"დორტმუნდისთვის" ევროპალიგა პრივილეგია არ იქნება - ინტერვიუ "ბორუსიას" ახალ თავკაცთან

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც გასულ კვირას თომას ტუხელი ოფიციალურად წარადგინეს დორტმუნდის "ბორუსიას" მთავარ მწვრთნელად, ახალგაზრდა სპეციალისტმა პირველი ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს...

"ბორუსიაზე"
- ბედნიერი ვარ, რომ "ბორუსიას" მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე მიმიწვიეს. ყოველთვის ვოცნებობდი მდიდარი ისტორიისა და ტრადიციების მქონე დიად კლუბში მუშაობაზე. "ბორუსია" - ნებისმიერ ტურნირზე ფავორიტია, პირველ რიგში, ბუნდესლიგაში.

მიმაჩნია, რომ ჩვენი ადგილი - სატურნირო ცხრილის მწვერვალი უნდა იყოს. და ამაში უნდა შევეცილოთ არა მხოლოდ "ბაიერნს", "ვოლფსბურგს", "ლევერკუზენსა" და "გლადბახს". ჩვენ ამ კლუბებისთვის კონკურენტები ვართ, მაგრამ მოგვიწევს მათთან ჩამორჩენის შემცირება.

გადაწყვეტილების მიღებაზე
- როცა "ბორუსიას" მხრიდან ინტერესის შესახებ შევიტყვე, მივხვდი, რომ ეს ის იყო, რაც მინდოდა. თავიდანვე ვიგრძენი, რომ აუცილებლად უნდა დავთანხმებულიყავი. ძალიან ემოციური მწვრთნელი ვარ, ვცხოვრობ იმით, რაც მინდორზე ხდება.

მოხარული ვარ, რომ "ბორუსიას" წყალობით, წინ უამრავი ემოცია მელოდება, რომელთა სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. დიდი ხანია, მინდორზე არ ვყოფილვარ. და როცა სტადიონს ვუყურებ, სუნთქვა მეკვრის. ძალიან მენატრებოდა საფეხბურთო ემოციები.

გუნდში ატმოსფეროზე
- იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ, მოგვიწევს ძალიან მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტა. ჩვენთან გუნდში უნდა იყოს ატმოსფერო, რომელშიც დაფასებული იქნება ისეთი თვისებები, როგორიცაა მონდომება, შემართება, გახსნილობა, სიმამაცე... მინდა, რომ ბუნდესლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს ყოველთვის ეშინოდეს ჩვენი. ამისთვის კი განსაკუთრებული ატმოსფერო უნდა შევქმნათ, სადაც მინიმალურ ეგოიზმსაც არ ექნება ადგილი. და ეს ატმოსფერო გუნდში მუდმივად უნდა იყოს: ვარჯიშებზე და მატჩების დროს.

ხელმძღვანელობის მხრიდან ნდობაზე
- ჩემთვის მნიშვნელოვანია ნდობაზე დამყარებულ გარემოში მუშაობა. ვატცკესა და ცორკის მხრიდან ნდობა დამეხმარა ამ გადაწყვეტილების მიღებაში. "ბორუსიას" წარმომადგენელებს შორის დამოკიდებულება ყოველთვის ახდენდა ჩემზე შთაბეჭდილებას, ამიტომაც სწრაფად დავთანხმდი ამ თანამდებობას. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რომ შეიძლებოდა კლოპის მემკვიდრე გავმხდარიყავი. ყოველგვარი ჭოჭმანის გარეშე ჩავიბარე "ბორუსია".

"ბორუსიის" შემადგენლობაზე
- "ბორუსიას" ფანტასტიკური შემადგენლობა ჰყავს. ძალიან მინდა გავეცნო ყველა ფეხბურთელს და წინასასეზონო შეკრების დაწყებამდე შევიქმნა თითოეულ მათგანზე პირადი წარმოდგენა. ჩემი სურვილია ვიმუშაო "ბორუსიას" თითოეულ ფეხბურთელთან. გუნდი წლიდან წლამდე იზრდებოდა და ამ მომენტისთვის შესანიშნავ ფორმაში იმყოფება.

საშუალო ასაკიც მაწყობს - ის იდეალურია. გუნდმა ბოლო წლებში დიდ წარმატებას მიაღწია, ასევე გადალახა დიდი სირთულეები. არასწორი იქნება მათი შესაძლებლობების განხილვა ვიდეოჩანაწერებით ან საწერ მაგიდასთან. ეს არასწორი მიდგომაა საკადრო დაგეგმარების დროს.

თამაშის სტილზე
- "ბორუსიას" უკვე აქვს თამაშის საკუთარი სტილი. ბევრის შეცვლა არ დამჭირდება. "ბორუსია" თამაშობს სწრაფ შემტევ ფეხბურთს, რომელიც მოსწონს გულშემატკივრებს და თავად ფეხბურთელებს. მოედანზე ჩვენი მიზანია: შეტევა მაშინვე, როგორც კი ბურთს მივიღებთ. და სასწრაფოდ ბურთის დაბრუნება მაშინ, როცა მას დავკარგავთ.

ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბურთთან მოპყრობის კულტურას. მოხარული ვარ, რომ ძალიან ბევრი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს. და თამამად შემიძლია ვივარაუდო, რომ შეგვიძლია დომინანტური ფეხბურთი ვითამაშოთ. როცა უფრო ახლოს გავეცნობი ბიჭებს, გადავწყვეტთ, რა სისტემით ვითამაშებთ, რომელი სტილი უფრო ერგება ჩვენ გუნდს, ვინ რომელ პოზიციაზე იქნება უკეთესი... მინდა ამის შესახებ რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვყალიბდე.

ევროპალიგის კვალიფიკაციაზე
- ყველაზე მნიშვნელოვანი ვარჯიშებია. ვერ ვიტყვი, რომ ეს თამაშები დაარღვევენ წინასასეზონო მზადების პროცესს, მაგრამ არ მიმაჩნია ევროპალიგის შეხვედრები რაღაც პრივილეგიად.

ამ ტურნირის კვალიფიკაციის გამო ნაკლებად მომგებიან სიტუაციაში აღმოვჩნდებით, ვიდრე ჩვენი კონკურენტები ბუნდესლიგაში. მოგვიწევს ამის კომპენსირება, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს. როცა თანხმდები ისეთი კლუბის გაწვრთნას, როგორიც "ბორუსიაა", გესმის, რომ ევროთასებზე გარკვეული ამოცანების გადაჭრა მოგიწევს. ამ ტურნირზე გამოსვლით გუნდი განვითარების შანსს მიიღებს. და მეც შემიძლია გარკვეული ნაბიჯი გადავდგა განვითარების მხრივ. ძალიან მოხარული ვარ ამის გამო.

წინასასეზონო მზადებაზე
- რა თქმა უნდა, გვერჩივნა მშვიდად გაგვევლო მზადება სეზონისთვის - ყოველგვარი სანაკრებო პაუზის გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია, ბიჭებმა კარგად დაისვენონ და ენერგიით სავსენი დაბრუნდნენ გუნდში. ასევე მნიშვნელოვანია, წინასასეზონო მზადება გაიაროს ყველა ფეხბურთელმა, რათა მინიმალურ დროში შევძლოთ შეთამაშება და ტაქტიკური სქემების დამუშავება. მაგრამ ეს ბოლომდე არ მოხერხდება. ოთხ კვირაში ამ ყველაფრის გაკეთება - თითქმის შეუძლებელია.

იურგენ კლოპზე
- ისე გამოვიდა, რომ ყოველთვის იურგენ კლოპის მემკვიდრე ვხდები. მან "ბორუსიაში" ფანტასტიკური სამუშაო ჩაატარა, ამიტომაც ის აქ ყველას უყვარს და პატივს სცემენ. არ ვაპირებ მასთან კონკურენციას. ის "ბორუსიაში" იმაზე მნიშვნელოვანი ფიგურა იყო, ვიდრე უბრალოდ მწვრთნელი. მინდა აქ კლუბის ისტორიის ახალი თავი შევქმნა. იურგენმა ამისთვის შესანიშნავი ფუნდამენტი დამიტოვა.

დოსიე
თომას ტუხელი

დაიბადა: 1973 წ. კრუმბახი (გერმ)
საფეხბურთო კარიერა: 1992-94 - კიკერსი; 1994-98 - ულმი.
სამწვრთნელო კარიერა: 2007-08 - აუგსბურგი II; 2009-14 - მაინცი; 2015-დან - დორტმუნდი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული