ლამი წლებია, ეხმარება მიუნხენის "ბაიერნს" ტიტულების მოხვეჭაში, ხოლო გერმანიის ნაკრებთან ერთად სულ ცოტა აკლდებოდა და საბოლოოდ, ნაციონალმანშაფტთან ერთადაც მიაღწია დიდ წარმატებას, თანაც კაპიტნის რანგში. მან 2014 წლის მუნდიალის მერე, სანაკრებო კარიერა ტრიუმფატორის სტატუსით დაასრულა.
კლუბში თამაშს კი ძველებური წარმატებით აგრძელებს და ისიც კარგად მოგეხსენებათ, რომ მას არაერთ პოზიციაზე შეუძლია გუნდის დახმარება, რასაც მშვენივრად აკეთებს.
- გერმანიას მეოთხე მსოფლიოს ჩემიონატის მოპოვებისას კაპიტნობდით.
- საბოლოო ჯამში ზუსტად მხოლოდ მაშინ იცი, როდესაც ეს მოხდება და საფინალო სასტვენის ხმა გაისმება. იქამდე კი, 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის ფინალის მერე ერთ-ერთი ინტერვიუსას ვთქვი, რომ ჩვენი მიზანი მუნდიალის მოგება გახლდათ, როდესაც გამარჯვებასთან რამდენჯერმე ასე ახლოს ხარ და ტიტული ფაქტობრივად შენს ხელშია, სხვაგვარად არც შეიძლება იყოს. თუმცა ცხადია, არაფრის გარანტია არ გაქვს.
- ისეთი მომენტი არ იყო, როდესაც იგრძენით, რომ თქვენი გვარი ტიტულზე ამოიტვიფრებოდა?
- არა, კონკრეტული მომენტი არ ყოფილა. წარმატება წლების მუშაობამ გამოიწვია, ჩვენ განვითარებას ვაგრძელებდით. მაგალითად 2006 წლის მუნდიალზე ნახევაფინალში იტალიასთან დავმარცხდით და იგრძნობოდა, რომ იტალია მსოფლიოს ჩემპიონი გახდებოდა. შემდეგ, ესპანეთთან დავთმეთ მატჩები და ისიც ჩანდა, რომ ესპანელები ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები გახდებოდნენ. ჩვენც მოგვივიდა დრო და შეცდომებზეც ვისწავლეთ. გამოცდილება გამოვიყენეთ და საკუთარი შესაძლებლობების გვჯეროდა.
- იტალიას ჰქონდა შნო და შესაბამისი თვისებები, რომ ძლიერი მხარეები მაქსიმალურად კარგად წარმოეჩინა. ესპანეთს თავისი გეგმა და სტილი ჰქონდა, რაც შემდეგ ეპოქაში გადაზარდა. რა იყო გერმანიის განმასხვავებელი ნიშანი და ის განსაკუთრებული რამ, რამაც ნაკრების ტრიუმფი გამოიწვია?
- ყველაფერზე მეტად ჩვენი ერთიანობა და გუნდურობა დაგვეხმარა. გუნდში მხოლოდ 23 მოთამაშეს არ ვგულისხმობ, მხედველობაში ნაკრებთან დაკავშირებული ყველა ადამიანის ერთიანობა მაქვს. ვფიქრობ, ეს ისედაც ყველამ შენიშნა. ცხადია, ასევე იმოქმედა სათამაშო კლასმა. ჩემი აზრით, ყველა ფეხბურთელი, პირველი ნომრიდან დაწყებული 23-ით დამთავრებული, ბოლომდე დაიხარჯა ნაკრებისთვის და ასეთ მასშტაბურ ტურნირებზე ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე.
- 2010 წელს გერმანიამ ყველა გააოცა თავისი ძალიან შემტევი და სანახაობრივი სტილით. შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წელს ამ ძველი და ახალი სტილის სინთეზი ვიხილეთ, რამაც განაპირობა კიდეც თქვენი წარმატება?
- რასაკვირველია! მჯერა, რომ სხვადასხვა სტილის კომბინირებამ დიდწილად, გამოიწვია კიდეც ჩვენი წარმატება. შეგვეძლო შემტევი ფეხბურთის თამაში და მეტოქისთვის მისსავე ნახევარზე პრესინგის შეთავაზება და საჭიროების შემთხვევაში, დაცვაში ყურადღებით და ორგანიზბულად ყოფნა, უფრო ფრთხილი თამაში.
ჩემი აზრით, საუკეთესო მიქსს მივაგენით და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ გასული წლების გამოცდილება დაგვეხმარა. იგივე ეხება მიუნხენის "ბაიერნსაც", რომელთან ერთადაც ჩემპიონთა ლიგაზე მივაღწიე წარმატებას.
- როგორც კაპიტანს, ფეხბურთელების ერთ მუშტად შეკვრა და რამდენიმე კვირის განმავლობაში გარემოზე ზრუნვა გევალებოდათ. ამ პროცესისგან თუ იღებდით სიამოვნებას?
- დიახ, ნამდვილად - ასეთი რამ ყოველთვის სახალისოა. ვფიქრობ, თუ ამას ხალისით და იუმორით არ აკეთებ, კაპიტნის სამკლავური უნდა მოიხსნა. უნდა თქვა - დიდი მადლობა, მაგრამ რამე სხვას გავაკეთებ! - მე მართლა სიამოვნებას ვიღებდი ამ პროცესით, თუმცა პასუხისმგებლობაც ძალიან დიდია და ყოველთვის ადვილი არ არის ყუველაფერთან გამკლავება. მინდორზე უშუალო მოვალეობების გარდა, ამ საქმესაც დიდ დროსა და ყურადღებას ვუთმობდი და როდესაც მსოფლიოს ჩემპიონობით ამთავრებ, ორმაგად კმაყოფილი და ნასიამოვნები ხარ.
- იყო შემთხვევები, როდესაც ვინმე ამ საქმიანობაში ჩარეულა ან თქვენ მიგიციათ მკაცრი გაფრთხილება?
- არა! პირველ რიგში, ჩვენ კარგად ორგანიზებული, გამართული გუნდი გვყავდა და ყველამ იცოდა თავისი საქმე. მახსოვს პირველი დღე, როდესაც შევიკრიბეთ, უცბად მაგიდის გარშემო აღმოვჩნდით და მაგიდის ჩოგბურთის თამაში დავიწყეთ, ყველა ჩვენგანი არ იყო, მაგრამ 15 მოთამაშე მაინც ვიქნებოდით. ეს ჩემი ორგანიზებული არ გახლდათ როგორც კაპიტანი ბევრ სხვა პატარ-პატარა საქმეს აკეთებ, მაგალითად, ამხნევებ ვინმეს ან ეხმარები რომელიმე კონკრეტული კომპონენტის დახვეწაში.
- ვინ გახდა გერმანიის ნაკრების ჩემპიონი მაგიდის ჩოგბურთში?
- წარმოდგენა არ მაქვს, ძალიან ბევრნი ვთამაშობდით და შედეგს მგონი არავინ აქცევდა ყურადღებას.
- ალჟირთან მერვედფინალისას ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციიდან მაჯვენა მცველის ამპლუას დაუბრუნდით და ამავე პოზიციაზე დარჩით ტურნირის ბოლომდე. ეს რთული იყო?
- არანაირად. მთელმა ტურნირმა იდეალურად ჩაიარა ჩემთვის და ვფიქრობ, თითოეულმა ჩვენგანმა ყველა ეპიზოდში სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. რამდენიმე ჩვენგანი ტურნირის დასაწყისიდანვე არ იყო ბოლომდე ჯანმრთელი და მე თავიდანვე ვთქვი, რომ იმ პოზიციაზე უპრობლემოდ ვითამაშებდი რომელიც გუნდს დასჭირდებოდა და იმას გავაკეთებდი, რასაც მწვრთნელი საჭიროდ ჩათვლიდა, ვითამაშებდი იქ, სადაც მისი აზრით, მაქსიმალურად სასარგებლო ვიქნებოდი ნაკრებისთვის. იგივე ვრცელდება ზოგადად ჩემს კარიერაზე. შედეგი აჩვენებს, რომ სწორი გადაწყვეტილებები მივიღეთ.
- განსაკუთრებული მომენტი იყო როდესაც პირველმა აღმართეთ თასი "მარაკანაზე" და ალბათ გაიაზრეთ, რომ ამ დროს მთელი მსოფლიო თქვენ გიცქერდათ.
- მთლად ასეც არ არის, როგორც თასის ისტორია აღწერეთ. საფინალო სასტვენი, გუნდური აღნიშვნა, კიბეებზე ასვლა ტრიბუნაზე, მედლის მიღება და მერე თასის აღმართვა, უკან დაბრუნება და გუნდური აღნიშვნა. ეს ყველაფერი უნიკალური გახლდათ, ერთობლიობაში. საუკეთესო დაახლოებით ერთ-საათიანი პერიოდი.
- მალევე სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ გააკეთეთ განცხადება. არის კონკრეტული მომენტები, როდესაც გენატრებათ ნაკრებში თამაში?
- არა. ერთი, რაც მენატრება ბიჭების ნახვა და მათთან ერთად დროის გატარებაა. ფეხბურთელების არა, შტაბის წევრების. ეს სამწუხაროა, რადგან იაზრებ, რომ როდესაც ნაკრებიდან წახვალ რამდენიმე მათგანს ძალიან იშვიათად ნახავ, ხოლო ზოგს საერთოდ ვეღარასდროს შეხვდები.
ეს კი სამწუხაროა, რადგან ყოველთვის სიამოვნებით ვურთიერთობდი მათთან, ძალიან კარგი და თბილი ურთიერთობა მქონდა, ნაკრებში 10 წელი გავატარე და ყოველთთვის კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ბრწყინვალე შტაბი გვყავს, რომელიც მუდამ მხარში მედგა. ეს მენატრება და მომენატრება. სხვა მხრივ კი თავს კარგად ვგრძნობ და კმაყოფილი ვარ ამ სიტუაციით, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.
- ახლა შედარებით მეტი დრო გაქვთ - რას აკეთებთ ისეთს, რასაც აქამდე ვერ აკეთებდით?
- მარტივია, ჩემ ოჯახთან ერთად ვატარებ მეტ დროს. მყავს მეუღლე და ჩვენ გვყავს ვაჟი. ასე რომ, მართლაც სასიამოვნოა სახლში უფრო ხშირად ყოფნა. ეს განსაკუთრებულად სეზონის პირველ ნახევარში შეიმჩნევა, როდესაც სამი სანაკრებო პაუზაა, თითოეული ათი დღე გრძელდება. თუმცა რასაკვირველია, ყველაფერს თავისი დრო აქვს, ნაკრებში 10 წელი გავატარე და ეს დაუვიწყარია.
უბრალოდ, დგება მომენტი, როდესაც ნაბიჯი უნდა გადადგა და წახვიდე, ჩემს შემთხვევაში ვფიქრობ, ზუსტი დრო შევარჩიე. შესაძლოა ცოტა იღბლიანიც ვარ, რადგან წასვლა მსოფლიოს ჩემპიონატის მოგებას დაემთხვა, მაგრამ ეს გადაწყვეტილება დიდი ხნის წინ მქონდა მიღებული.
- შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორ ხართ ხოლმე ახლა დივანზე კომფორტულად და მოდუნებული წამოწოლილი და გერმანიის ნაკრების მატჩს უყურებთ?
- (იცინის) დივანი და კომფორტი კარგია, მაგრამ მე არ ვარ იმ ტიპის ადამიანი, რომელიც ფეხბურთს ასეთ გარემოში მარტო უყურებს ხოლმე. მიყვარს სხვებთან ერთად ყურება და ასეც ვიქცევი. სასიმოვნო საღამო ტელევიზორის წინ, მეგობრებთან ერთად ნაკრების თამაშის ყურება და ბიჭების გულშემატკივრობა, მართლაც მაგარია!
- თქვენ ბევრი ტიტული გაქვთ მოგებული, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე. რამდენად რთულია ძველებურად მოტივირებულად დარჩენა და ახალი მიზნების დასახვა და რა არის თქვენი მიზნები?
- ჩემთვის ეს ძალიან ადვილია. თუნდაც ამ სეზონში, "ბაიერნთან" ერთად ტიტულების მოგება ძალიან მინდა, ისევე როგორც, ეს უნდათ "ბაიერნის" რიგებში სხვა გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონებს და დანარჩენებს. ჩვენ ელიტური ათლეტები ვართ და მოტივაციის პრობლემა არ გვაქვს. შესაძლოა, ბევრ წარმატებას მივაღწიოთ, მაგრამ ამ გამარჯვებების გამეორება და მიღწევების გაუმჯობესება გვსურს ხოლმე.
"ბაიერნში" ჩემპიონატის და თასის მოგება ავტომატური მიზანია და ყველაზე დიდი გამოწვევა და სურვილი ჩემპიონთა ლიგაზე ტრიუმფია. თუ ჩვენ ამას ისევ შევძლებთ, ყველასთვის ახდენილი ოცნება იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"