ბუნდესლიგა. XI ტური: ლიდერი ფრანკფურტში გააჩერეს [VIDEO]

AutoSharing Option
* "აინტრახტმა" ბუნდესლიგაში მე-400 ფრე ითამაშა.

* "ვერდერმა" ბოლო ცხრა მატჩში მერვედ წააგო "დორტმუნდთან".

* "ვერდერმა" ზედიზედ მეოთხე საშინაო მატჩი წააგო. ბრემენელებს საკუთარ მოედანზე 18 შესაძლებლიდან მხოლოდ სამი ქულა აქვთ აღებული.

* "დორტმუნდმა" ბოლო 5 ოფიციალური მატჩი მოიგო და 20 ქულა დააგროვა.

* "ვოლფსბურგი" შინ 28 მატჩია, დაუმარცხებელია.

* "შალკე" 4 ტურია, ვერ იგებს.

* "კიოლნს" ბოლო 4 ოფიციალურ მატჩში გოლი არ გაუტანია.

ბუნდესლიგის მე-11 ტურში სენსაცია მოხდა - "ბაიერნმა" პირველად ვერ მოიგო ჩემპიონატში. თან ეს მოხდა გუნდთან, რომელიც აშკარა
კრიზისშია და რომელსაც რეკორდმაისტერისთვის ბოლო ექვს მატჩში გოლი არ ჰქონდა გატანილი...

პარასკევს, მე-11 ტურის პირველ მატჩში მოხდა ის, რაც ოდესღაც უნდა მომხდარიყო - "ბაიერნმა" პირველად დაკარგა ქულები ბუნდესლიგაში.

პირველ რიგში, ეს შედეგი "აინტრახტის" დამსახურებაა, რომელმაც მთავარი ამოცანა დამაჯერებლად შეასრულა - გოლი არ გაუშვა. ყველაფერი კი ჩვეულებრივად დაიწყო - "ბაიერნი" დომინირებდა, ბურთს აკონტროლებდა და მომენტიც მალე მიიღო: არტურო ვიდალმა მეკარის საჯარიმოს ხაზიდან დაარტყა, მაგრამ ჰრადეცკიმ რეაგირება მოასწრო.

უნდა აღვნიშნოთ მასპინძელთა ფინელი მეკარის საიმედო თამაში - მან არაერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი. რაც შეეხება მანუელ ნოიერს, ბავარიელთა მეკარემ ერთხელ კინაღამ დააღალატა სტუმრები, როცა უკან დაბრუნებული ბურთი მეტოქეს ჩააბარა, მაგრამ "ბაიერნი" გადარჩა.

მატჩის ყველაზე კარგი მონაკვეთი - მეორე ტაიმის დასაწყისი იყო. ორივე გუნდი აქტიურად უტევდა და მომენტებს ქმნიდა. ყველაზე რეალური შანსი დუგლას კოშტას ჰქონდა, როცა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ჰრადეცკიმ აქაც იყოჩაღა.

საერთო ჯამში, "ბაიერნმა" გაუადვილა საქმე მეტოქეს, რადგან ამ სეზონში ყველაზე ცოტა - ათი დარტყმა შეასრულა და აქედან მხოლოდ ორი იყო ზუსტი. შედეგად, მიუნხენელებმა პირველად ვერ მოიგეს ამ ჩემპიონატში.

ამ მატჩის ანგარიშში, ორი ნულის გარდა, სხვა უცნაურმა რიცხვებმაც გაგვაკვირვა:

* აიგნერმა მეხუთე წამზე მიიღო ყვითელი ბარათი.

* რობენმა პირველი გაფრთხილება მიიღო ბუნდესლიგაში 2012 წლის შემდეგ.

* ლამი პირველად დააჯარიმეს ბოლო 13 თვის (!) განმავლობაში. "ბაიერნის" კაპიტანს ზედიზედ 24 მატჩში არ დაურღვევია წესი.

* მიულერმა 100 პროცენტის სიზუსტით შეასრულა გადაცემები.

* "ბაიერნმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩში არ გაუშვა გოლი "აინტრახტისგან".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
"ბაიერნის" წაფორხილებით ისარგებლა "დორტმუნდმა" და ხუთ ქულამდე შეამცირა სხვაობა ლიდერთან. თომას ტუხელის გუნდი დიდ უპირატესობას ფლობდა სტუმრად "ვერდერის" წინააღმდეგ და სრულიად დამსახურებულად მიიღო სამი ქულა.

"ვერდერის" მთავარი პრობლემა იყო დაცვის მარცხენა ფლანგი. მასპინძლებს აკლდათ სანტიაგო გარსია, ამიტომაც ვიქტორ სკრიპნიკმა ეს ფლანგი ახალგაზრდა შტერნბერგს ჩააბარა. "დორტმუნდმა" სწორედ მისი პოზიციიდან გაიტანა ორი გოლი: ჯერ მარკო როისმა გახსნა ანგარიში მხითარიანის პასის შემდეგ, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე კი მარცხნიდან ჰუმელსმა (იქ რა უნდოდა?!) ჩააწოდა და მხითარიანმა თავით ახლო მანძილიდან შეაგდო. ამ გოლებს შორის იყო ბრემენელი ნიგერიელის, ანტონის უჯას ზუსტი თამაში.

მეორე ტაიმში სამი მომენტი ვერ გამოიყენა ობამეიანგმა. ჯერ გაბონელმა მეკარესთან ერთი-ერთზე გასვლისას ვერ გაიტანა, შემდეგ რვა მეტრიდან ვერ მოარტყა კარს, ბოლოს კი ბურთი ვერ ააცილა გებრესელასიეს, რომელიც ერთადერთი იყო, ვინც იმ მომენტში "ვერდერის" კარს იცავდა. შედეგად, ეს იყო პირველი მატჩი სეზონში, რომელშიც ობამეიანგმა გოლი ვერ გაიტანა ან საგოლე პასი ვერ შეასრულა.

სამაგიეროდ, ფორმაში შევიდა მარკო როისი, რომელმაც მხითარიანის პასით კიდევ ერთხელ გაიტანა, ბოლო სამ მატჩში ხუთი გოლი მიითვალა და ზედიზედ მეორე დუბლი შეასრულა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

* * *
ტურის მთავარ მატჩში მოსალოდნელი გოლების წვიმა არ ყოფილა. "ვოლფსბურგმა" შარშან ორჯერ დაამარცხა "ლევერკუზენი" - 4:1 და 5:4, ამჯერად კი მოსაგებად ორი გოლი იკმარა.

მართალია, გუნდები დიდი ხანი ვერ ქმნიდნენ მომენტებს, მაგრამ მაყურებელმა მაინც იხილა გოლები პირველ ტაიმში. ჯერ "მგლებმა" გამოიჩინეს თავი, როცა კამპლმა თავის საჯარიმოსთან ცუდად ითამაშა და ვიეირინიას ჩააბარა ბურთი, რომელმაც კარის გასწვრივ ზუსტი პასი მისცა ბენდტნერს.

თუმცა შესვენებამდე ხუთი წუთით ადრე "ლევერკუზენმა" გაათანაბრა ანგარიში - "ვოლფსბურგის" მცველებმა საკუთარ საჯარიმოში დაკარგეს ხავიერ ერნანდესი. ჩიჩარიტო ბოლო ოთხი ოფიციალური მატჩია, უგოლოდ არ ტოვებს მოედანს და აშკარად დაჩრდილა კისლინგი, რომელსაც პირველი ტურის შემდეგ არ გაუტანია ბუნდესლიგაში.

საფინალო სასტვენამდე 15 წუთით ადრე დიტერ ჰეკინგმა მოედანზე გამოიყვანა ბას დოსტი და იულიან დრაქსლერი. სწორედ ისინი გახდნენ მატჩის გმირები. მათი გამოსვლიდან პირველივე შეტევაში ლენომ რიკარდო როდრიგესის დარტყმა მოიგერია, მაგრამ ბურთი მიიღო დოსტმა, რომელმაც დრაქსლერს მიაწოდა და მან გამარჯვების გოლი შეაგდო.

ექსშალკელმა პირველი გოლი გაიტანა ბუნდესლიგაში ახალი კლუბის შემადგენლობაში. დარჩენილ დროში "ლევერკუზენს" შეეძლო მეორედ ანგარიშის გათანაბრება, მაგრამ ვენდელმა ძელს გაარტყა ბურთი. ბოლო რვა თვეში პირველად, "ვოლფსბურგმა" ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და მესამე ადგილზე გადავიდა, "ლევერკუზენი" კი მეშვიდე ადგილამდე დაეშვა.

* * *
გრძელდება "გლადბახისა" და მისი ახალი მთავარი მწვრთნელის, ანდრე შუბერტის ბრწყინვალე სვლა. გუნდმა ზედიზედ მეექვსე შეხვედრა მოიგო, რასაც ემატება შუა კვირას, გერმანიის თასის 1/16-ფინალში გამარჯვება. შუბერტი გახდა მეორე მწვრთნელი ისტორიაში, ვინც დანიშვნის შემდეგ პირველი ექვსი შეხვედრა მოიგო. მანამდე ეს გააკეთა ვილი ენტემანმა 1986 წელს, როცა "შტუტგარტს" ედგა სათავეში.

ექვსი ტურის წინ ბოლო ადგილზე მყოფი "ბორუსია" ახლა მხოლოდ ორი ქულით არის დაშორებული ჩემპიონთა ლიგის ზონას.

XI ტური
30 ოქტომბერი
აინტრახტი-ბაიერნი 0:0
აინტრახტი: ჰრადეცკი, ჰასებე, სამბრანო, აბრაჰამი, ოშჩიპკა, იგნიოვსკი, მედოიევიჩი (77. რუსი), აიგნერი (88. რაინარტცი), შტენდერა (90. ჯაკპა), მაიერი, სეფეროვიჩი.
ბაიერნი: ნოიერი, ლამი (76. ალაბა), ბოატენგი, ხავი მარტინესი, რაფინია (65. მიულერი), ჩაბი ალონსო, ვიდალი, დუგლას კოშტა, რობენი, ლევანდოვსკი, კომანი (65. ტიაგო ალკანტარა).
გაფრთხილება: აიგნერი, სეფეროვიჩი, აბრაჰამი, იგნიოვსკი - ლამი, რობენი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 13-14 თამაშგარე: 1-4 კარში დარტყმა: 8(2)-10(2) ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 51 500

31 ოქტომბერი
შალკე-ინგოლშტადტი 1:1
გოლები: 0:1 ლეველსი (39), 1:1 ლ. სანე (77)
შალკე: ფერმანი, ჟუნიორ კაისარა ჰიოვედესი, ჯ. მატიპი, აოგო, გორეტცკა (68. ჰოიბერგი), კოლაშინაცი (46. ჩუპო-მოტინგი), ლ. სანე, მაიერი, დი სანტო, ჰუნტელაარი.
ინგოლშტადტი: იოზჩანი, ლეველსი, მ. მატიპი, ბ. ჰიუბნერი, ზუტნერი, ბრეჟერი, მო. ჰარტმანი (74. რო. ბაუერი), კრისტიანსენი, გროსი, კაჩუნგა (56. ჰინტერსეერი), ლეკი (79. მორალესი).
გაფრთხილება: ჰიოვედესი - გროსი, ჰინტერსეერი
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 17-17 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 18(3)-7(2) ბურთის ფლობა: 59%-41%
მაყურებელი: 60 144

აუგსბურგი-მაინცი 3:3
გოლები: 0:1 მუტო (19), 0:2 მუტო (30), 1:2 ვერჰაეგი (42-პენ), 2:2 კოო (50), 3:2 ბობადილია (81), 3:3 მუტო (90+3)
აუგსბურგი: ჰიტცი, ვერჰაეგი, ჰონგი (76. კალსენ-ბრაკერი), კლავანი, ფოილნერი, ბაიერი (64. კორი), კოო, ბობადილია, ჟი (73. ესვაინი), კაიუბი, მატავჟი.
მაინცი: კარიუსი, ბალოგუნი (59. ბროსინსკი), ბუნგერტი, ბელი, ბენგტსონი, ლატცა, ხარა (84. ნიდერლეხნერი), დე ბლასისი, ხაირო (84. ს. სერდარი), მალი, მუტო.
გაფრთხილება: ჟი, კოო, კორი - დე ბლასისი, ხარა, ლატცა
კუთხური: 11-4 ჯარიმა: 11-12 თამაშგარე: 2-0 კარში დარტყმა: 27(10)-10(6) ბურთის ფლობა: 59%-34%
მაყურებელი: 27 200

ვერდერი-დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 როისი (9), 1:1 უჯა (32), 1:2 მხითარიანი (44), 1:3 როისი (72)
ვერდერი: ვიდვალდი, გერბესელასიე, ვესტერგაარდი, გალვესი, შტერნბერგი, ბარგფრედე, ბარტელსი (83. პისარო), ფრიტცი (82. ფრიოდე), გრილიტში (77. ლორენცენი), იუნუზოვიჩი, უჯა.
დორტმუნდი: ბიურკი, გინტერი (85. პიშჩეკი), პაპასტატოპულოსი, ჰუმელსი, პარკი (76. შმელცერი), ვაიგლი, გიუნდოგანი, კაგავა, მხითარიანი, როისი (77. გონსალო კასტრო), ობამეიანგი.
გაფრთხილება: შტერნბერგი, ფრიტცი, გალვესი
კუთხური: 1-9 ჯარიმა: 17-15 თამაშგარე: 2-7 კარში დარტყმა: 8(2)-11(6) ბურთის ფლობა: 32%-68%
მაყურებელი: 42 100

კიოლნი-ჰოფენჰაიმი 0:0
კიოლნი: ჰორნი, რისე, სიორენსენი (58. მაროჰი), ჰაინტცი, ჰექტორი, ლემანი, ფოგტი, ოსაკო, ნაგასავა (46. ბიტენკურტი), ჰოსინერი, მოდესტე.
ჰოფენჰაიმი: ბაუმანი, კადერაბეკი (61. ტოლიანი), შტრიობლი, ზიულე, კიმი, შვეგლერი, პოლანსკი, რუდი, შმიდი, უტი (74. კურანი), ე. ვარგასი (90. ნად. ამირი).
გაფრთხილება: ოსაკო, მაროჰი - შვეგლერი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 11-15 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 13(4)-10(4) ბურთის ფლობა: 53%-47%
მაყურებელი: 48 000

ჰერტა-გლადბახი 1:4
გოლები: 0:1 ვენდტი (26), 0:2 რაფაელი (28), 0:3 ჯაკა (55-პენ), 1:3 ბაუმიოჰანი (82-პენ), 1:4 ნორდტვეიტი (90+1)
ჰერტა: იარშტეინი, ვაიზერი, ლანგკამპი, ლუშტენბერგერი, პლატენჰარდტი, სკიელბრედი, დარიდა, ჰარაგუჩი, ჩიგერჩი (62. რონი), შტოკერი (78. რეგესელი), კალუ (46. ბაუმიოჰანი).
გლადბახი: ზომერი, ნორდტვეიტი, ა. კრისტენსენი, ალვარო დომინგესი, ვენდტი, დაუდი (71. მ. შულცი), ჯაკა, ტრაორე, ჯონსონი, შტინდლი (90. ჰრგოტა), რაფაელი (74. აზარი).
გაფრთხილება: ლანგკამპი, შტოკერი - ჯონსონი
კუთხური: 5-4 ჯარიმა: 9-13 თამაშგარე: 2-2 კარში დარტყმა: 14(6)-11(7) ბურთის ფლობა: 44%-56%
მაყურებელი: 58 566

ვოლფსბურგი-ლევერკუზენი 2:1
გოლები: 1:0 ბენდტნერი (34), 1:1 ერნანდესი (40), 2:1 დრაქსლერი (77)
ვოლფსბურგი: ბენალიო, იუნგი, ნალდო, კლოზე, როდრიგესი, ლუიშ გუსტავო, არნოლდი (73. დრაქსლერი), ვიეირინია (61. გილავოგი), კალიჯური, შიურლე, ბენდტნერი (74. დოსტი).
ლევერკუზენი: ლენო, დონატი, ტაჰი, პაპადოპულოსი (76. თოფრაქი), ვენდელი, კრამერი, კამპლი, ბელარაბი, მეჰმედი, ჩალჰანოგლუ (72. ბრანდტი), ერნანდესი (81. კისლინგი).
გაფრთხილება: პაპადოპულოსი, ვენდელი
კუთხური: 5-5 ჯარიმა: 16-15 თამაშგარე: 0-5 კარში დარტყმა: 13(4)-15(6) ბურთის ფლობა: 50%-50%
მაყურებელი: 28 766

1 ნოემბერი
შტუტგარტი-დარმშტადტი 2:0
გოლები: 1:0 გარიჩი (68-საკ. კარში), 2:0 ტიმო ვერნერი (90+4)
შტუტგარტი: ტიტონი, კლაინი, სუნიჩი, ბაუმგარტლი, ინსუა, შვააბი, სერეი დიე (62. კლიმენტი), გენტნერი, დიდავი (87. ჰლუშეკი), ჰარნიკი (31. მაქსიმი), ტიმო ვერნერი.
დარმშტადტი: მატენია, გარიჩი, სულუ, კალდიროლა, ხუნიორ დიასი, გონდორფი, ნიმაიერი (80. ვრანჩიჩი), ჰელერი, რაუში (71. კემპე), როზენტალი (84. შტორ-ენგელი), ვაგნერი.
გაფრთხილება: ტიტონი, სერეი დიე, კლაინი - გარიჩი, ხუნიორ დიასი
კუთხური: 7-5 ჯარიმა: 21-15 თამაშგარე: 2-6 კარში დარტყმა: 18(4)-17(5) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 55 200

ჰამბურგი-ჰანოვერი 1:2
გოლები: 1:0 გრეგორშიტცი (6), 1:1 კიიოტაკე (59-პენ), 1:2 ს. სანე (67)
ჰამბურგი: ადლერი, დიკმაიერი, სპაჰიჩი, ჯურუ, ოშტრჩოლეკი, დიასი, ჰოლტბი (88. კლებერი), ნ. მიულერი, გრეგორშიტცი (73. ილიჩევიჩი), ლასოგა, შიპლოკი (81. ოლიჩი).
ჰანოვერი: ცილერი, ჰ. საკაი, მარსელო, კ. შულცი, ალბორნოსი, შმიდებახი (46. სენტ მაქსიმინი), ს. სანე, კლაუსი (46. ბეხი), ანდრეასენი, კიიოტაკე (83. ფელიპე), ა. ზობიხი.
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 12-15 თამაშგარე: 1-2 კარში დარტყმა: 15(4)-5(2) ბურთის ფლობა: 54%-46%
მაყურებელი: 54 000

ბომბარდირები: 13 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 10 - თომას მიულერი (ბაიერნი); 7 -მარკო როისი (დორტმუნდი).

მომდევნო ტური
6 ნოემბერი:
ჰანოვერი-ჰერტა;

7 ნოემბერი:
ბაიერნი-შტუტგარტი, ლევერკუზენი-კიოლნი, გლადბახი-ინგოლშტადტი, ჰოფენჰაიმი-აინტრახტი, მაინცი-ვოლფსბურგი, დარმშტადტი-ჰამბურგი;

8 ნოემბერი:
დორტმუნდი-შალკე; აუგსბურგი-ვერდერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული