გერმანია-აშშ 1:2 - იურგენ კლინსმანის რევანში კიოლნში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქემ, მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა გერმანიამ ბოლო რეპეტიცია გაიარა გიბრალტართან შესარჩევი მატჩის წინ. იოახიმ ლიოვის გუნდმა კიოლნში უმასპინძლა აშშ-ის ნაკრებს, რომელსაც ბოლოს ბრაზილიის მუნდიალზე შეხვდა და მინიმალური ანგარიშით მოუგო.

ამჯერად, ლიოვის ვიზავიმ იურგენ კლინსმანმა რევანში აიღო. ამერიკელებზე არ უმოქმედია მასპინძლების სასტარტო შტურმს, რასაც რამდენიმე მომენტი და მარიო გიოტცეს გოლი მოჰყვა. "ბაიერნის" შემტევმა ნაკრების დებიუტანტის, პატრიკ ჰერმანის შთამბეჭდავი სოლო-რეიდის შემდეგ მიიღო პასი და მშვიდად აიღო გუზანის კარი. სხვათა შორის, "გლადბახის" ნახევარმცველმა ჰერმანმა "კიკერისგან" ყველაზე
მაღალი შეფასება დაიმსახურა.

ამის შემდეგ იმავე გიოტცემ და შიურლემ ასპროცენტიანი მომენტები ვერ გამოიყენეს, რის გამოც ტაიმის მიწურულს დაისაჯნენ. მიკელ დისკერუდი მაიკლ ბრედლის იდეალური პასით ჩაერთო შეტევაში და მახვილი კუთხიდან გაუტანა რონ-რობერტ ცილერს - 1:1.

შესვენების შემდეგ გერმანელები მუდმივად შეტევას ცდილობდნენ, მაგრამ მეტოქის ძალიან სახიფათო კონტრშეტევები ეპარებოდათ. 87-ე წუთამდე ცილერი ახერხებდა მასპინძლების გადარჩენას, მაგრამ საფინალო სასტვენამდე სამი წუთით ადრე, შეცვლაზე შემოსულმა ბობი ვუდმა საჯარიმოსთან ახლოს მიიღო ბურთი, წამში მოახერხა შემობრუნება, ფინტი და დარტყმა და ამით გაამარჯვებინა თავისიანებს. 22 წლის ვუდზე ცალკე უნდა ვთქვათ. ის მეორე ბუნდესლიგის კლუბ "აუეს" წარმოადგენს და ბოლო ორ მატჩში ამერიკელთა გმირი გახდა. თვის დასაწყისში აშშ-მ 4:3 მოუგო ჰოლანდიას და მაშინაც გამარჯვების გოლი ვუდმა გაიტანა.

დარჩენილ დროში სამი ხედირამ მოასწრო თავით კარგად დარტყმა, მაგრამ ძელს მოახვედრა ბურთი. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის მწვრთნელი შეთანხმდა იმაზე, რომ აშშ-მ დამსახურებულად გაიმარჯვა.

"ძალიან კმაყოფილი დავრჩი პირველი ტაიმით, თუმცა რაღაც მომენტში თამაშის სადავეები დავკარგეთ და ვეღარ ვუპასუხეთ მეტოქის მოქმედებებს. აშშ-ის ნაკრები აქტიური იყო და ჩვენზე უკეთესი მატჩი ჩაატარა", - აღიარა ლიოვმა.

"სანახაობრივი თამაში გამოვიდა, რომელშიც დადებით შედეგს მივაღწიეთ. იმის გათვალისწინებით, რაც მეორე ტაიმში ხდებოდა, დავიმსახურეთ გამარჯვება. ეს წარმატება ამერიკაში ფეხბურთის მიმართ კიდევ უფრო მეტ ყურადღებას გამოიწვევს", - სიხარულს ვერ მალავდა კლინსმანი.

აღვნიშნავთ, რომ ამ მატჩში ლიოვმა თავისი გუნდის რამდენიმე ლიდერი დაასვენა. სწორედ ამის გამო არ იყვნენ მოედანზე მანუელ ნოიერი, მარკო როისი, თომას მიულერი...

გერმანია-აშშ 1:2
გოლები: 1:0 გიოტცე (12), 1:1 დისკერუდი (41), 1:2 ვუდი (87)
გერმანია: ცილერი, რუდი, მუსტაფი, რიუდიგერი, ჰექტორი, შვაინშტაიგერი (46. ხედირა), გიუნდოგანი (60. კრამერი), ჰერმანი (73. ბელარაბი), იოზილი, შიურლე (46. პოდოლსკი), გიოტცე (73. კრუზე).
აშშ: გუზანი, ჩენდლერი, ალვარადო, ბრუქსი, ფ. ჯონსონი (46. იედლინი), უილიამსი (46. ევანსი), ზარდესი (74. ვუდი), ბრედლი, დისკერუდი (74. მორალესი), იოჰანსონი (74. მორისი), აგუდელო (46. ბეკერმანი).
გაფრთხილება: - უილიამსი, იედლინი
მაყურებელი: 40 000

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული