* თასის ფინალი 30 მაისს ბერლინის "ოლიმპიაშტადიონზე" გაიმართება.
* 2014 წლის თასის ფინალში "ბაიერნმა" "დორტმუნდი" დამატებით დროში რობენისა (107) და მიულერის (123) გოლებით დაამარცხა - 2:0.
* მიუნხენის "ბაიერნი" თასის 17-გზის მფლობელია. 6-ჯერ მოიპოვა ტიტული ბრემენის "ვერდერმა", 5-ჯერ - გელზენკირხენის "შალკემ".
დღეს გერმანიაში დიდი მატჩია: მიუნხენის "ბაიერნი" გერმანიის თასის ნახევარფინალში დორტმუნდის "ბორუსიას" მასპინძლობს და მიუხედავად იმისა, რომ "ეს ის "დორტმუნდი" აღარაა", მთელი საფეხბურთო გერმანია დაუნდობელი ბრძოლისა და ძალიან
გვარდიოლა: რობენი სკამზე? არიენი ჯოკერი არაა!
"ბაიერნის" თავკაც ხოსეპ გვარდიოლას წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მთავარი სიახლე ის გახლდათ, რომ არიენ რობენს დღეს თამაში შეუძლია და დიდი შანსია, ის ძირითად შემადგენლობაში ვიხილოთ. "არიენი ჯოკერი არ არის, - აღნიშნა გვარდიოლამ, - როცა რობენი ჯანმრთელადაა, თამაშობს კიდეც. ასე რომ, თუ ხვალ მზად იქნება, ძირითადშიც იხილავთ." აქვე ვთქვათ, რომ მოედანზე გასვლა შეეძლება ხავი მარტინესსაც, რომელიც ასევე ახლახან გამოჯანმრთელდა.
ფაქტია, რომ "ბაიერნის" გულშემატკივრები რობენის დაბრუნებას მოუთმენლად ელოდებოდნენ და, თუ ჰოლანდიელი დღეს ითამაშებს, ეს იმას ნიშნავს, რომ "ბარსელონასთან" უმნიშვნელოვანეს მატჩამდე ფორმაში შესასვლელად საკმარისი დრო ექნება.
"ახლა ყველაზე მეტად სწორედ რობენის დაბრუნება მჭირდებოდა. მიხარია, რომ ლაზარეთიდან დაგეგმილზე ერთი კვირით ადრე დაბრუნდა. არიენმა უკვე ივარჯიშა და ყველაფერი კარგად იყო. საერთოდ, რობენს კონდიციების აღსადგენად დიდი დრო არ სჭირდება ხოლმე", - დასძინა გვარდიოლამ. შეგახსენებთ, რომ რობენმა ბოლოს მარტის ბოლოს, "გლადბახთან" 0:2-ზე წაგებულ შეხვედრაში იასპარეზა და სწორედ იმ მატჩში, 24-ე წუთზე დაშავდა.
აი, ფრანკ რიბერის დაბრუნება კი დღევანდელი მატჩისთვის გამორიცხულია. ფრანგი ჰოლანდიელზე დიდი ხანია, ლაზარეთშია და ბოლოს მარტის შუა რიცხვებში, "შახტართან" 7:0-ზე მოგებულ თამაშში იასპარეზა. სამაგიეროდ, გამოჯანმრთელებულია ხავი მარტინესი, რომელიც გასულ შაბათს, 255-დღიანი პაუზის შემდეგ, "ჰერტასთან" მატჩის განაცხადში იყო.
გვარდიოლას თქმით, მარტინესი უდიდესი ენთუზიაზმით ვარჯიშობს და გამორიცხული არაა, რომ დღეს "დორტმუნდთან" რამდენიმე წუთი ითამაშოს. "ჰერტასთან" ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდა ბასტიან შვაინშტაიგერი, მაგრამ "დორტმუნდთან" შვაინი, ალბათ, სკამზე დარჩება.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ რაფინიას და ხუან ბერნატს მცირე ტრავმები აწუხებთ და დღეს მათი მოედანზე გასვლა კითხვის ნიშნის ქვეშაა.
კლოპი: ყველანაირად მზად ვართ!
ის, რომ იურგენ კლოპის ფორმაციის "ბორუსიას" მიუნხენში გამარჯვება შეუძლია, დორტმუნდელებს უკვე სამჯერ აქვთ დამტკიცებული. დორტმუნდელთა უკანასკნელი სტუმრობის დროსაც, 1-ელ ნოემბერს, კლოპის გუნდი "ალიანს არენაზე" ძალიან კარგად თამაშობდა, თუმცა იმ შეხვედრაში გამარჯვება ბოლოს მაინც რეკორდმაისტერს დარჩა. თუმცა კლოპს კარგად ახსოვს, როგორ უნდა ითამაშოს მისმა გუნდმა იმისათვის, რომ მიუნხენში წარმატებას მიაღწიოს - მთავარია, მოახერხებენ თუ არა "ბორუსიის" ფეხბურთელები იურგენის დავალებების შესრულებას.
"ყველაზე მთავარი ის არის, რომ მიუნხენში მოედანზე ძალიან აქტიურები უნდა ვიყოთ", - აი, ასე ჟღერს კლოპის კრედო ამ უაღრესად მნიშვნელოვანი თამაშის წინ.
იურგენი პირდაპირ ამბობს, რომ "ბაიერნთან" მომლოდინე ტაქტიკით თამაში ყოველთვის დამღუპველია და რომ მისმა გუნდმა უნდა შეუტიოს, პრესინგს მიმართოს და არავითარ შემთხვევაში არ უნდა "ჩაჯდეს" დაცვაში:
"ჩვენ გვინდა, რომ მოედანზე მაქსიმალურად აქტიურები ვიყოთ, ჩვენ თვითონ უნდა ვითამაშოთ ჩვენი ფეხბურთი. ასე რომ, მხოლოდ კონტრშეტევებზე ნამდვილად არ ვიქნებით დამოკიდებულები", - ამბობს კლოპი.
საერთო ჯამში, კლოპს მწვრთნელის რანგში ("მაინცი", "დორტმუნდი") "ბაიერნის" წინააღმდეგ გამართული 22 მატჩიდან 9 მოგებული აქვს და ძალიან უნდა, რომ დორტმუნდიდან წასვლამდე რეკორდმაისტერი მეათედაც დაამარცხოს. იურგენმა გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე ღიად ისაუბრა იმის შესახებ, რომ მიუნხენურ გრანდსაც აქვს თავისი პრობლემები - კლოპის აზრით, ეს პირველ რიგში, "ბაიერნის" დაცვას ეხება.
კლოპს იმის იმედიც აქვს, რომ "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერმა ბოლო დროს სარისკო გამოსვლებს უმატა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ რეკორდმაისტერის მცველები ხშირად ცდებიან პოზიციურად - "ჩვენ ზუსტად ის სიცარიელეები უნდა გამოვიყენოთ, რომლებსაც ნოიერი ამ გამოსვლებით ავსებს ხოლმე", - აცხადებს კლოპი.
თუმცა "ბორუსიის" თავკაცმა იცის, რომ ურთულესი მატჩი ელის - თუნდაც იმიტომ, რომ გერმანიის ჩემპიონმა შაბათს, "ჰერტასთან" ძალები აშკარად დაზოგა: "თუ გერმანიის თასის მოგება გვინდა, "ბაიერნს" უნდა მოვუგოთ. შესაბამისად, მნიშვნელობა არ ჰქონდა, მიუნხენელებს ნახევარფინალში შევხვდებოდით თუ ფინალში. ფაქტია, რომ გერმანიის თასისკენ მიმავალი გზა "ბაიერნზე" გადის!"
ბოლო დროს "დორტმუნდს" თასზე ყოველთვის "ბაიერნთან" პაექრობა უწევდა. 2012 წელს "ბორუსიამ" ფინალში სწორედ რეკორდმაისტერი დაამარცხა (5:2), 2013 წელს კი მეოთხედფინალში სწორედ "ბაიერნთან" დამარცხდა, რის შემდეგაც, შარშან, ფინალში 0:2 წააგო და იმ მატჩში დორტმუნდელთა მცველ მატს ჰუმელსს გოლი უსამართლოდ არ ჩაუთვალეს.
რაც შეეხება საკადრო საკითხებს: სებასტიან კელის, ილქაი გიუნდოგანისა და კევინ გროსკროიტცის თამაში საეჭვო იყო, მაგრამ გუშინდელი მდგომარეობით უკვე რეალურია. თვით მეკარე რომან ვაიდენფელერიც კი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ კლოპი პესიმისტურადაა განწყობილი - არა მგონია, რომ რომანმა თამაში მოახერხოსო.
სავარაუდო შემადგენლობები:
ბაიერნი (4-3-1-2): ნოიერი - რაფინია, ბოატენგი, დანტე, ბერნატი - ლამი, ჩაბი ალონსო, ტიაგო ალკანტარა - გიოტცე - თ. მიულერი, ლევანდოვსკი.
დორტმუნდი (4-2-3-1): ლანგერაკი - დურმი, სოკრატისი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, გიუნდოგანი - ბლაშჩიკოვსკი, კაგავა, როისი - ობამეიანგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"