ბუნდესლიგა. XXIX ტურის წინ: მთავარი ინტრიგა მესამე ადგილშია

AutoSharing Option
ფოტოზე: "ვერდერი" და "ჰამბურგი" ერთმანეთს 102-ე ჩრდილოურ დერბიში შეხვდებიან
29-ე ტური გაიხსნება მატჩით, რომელშიც ამ მომენტისთვის ბუნდესლიგის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი ითამაშებს.

"გლადბახი" "ვოლფსბურგთან" ერთად ლიდერობს მეორე წრის ცხრილს და რაც მთავარია, ძალიან მძლავრ და ლამაზ ფეხბურთს თამაშობს. ლუსიენ ფავრის გუნდი რვა ტურია არ მარცხდება და ამ სერიაში იყო დამაჯერებელი მოგებები "ბაიერნთან" და "დორტმუნდთან". "ბორუსიაში" ყველა ერთხმად აცხადებს, რომ მხოლოდ მესამე ადგილი დააკმაყოფილებთ და არ აპირებენ ქულების უაზროდ ფლანგვას.

"აინტრახტთან" მატჩში სტუმრებს იმ მხრივაც გაუმართლათ, რომ ფრანკფურტელებმა სეზონის ბოლომდე დაკარგეს ბუნდესლიგის
საუკეთესო ბომბარდირი ალექსანდრ მაიერი (19 გოლი), ხოლო დისკვალიფიკაციის გამო არ ითამაშებს ნახევარმცველი შტენდერა.

სეზონის დარჩენილ ნაწილში მთავარი ინტრიგა სწორედ მესამე ადგილისთვის ბრძოლაა. "გლადბახზე" არანაკლებ კარგ ფორმაში იმყოფება "ლევერკუზენი", რომელსაც ამ მომენტისთვის ყველაზე გრძელი მოგებათა სერია აქვს - 6 მატჩი. თან "ბაიერმა" შეწყვიტა მეტოქეებისთვის საჩუქრების დარიგება, როგორც ეს პირველ წრეში ხდებოდა: როჯერ შმიდტის გუნდმა ბოლო ექვს მატჩში მხოლოდ ორი გოლი გაუშვა.

ამ ფონზე "ჰანოვერს" კატასტროფული მაჩვენებელი აქვს - თაიფუნ ქორქუთის გუნდი 12 ტურია ვერ იგებს და მხოლოდ ორი ქულით არის დაშორებული გასავარდნ ზონას. ასე რომ, "ჰანოვერი" უშანსოდაა "ფარმაცევტების" წინააღმდეგ, მით უმეტეს, რომ დისკვალიფიკაციის გამო მოედნის ცენტრში კარგი მებრძოლი სანე არ ეყოლება.

* * *
იურგენ კლოპის სენსაციური განცხადების შემდეგ "დორტმუნდი" დარჩენილ ტურებში მუდმივი ყურადღების ცენტრში იქნება. კლოპი ამ სეზონის შემდეგ დატოვებს "ბორუსიას", მაგრამ მანამდე ეცდება, ღირსეულად დაასრულოს კარიერის ეს ეტაპი.

ახალი მოგებათა სერიის დასაწყებად "ბორუსიას" მოხერხებული მეტოქე ჰყავს "პადერბორნის" სახით, რომელმაც წინა ტურში "აუგსბურგი" დაამარცხა და შეწყვიტა 598-წუთიანი უგოლო სერია.

მაგრამ ბუნდესლიგის დებიუტანტის სათამაშო ფორმა მაინც ეჭვს იწვევს და აქედან გამომდინარე, "დორტმუნდი" ვალდებულია, სამი ქულა აიღოს და გააგრძელოს ბრძოლა ევროპალიგის საგზურისთვის.

* * *
ჩემპიონატის ლიდერი "ბაიერნი" სტუმრად შეხვდება "ჰოფენჰაიმს" და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ გვარდიოლას შეგირდებს გონებაში "პორტუსთან" განმეორებითი მატჩი ექნებათ, რომელიც სამშაბათს უნდა გაიმართოს.

რეკორდმაისტერმა თავი შეირცხვინა პორტუგალიაში და ახლა "ჰოფენჰაიმთან" შეხვედრა უნდა გამოიყენოს "პორტუს" წინააღმდეგ საშინაო მატჩისთვის სწორი ტაქტიკის შესარჩევად, თუმცა "ბაიერნს" კვლავაც ბევრი საკადრო პრობლემა აქვს და გუნდის სამწვრთნელო შტაბს დიდი არჩევანი არ გააჩნია.

მოკლედ, "ჰოფენჰაიმთან" მატჩი მნიშვნელოვანია მიუნხენელებისთვის. ჯერ ერთი, "ბაიერნს" არ გაუფორმებია ჩემპიონობა. გარდა ამისა, მათ უნდა მიანიშნონ ყველას, რომ არ განმეორდება შარშანდელი სცენარი, როცა გვარდიოლას გუნდს სწორედ ამ პერიოდში დაეწყო ჩავარდნა და ეს ყველაფერი ჩემპიონთა ლიგაზე კრახით დასრულდა.

* * *
ამ ტურის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩია 102-ე ჩრდილოური დერბი "ვერდერსა" და "ჰამბურგს" შორის. შთამბეჭდავი მოგებათა სერიის შემდეგ ბრემენულმა კლუბმა ზედიზედ ოთხი მატჩი ვერ მოიგო, რითაც სპორტული დირექტორი ტომას აიხინი გაანაწყენა. ამიტომაც "ვერდერი" ამ სერიის შეწყვეტისთვის ბოლოადგილოსანი მეტოქის დასამარცხებლად მაქსიმალურად მოინდომებს.

"ჰამბურგისთვის" კი კიდევ ერთი წაგება კატასტროფის ტოლფასი იქნება. ეს გუნდი უკვე აგონიაშია - ფეხბურთელები ერთმანეთს გასახდელში ეჩხუბებიან, ხელმძღვანელობამ კი ორი დღის წინ სეზონში მეოთხე (!) ახალი მწვრთნელი დანიშნა. ბრუნო ლაბადიამ სასწაული უნდა მოახდინოს - დაშლილი გუნდით შეინარჩუნოს ადგილი პირველ ბუნდესლიგაში.

* * *
ტური დასრულდება ძალიან საინტერესო მატჩით, რომელშიც "ვოლფსბურგი" "შალკეს" მიიღებს. მართალია, გელზენკირხენელებმა თითქმის დაკარგეს ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი, მაგრამ მაინც არ აქვთ ხელის ჩაქნევის უფლება, რადგან გუნდს ევროპალიგის საგზურისთვისაც საბრძოლველი აქვს.

"შალკეს" შანსი "მგლების" წინააღმდეგ ის უნდა იყოს, რომ "ვოლფსბურგს" "ნაპოლისთან" ევროპალიგის მატჩი ექნება ჩატარებული და შესაძლოა, დიტერ ჰეკინგის შეგირდებს ფიზიკურად გაუჭირდეთ, თუმცა მხოლოდ ამის იმედად ყოფნა არ შეიძლება.

"შალკემ" თავად უნდა მოუმატოს, რასაც ბოლო ტურებში ვერ ახერხებს და ამიტომაც მოიგო მხოლოდ ერთი მატჩი ბოლო ცხრა ტურში.

ბუნდესლიგა. XXIX ტური
პარასკევი. 17 აპრილი
აინტრახტი-გლადბახი 22:30
დისკვალიფიკაცია: შტენდერა
ტრავმა: სამბრანო, მაიერი, რუსი - შტრანცლი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 81 მატჩი: +32=22-27 (130-118)

შაბათი. 18 აპრილი
დორტმუნდი-პადერბორნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შაჰინი, კირხი, პიშჩეკი - ბურხერტი, ბერტელსი, ვემერი, მეჰა, დუკში
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=1-0 (2-2)

ლევერკუზენი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ს. სანე
ტრავმა: კრუსი - მილერი, ჰოფმანი, ა. ზობიხი
ბოლო 6 მატჩი
+6=0-0 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 31 მატჩი: +16=10-5 (58-31)

ჰოფენჰაიმი-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: შტოლცი, ზიულე - ალაბა, ბენატია, ხავი მარტინესი, რიბერი, რობენი, შვაინშტაიგერი, შტარკე
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=0-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +0=4-9 (10-32)

ჰერტა-კიოლნი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ოლკოვსკი
ტრავმა: ბაუმიოჰანი, ბენ-ჰატირა, ჩიგერჩი, ჰოსოგაი, შიბერი - ჰელმესი, ჰალფარი, გერჰარდტი
ბოლო 6 მატჩი
+3=3-0 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 49 მატჩი: +17=9-23 (66-85)

ფრაიბურგი-მაინცი 17:30
დისკვალიფიკაცია: კლაუსი
ტრავმა: - ბუნგერტი, კლემენსი, ჰოფმანი, ნედელევი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 13 მატჩი: +2=4-7 (10-23)

აუგსბურგი-შტუტგარტი 20:30
დისკვალიფიკაცია: - ჰარნიკი
ტრავმა: კალსენ-ბრაკერი, რაინჰარდტი, კაიუბი, მორავეკი, პარკერი
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 7 მატჩი: +4=0-3 (13-9)

კვირა. 19 აპრილი
ვერდერი-ჰამბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: - ჯურუ
ტრავმა: ბუში, კალდიროლა, გარსია, ბარტელსი, ლორენცენი - დიკმაიერი, დიასი, გრინი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +0=1-5
ურთიერთშეხვედრები
სულ 101 მატჩი: +36=33-32 (149-150)

ვოლფსბურგი-შალკე 10:30
დისკვალიფიკაცია: - ჰიოგერი
ტრავმა: ჰანტი, ფელიპე - გიფერი, აიჰანი, კირხოფი, ობასი
ბოლო 6 მატჩი
+4=1-1 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 35 მატჩი: +10=13-12 (45-51)

ბომბარდირები:
19 - მაიერი (აინტრახტი); 17 - რობენი (ბაიერნი); 16 - ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - დოსტი (ვოლფსბურგი), მიულერი (ბაიერნი); 12 - ობამეიანგი (დორტმუნდი), დი სანტო (ვერდერი); 11 - ბელარაბი (ლევერკუზენი), სონი (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული