ფანების რჩეული არიენ რობენია - ჰოლანდიელი "ბაიერნის" საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

AutoSharing Option
ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი არიენ რობენი კვლავ მიუნხენის "ბაიერნის" საუკეთესო ფეხბურთელია.

ისევე, როგორც გასულ წელს, 2014-15 წლების სეზონშიც კლუბის გულშემატკივრებმა საუკეთესოდ სწორედ რობენი გამოაცხადეს. ჰოლანდიელმა ხმების 32.9 პროცენტი მიიღო. მეორე ადგილზე გავიდა ნახევარმცველი თომას მიულერი - 20.1 პროცენტი, მესამეზე - მეკარე მანუელ ნოიერი ხმების 18.5 პროცენტით.

"ეს სასიამოვნო სიურპრიზია. მადლობა გულშემატკივრებს", - განაცხადა რობენმა ხმის მიცემის შედეგების შეტყობის შემდეგ.

საკუთარ კომენტარში არიენმა არ გამორიცხა, რომ სეზონის დასასრული მისი კლუბისთვის, შესაძლოა, უკეთესი გამოსულიყო, თავად რობენი რომ ყოფილიყო მწყობრში.

ჰოლანდიელმა ბუნდესლიგის 26-ე ტურში,
მიონხენგლადბახის "ბორუსიასთან" მატჩში მუცლის კუნთის ტრავმა მიიღო და გარკვეული დროით გამოვიდა მწყობრიდან. ის მინდორზე გერმანიის თასის ნახევარფინალში დაბრუნდა, რომელშიც "ბაიერნი" "დორტმუნდთან" დამარცხდა, თავად ნახევარმცველმა კი ფეხი დაიზიანა და სეზონის ბოლომდე დაემშვიდობა თავის გუნდს.

"ბუნებრივია, მაინტერესებს - როგორი იქნებოდა "ბაიერნის" შედეგები, მე რომ მინდორზე ვყოფილიყავი. 21 მატჩში 17 გოლი გავიტანე და რვა საგოლე პასი შევასრულე.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რა მოხდებოდა, კიდევ 8-9 მატჩში რომ მიმეღო მონაწილეობა", - ამბობს არიან რობენი გამოცემა "კიკერთან" კომენტარში.

"ბაიერნმა" გასულ სეზონში ვადაზე ადრე გაიფორმა ბუნდესლიგის ტიტული, მაგრამ ვერ შეძლო გერმანიის თასისა და ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული