უკვე გავაკეთე არჩევანი. მით უმეტეს, რომ ვერ დავტოვებ ჩემს გუნდს ამ რთული პერიოდის დროს".

* * *
დაბოლოს, გავრცელდა ინფორმაცია "ბორუსიას" ნახევარმცველის, ჰენრიხ მხითარიანის აღდგენითი პროცესის შესახებ. ინტერნეტგამოცემა Sport-ის ცნობით, სომეხი ფეხბურთელი ამ კვირის ბოლოს დაიწყებს მუშაობას ძირითად გუნდთან.

მხითარიანი ამ მომენტისთვის ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშობს. მან ტრავმა ბუნდესლიგის მე-15 ტურში მიიღო "ჰერტას" წინააღმდეგ მატჩში - ნახევარმცველს მარჯვენა ბარძაყის დაზიანება დაუდგინეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული