ბუნდესლიგა. XXV ტურის წინ: კლასიკა ლიდერების გარეშე

AutoSharing Option
ფოტოზე: კისლინგი და ნიდერმაიერი პირველი წრის მატჩში
ბუნდესლიგის 25-ე ტური "ბაი-არენაზე" გაიხსნება. "ლევერკუზენმა", როგორც იქნა, დაცვაზე ზრუნვა დაიწყო და აგერ, უკვე ოთხი ოფიციალური მატჩია, გოლს არ უშვებს; თან ოთხივე შეხვედრა მოიგო.

თუ შევადარებთ ამას "შტუტგარტის" შედეგებს 2015 წელს, "შვაბებს" არაფრის იმედი არ უნდა ჰქონდეთ "ბაი-არენაზე". ჰუუბ სტევენსის გუნდს მეორე წრის შვიდ მატჩში მხოლოდ სამი ქულა და ოთხი გოლი აქვს მოგროვებული.

მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ის, რომ ამ მატჩის შემდეგ "ლევერკუზენს" განმეორებითი შეხვედრა ელის ჩემპიონთა ლიგაზე "ატლეტიკოსთან". ამ დუელში გერმანულ გუნდს, მოულოდნელად,
მეოთხედფინალში გასვლის შანსი მიეცა (პირველი შეხვედრა შინ 1:0 მოიგო) და ბუნებრივია, ლევერკუზენელ ფეხბურთელებსა და სამწვრთნელო შტაბს გონებაში ექნებათ მომავალი მადრიდული დაპირისპირება.

გარდა ამისა, "შტუტგარტს" უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვს. ამიტომაც ნებისმიერ შეხვედრაში ძალიან სახიფათო მეტოქე იქნება.

"ბაიერის" გაუმჯობესებული დაცვისა და "შტუტგარტის" უნიათო შეტევის გამო არ უნდა ველოდოთ ისეთ სცენარსა და უხვგოლიანობას, როგორიც ამ გუნდებს შორის პირველი წრის მატჩში იყო, როცა "ფარმაცევტები" 3:0-ს იგებდნენ და მატჩი 3:3 დასრულდა.

* * *
"შალკე" ისევ აღმავლობის გზაზეა. რურის დერბიში განადგურების შემდეგ რობერტო დი მატეოს გუნდმა უფრო მეტი ყურადღება დაუთმო შეტევას და შედეგმაც არ დააყოვნა - 3:1 "ჰოფენჰაიმთან" ბოლო ტურში და სენსაციური 4:3 "რეალთან" "სანტიაგო ბერნაბეუზე". ასეთი ბრწყინვალე მატჩის შემდეგ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა, რა თქმა უნდა, დასანანია, მაგრამ, მთავარია, გელზენკირხენელებმა ასე გააგრძელონ და ყველაფერი წესრიგში იქნება.

ასევე მცირე პროგრესი შეინიშნება "ჰერტას" თამაშში. მწვრთნელად პალ დარდაის მისვლის შემდეგ ბერლინელებმა ხუთ მატჩში შვიდი ქულა დააგროვეს, რაც ცუდი შედეგი ნამდვილად არ არის.

სხვათა შორის, უნგრელმა დი მატეოს სტილში დაიწყო მუშაობა - დაცვას მიაქცია ყურადღება და უკვე ნახსენები ხუთი შეხვედრიდან მისმა გუნდმა სამში გოლი არ გაუშვა.

აუცილებლად უნდა ვახსენოთ ამ გუნდების ურთიერთდაპირისპირება: "შალკეს" ზედიზედ შვიდჯერ ჰყავს დამარცხებული დედაქალაქური კლუბი, ბოლო 12 მატჩში კი "ჰერტამ" ერთადერთხელ მიაღწია ფრეს და ჯამში მხოლოდ 2(!) გოლი გაიტანა.

* * *
ამ ტურში შედგება ბუნდესლიგის კლასიკად მონათლული მატჩი: "ვერდერი"-"ბაიერნი".

მიუნხენელები ისევ ტოპ-ფორმაში არიან. მათ ბოლო ხუთი ოფიციალური მატჩი მოიგეს ბურთების შეფარდებით - 22:2 და ასევე ზედიზედ ხუთი მოგება აქვთ ბუნდესლიგაში 23 გატანილი და ორი გაშვებული ბურთით.

გავაგრძელოთ "ბაიერნის" უპირატესობებზე საუბარი: რეკორდმაისტერმა ბოლო ცხრა შეხვედრა ზედიზედ მოუგო "ვერდერს", ბოლო ოთხი მატჩის ანგარიში ბრემენელებთან კი მართლაც შთამბეჭდავია - 6:0, 5:2, 7:0 და 6:1.

ალბათ, აღარ ღირს "ბაიერნის" ფავორიტობის დასადასტურებელი სხვა მაგალითების მოყვანა - ესეც საკმარისია. თუმცა კიდევ ერთ ფაქტს აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი - "ვერდერს" დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლება ლიდერი ფრანკო დი სანტო და მართალია, "ბაიერნს" დააკლდებიან ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, მიუნხენელთა ფავორიტობაში ეჭვი არავის შეაქვს.

სავარაუდო ბრძოლის მცირე იმედს გვიტოვებს "ვერდერის" თამაში მეორე წრეში. ვიქტორ სკრიპნიკის გუნდს 2015 წელს იმდენივე ქულა აქვს დაგროვებული, რამდენიც "ბაიერნსა" და "ვოლფსბურგს".

* * *
"დორტმუნდი" ზუსტად იმ მდგომარეობაშია, როგორშიც "ლევერკუზენი". მხედველობაში გვაქვს შუა კვირას გასამართი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზე "იუვენტუსთან".

"ბორუსია" გაორებულ მდგომარეობაშია - ბოლომდე აუტსაიდერის იარლიყი არ მოუშორებია, თან ევროპაში წარმატების სურვილი და ამბიციაც არსებობს. ამიტომაც რთული გამოსაცნობია - რამდენად დაიხარჯება "ბორუსია" "კიოლთან" მატჩში, რომელსაც უყვარს სტუმრად თამაში.

* * *
"ვოლფსბურგმა" წინა ტურში "აუგსბურგთან" 0:1 წაგებით შეწყვიტა 11-მატჩიანი წაუგებელი სერია და ახლა "ფრაიბურგთან" საკუთარ მოედანზე ეცდება რეაბილიტაციას, მით უმეტეს, რომ "მგლები" შინ ჯერაც დაუმარცხებლები არიან - 10 მოგება და 2 ფრე აქვთ.

"ფრაიბურგი" კი ცდილობს გასავარდნი ზონიდან ამოსვლას, ძალიან ცოტას უშვებს (მეორე წრეში სამჯერ წააგო 0:1), ყველა მეტოქეს ებრძვის, მაგრამ ჯერ კრიზისიდან გამოსვლა არ გამოსდის.

კრისტიან შტრაიხის გუნდი ეცდება, გამოიყენოს ის ფაქტორი, რომ "ვოლფსბურგმა" ხუთშაბათს ევროპალიგის მატჩი ითამაშა "ინტერთან"; აგრეთვე, ისიც, რომ "მგლებს" არ ეყოლებათ დაცვის ლიდერი ნალდო.

* * *
მიონხენგლადბახის "ბორუსია" შეეცდება, გაიმყაროს პოზიციები გათამაშების ცხრილის მესამე ადგილზე. ეს წინა ტურშიც შეეძლო, მაგრამ ვერ შეინარჩუნა 2:0 "მაინცთან".

თუმცა ამ წაფორხილებამ არ უნდა გაუფუჭოს განწყობა ლუსიენ ფავრის გუნდს, რომელსაც შინ ზედიზედ ხუთი მოგება აქვს და მისი მომდევნო მეტოქე "ბორუსია-პარკზე" ძალიან ცუდ ფორმაშია.

"ჰანოვერი" რვა ტურია ვერ იგებს და ნელ-ნელა, მაგრამ სტაბილურად ეშვება ფსკერისკენ. არ არის გამორიცხული, მორიგი მარცხი თანამდებობის დატოვებად დაუჯდეს მთავარ მწვრთნელ თაიფუნ ქორქუთს.

ბუნდესლიგა. XXV ტური
პარასკევი. 13 მარტი
ლევერკუზენი-შტუტგარტი 23:30
დისკვალიფიკაცია: სპაჰიჩი - ლაიტნერი, ჰარნიკი
ტრავმა: იედვაი, კრუსი - რიუდიგერი, დიდავი
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 71 მატჩი: +30=19-22 (118-96)

შაბათი. 14 მარტი
აუგსბურგი-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: რაინჰარდტი, ვერჰაეგი, მორავეკი, მიოლდერსი, ესვაინი - ხაირო, მორიტცი, ნედელევი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +3=1-3 (7-10)

ჰოფენჰაიმი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ნ. მიულერი
ტრავმა: შტოლცი, ზიულე - იანსენი, რაიკოვიჩი, დიასი, გრინი, ჰოლტბი, ლასოგა
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +5=3-5 (23-14)

ჰერტა-შალკე 18:30
დისკვალიფიკაცია: შულცი
ტრავმა: ბაუმიოჰანი, იარსტეინი, შიბერი - ფერმანი, გიფერი, აოგო, კირხოფი, დრაქსლერი, ფარფანი, ობასი, სემი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 მატჩი: +21=10-30 (60-86)

ვერდერი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: დი სანტო - ჩაბი ალონსო
ტრავმა: ბუში, გალვესი, ლუკიმია, ლორენცენი - ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა, რიბერი, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 97 მატჩი: +26=25-46 (119-184)

აინტრახტი-პადერბორნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ჯაკპა. იგნიოვსკი, კინსომბი, რუსი - ბურხერტი, ბერტელსი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (1-3)

დორტმუნდი-კიოლნი 21:30
დისკვალიფიკაცია: - ვიმერი
ტრავმა: შაჰინი, გროსკროიტცი, პიშჩეკი - ჰელმესი, გერჰარდტი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 79 მატჩი: +34=19-26 (128-116)

კვირა. 15 მარტი
ვოლფსბურგი-ფრაიბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: ნალდო - შუსტერი
ტრავმა: ჰანტი, ფელიპე - ბატცი, სტანკო
ბოლო 6 მატჩი
+5=1-0 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 23 მატჩი: +8=6-9 (33-33)

გლადბახი-ჰანოვერი 20:30
დისკვალიფიკაცია: - ბიტენკურტი
ტრავმა: - მილერი, ჰოფმანი, პანდერი, შტინდლი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 მატჩი: +27=8-14 (92-69)

ბომბარდირები:
18 - ალექსანდერ მაიერი (აინტრახტი); 17 - არიენ რობენი (ბაიერნი); 13 - ბას დოსტი (ვოლფსბურგი); 12 - ფრანკო დი სანტო (ვერდერი); 11 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), თომას მიულერი (ბაიერნი); 10 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი), ჰეუნ-მინ სონი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული