დავიდ ალაბა - პეპ გვარდიოლას უნივერსალი

AutoSharing Option
ის ჯერ 22 წლისაა და უკვე შეუცვლელი მოთამაშეა თავისი გუნდისთვის. მას შემდეგ, რაც დავიდ ალაბამ მუხლი დაიზიანა, ავსტრიის წლის ფეხბურთელი ორი თვე ჩამოsცილდა ჩვეულ რეჟიმს. ზამთრის მოსამზადებელი პერიოდის დროს ალაბა ისევ შეუდგა ვარჯიშებს და დაბრუნებისთანავე პირველივე მატჩებში ძირითადში ითამაშა. ავსტრიელი პეპ გვარდიოლას უნივერსალური მოთამაშეების სიაში შედის.

ადაპტაციის პრობლემები? ეს ალაბას არ ეხება. "დავიდი ყოველთვის კარგ ფორმაშია, - თქვა გვარდიოლამ რამდენიმე დღის წინ. - ის ჩემი ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა". ორი ტურის წინ, "შტუტგარტთან" მატჩში ჯარიმიდან ულამაზესი გოლი გაიტანა. fcbayern.de
-თვის მიცემულ ინტერვიუში.

- იცი, რა მოხდა ზუსტად ხუთი წლის წინ?
- არ მახსოვს.

- პროფესიული დებიუტი გქონდა "ბაიერნში". მაშინ 17 წლის, 7 თვისა და 6 დღის იყავი.
- მართლა? ვიცი, რომ ეს გერმანიის თასზე "ფიურტის" წინააღმდეგ მატჩში მოხდა, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ მას შემდეგ უკვე ხუთი წელი გავიდა... წარმოუდგენელია!

- ხანდახან გჭირდება საკუთარი თავის ჩქმეტა?
- დაუჯერებელია, მთელი ამ დროის განმავლობაში იმდენი რამ მოხდა. ადრეულ ასაკში შემეძლო მეზეიმა მაღალი შედეგები და სიამოვნება მიმეღო დაუვიწყარი მომენტებით. დიახ, ხანდახან საკუთარ თავს ვეკითხები - ეს რეალურად ხდება?

- თავდაპირველად შენს კარიერაზე ზრუნვა ლუი ვან გაალმა დაიწყო, მოგვიანებით იუპ ჰაინკესმა, ახლა კი შენი მასწავლებელი პეპ გვარდიოლაა.
- ეს არის მსოფლიოს დონის სამი მწვრთნელი, რომელთა წყალობით ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. ლუი ვან გაალი ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ, ამასთან, ეხმარებოდა ყველას, ვისაც ეს სჭირდებოდა. იუპ ჰაინკესი ჩვენთვის მამასავით იყო - მან იპოვნა საერთო ენა ახალგაზრდა მოთამაშეებთან. პეპ გვარდიოლას ფეხბურთის სფეროში დაუჯერებელი ცოდნა აქვს - ასეთი რამ არასოდეს შემხვედრია. ასევე არ უნდა დავივიწყოთ "ჰოფენჰაიმში" გატარებული ექვსი თვე მარკო პეცაიუოლის ხელმძღვანელობით. ამ პერიოდმაც მომიტანა პროგრესი.

- საჯარიმო დარტყმები შენი კოზირია და ეს "შტუტგარტთან" მატჩში კიდევ ერთხელ დაადასტურე. ხშირად მეცადინეობ დარტყმებში?
- 15 წლის ასაკიდან ვამუშავებ საჯარიმო დარტყმებს, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ვენის "აუსტრიაში" ვთამაშობდი. რამდენიმე წლის შემდეგ ვცადე ტექნიკის გაუმჯობესება. ამისთვის ხშირად ვუყურებდი ჟუნინიოს, კრიშტიანო რონალდოსა და დევიდ ბექჰემის ვიდეოებს. შემდეგ კი გაუთავებელი ვარჯიშები. ხანდახან თამაშის დროს არ გამოდის, მაგრამ თუ გაგიმართლებს, მართლაც ლამაზი სანახაობაა.

- მცდარი წარმოდგენაა თუ მართლა გირჩევნია, რომ ბურთი უფრო შორს უნდა იყოს კარიდან?
- 25-30 მეტრი - ეს არის იდეალური მანძილი ჩემი დარტყმისთვის.

- გიცდია საჯარიმო შენთვის უფრო სუსტი მარჯვენა ფეხით შეგესრულებინა?
- არც ერთხელ. და ამის გაკეთების უფლებას არც არავინ მომცემს.

- შენმა პარტნიორებმა იციან, რომ ჯარიმების შესრულების დიდი ოსტატი ხართ.
- რა თქმა უნდა. მაგრამ სუპერდარტყმა აქვს არიენ რობენსაც. ასევე მარიო გიოტცეს, ბასტიან შვაინშტაიგერს, ჩაბი ალონსოს. ჩვენ არჩევანის საშუალება გვაქვს. მაგრამ გუნდი მენდობა. თუ კარგი წინათგრძნობა მაქვს, ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას და ვურტყამ.

- არც ისე დიდი ხნის წინ რთული პერიოდი გქონდა. მუხლის ტრავმის გამო პირველ წრეში ორი თვით გამოეთიშე თამაშს. როგორ მოახერხე ტრავმის შემდეგ ისე ათამაშება, თითქოს ეს ხანგრძლივი პაუზა არც ყოფილა?
- ეს საშინელება იყო და მოხარული ვარ, რომ ყველაფერი უკან დარჩა. მთელი ძალით ვმუშაობდი, მინდოდა, რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნებულიყავი უმაღლეს დონეზე. საბედნიეროდ, ეს გამომივიდა.

- ხანდახან, მომავალი განვითარებისთვის საჭიროა ასეთი რყევების გადატანა. როგორ იყო შენს შემთხვევაში?
- იმედი მაქვს, ტრავმების გარეშე გაგრძელდება ყველაფერი. თუმცა გააზრებისთვის ეს რთული პერიოდი არც ისე ზედმეტი აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, ფული და დიდება კარგია, მაგრამ შევნიშნე, რომ პირველ ადგილზე მაინც ფეხბურთი დგას. მივხვდი, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და უბრალოდ მიყვარს სპორტი. მინდა მინდორზე ვიდგე - ეს არის ჩემთვის გადამწყვეტი.

- გვარიდოლას ხელმძღვანელობით ხან ცენტრში თამაშობ, ხან მარცხენა მცველის პოზიციაზე...
-... ხანდახან ცენტრალურ მცველადაც. ჩემთვის ორი წლის რომ ეთქვათ ეს, ამ ადამიანს გიჟად გამოვაცხადებდი. რა თქმა უნდა, კარგია რამდენიმე პოზიციაზე თამაში. ჩემი მისწრაფებაა - რაც შეიძლება ხშირად ვითამაშო. და რომელ პოზიციაზე იქნება ეს, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

- "ბაიერნისთვის" მეორე წრის სტარტი არც ისე იდეალური გამოვიდა. ოთხი ქულა პირველ სამ თამაშში. რა არ აეწყო?
- "ვოლფსბურგთან" მატჩი შეგვიძლია არც განვიხილოთ. ძალიან ცუდად ვითამაშეთ. "შალკეს" წინააღმდეგ დიდი ხანი ათი კაცით ვიყავით მოედანზე და ამ რთულ მომენტს, ჩემი აზრით, კარგად გავუმკლავდით. შტუტგარტში გავიმარჯვეთ. ვიცი, რომ რითმში შესვლა გვჭირდება, მაგრამ არც ისე იოლია, როცა მეტოქის საჯარიმოში ათი ფეხბურთელი დგას და საკუთარ კარს იცავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული