10:55 01-06-2015
გერმანიის თასი. ფინალი: კლოპის ნაღვლიანი დასასრული [VIDEO]
AutoSharing Option
იურგენ კლოპის "დორტმუნდი" მთელი წელი არასტაბილური იყო: ჩემპიონატში რვამატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა, დომინირებდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, პირველი წრე ბოლო ადგილზე დაასრულა, შემდეგ ამ რთული სიტუაციიდან გამოძვრა და თასის ფინალშიც გავიდა და ევროპალიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.
"ვოლფსბურგი", პირიქით, ძალიან სტაბილური იყო: სტარტიდანვე მეორე ადგილზე აღმოჩნდა და დიდი ხანი "ბაიერნის" ერთადერთი რეალური კონკურენტი იყო. საერთო ჯამში, მას ერთადერთი ჩავარდნა ჰქონდა - ევროპალიგის მეოთხედფინალში "ნაპოლის" წინააღმდეგ. ასე რომ, დიტერ ჰეკინგი და მისი გუნდი გეგმაზომიერად მიდიოდნენ 2009 წლის შემდეგ პირველი ტიტულისკენ.
ფინალში გუნდების მიერ ნაჩვენები თამაშიც ძალიან მოგვაგონებდა გასულ სეზონს: "ვოლფსბურგი" ძალიან კარგად იყენებდა თავის ძლიერ მხარეებს - კონტრშეტევაზე სწრაფი თამაში და მაღალი კოლექტიური პრესინგი. "დორტმუნდმა" კი თავისი მთავარი ავადმყოფობა ვერ მოიშორა - ათამდე საგოლე მომენტი შექმნა და მხოლოდ ერთი გაიტანა.
გერმანიის თასის ფინალმა სტარტიდანვე გაამართლა მოლოდინი. უკვე მე-5 წუთზე ობამეიანგი გაექცა "ვოლფსბურგის" ცენტრალურ მცველებს და კაგავას პასი გამოიყენა. "დორტმუნდი" პირველ წუთებში აქტიურად იყენებდა ფლანგებს და "მგლები" ყოველთვის ვერ ასწრებდნენ როისისა და ობამეიანგის დაკეტვას. ჰეკინგის შეგირდებს იმ მხრივ გაუმართლათ, რომ მეტოქე ფეხბურთელები ხშირად ხვდებოდნენ თამაშგარეში.
"ვოლფსბურგმა" პასუხის გაცემა ტაიმის შუაში შეძლო, როცა ნალდომ თავის სტილში ძლიერად დაარტყა საჯარიმოდან. ლანგერაკმა წინ მოიგერია ბურთი და ლუიშ გუსტავომ დასწრებაზე მცველებს აჯობა - 1:1. ამის შემდეგ თამაში თითქოს "ბორუსიას" კარნახით გაგრძელდა, მაგრამ "მგლებს" ერთი შეტევა ეყოთ წინ გასასვლელად - კალიჯურიმ დე ბრუინის დაუგორა და ბელგიელმა საკმაოდ შორი მანძილიდან ახლო კუთხეში გაუტანა "ბორუსიას" მეკარეს. როგორც ჩანს, ვაიდენფელერის ლანგერაკით შეცვლა კლოპის არც ისე გონივრული ნაბიჯი იყო.
ტაიმი "ვოლფსბურგის" კიდევ ერთი გოლით დასრულდა და აქ უკვე დამნაშავე არა ლანგერაკი, არამედ "დორტმუნდის" დაცვა იყო. პერიშიჩმა მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა და კართან ახლოს სრულიად მარტო დარჩენილმა დოსტმა თავისუფლად დაარტყა თავით. შესვენებამდე "დორტმუნდმა" ორი კარგი შეტევის ორგანიზება მოასწრო, მაგრამ ჰუმელსმა და ობამეიანგმა ფლანგიდან პასების შემდეგ ზუსტად ვერ დაარტყეს.
მეორე ტაიმი ნაკლებად დამაინტრიგებელი გამოვიდა. "ვოლფსბურგმა" შეძლო თამაშის დაწყნარება და აკონტროლებდა მეტოქის შეტევებს. ამასთან, ცუდი მატჩი ჩაატარეს ჰუმელსმა და სუბოტიჩმა, რომლებიც ხშირად აძლევდნენ "მგლებს" სწრაფი კომბინაციების გათამაშების საშუალებას. ბოლოსკენ "დორტმუნდმა" მაინც შეძლო შტურმის მაგვარი მოეწყო მეტოქის კართან, მაგრამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამ სეზონში ის მთლიანად ევროპაში უკონკურენციო იყო, ასპროცენტიანი მომენტების განიავების მხრივ.
"ბორუსიას" იურგენ კლოპთან ნაღვლიანი გამოთხოვება გამოუვიდა, "ვოლფსბურგმა" კი, თავისი არსებობის ისტორიაში, პირველად მოიგო გერმანიის თასი და ამით დაასრულა ბრწყინვალე სეზონი. სწორედ ჰეკინგის გუნდი გახსნის ახალ სეზონს, როცა გერმანიის სუპერთასის მატჩში ჩემპიონ "ბაიერნს" შეხვდება.
დორტმუნდი-ვოლფსბურგი 1:3
გოლები: 1:0 ობამეიანგი (5), 1:1 ლუის გუსტავო (22), 1:2 დე ბრუინი (33), 1:3 დოსტი (38)
დორტმუნდი: ლანგერაკი, დურმი (68. პიშჩეკი), სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი, კელი (68. ბლაშჩიკოვსკი), გიუნდოგანი, მხითარიანი, კაგავა, როისი (79. იმობილე), ობამეიანგი.
ვოლფსბურგი: ბენალიო, ვიეირინია, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, არნოლდი (81. შიურლე), ლუიშ გუსტავო, პერიშიჩი (74. გილავოგი), დე ბრუინი, კალიჯური (85. ტრეში), დოსტი.
გაფრთხილება: მხითარიანი, შმელცერი - დე ბრუინი, ვიეირინია
კუთხური: 3-2 ჯარიმა: 16-15 თამაშგარე: 4-5 კარში დარტყმა: 15(5)-16(8) ბურთის ფლობა: 55%-45%
მაყურებელი: 75 815
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული