ბუნდესლიგა. XVII ტურის წინ: ვინ სად გამოიზამთრებს?

AutoSharing Option
ბუნდესლიგა 2015/16-ის პირველი წრის უკანასკნელი ტური არცერთ გამორჩეულ ტოპ-მატჩს არ გვთავაზობს.

"კიკერმა" წლის ბოლო ტურის ცენტრალურ მატჩად "ჰერტასა" და "მაინცის" დუელი შერაცხა, რომელიც კვირას გაიმართება, თუმცა ჩვენი გერმანელი კოლეგები იქვე დასძენენ, რომ ეს აბსოლუტურად მოულოდნელი ტოპ-შეხვედრაა, რადგან სეზონის დასაწყისში ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინელები ან მაინცელები ევროტურნირების საგზურებისთვის იბრძოლებენ, ახლა კი, სეზონის პირველი ნახევრის მიწურულს, "ჰერტა" მესამე ადგილზეა, "მაინცი" კი - მეშვიდეზე.

მანამდე კი სხვა შეხვედრებია და, ზოგადად, ტური დღეს "შალკესა" და "ჰოფენჰაიმის" დუელით იწყება. ეს შეხვედრა განსაკუთრებით საინტერესოა იმის გამო,
რომ "ჰოფენჰაიმის" თავკაცი ჰუუბ სტევენსი ადრე ორჯერ წვრთნიდა "შალკეს" - ჯერ 1996-დან 2002 წლამდე, მერე კი - 2011 წლის სექტემბრიდან 2012 წლის დეკემბრამდე.

ამრიგად, 62 წლის სპეციალისტი ჩადის იმ ქალაქში, სადაც ძალიან უყვართ, მაგრამ გელზენკირხენელებისგან საჩუქრებს არ უნდა ელოდოს, რადგან "შალკეს" თავადაც ჰაერივით სჭირდება ქულები, რათა პირველი წრე ევროსარბიელის ზონაში დაასრულოს. "ჰოფენჰაიმმა" წინა ტურში "ჰანოვერს" 1:0 მოუგო და ეს იყო "სოფლელების" პირველი გამარჯვება მას მერე, რაც მათ სტევენსი ავარჯიშებს.

"ვიცით, რომ გელზენკირხენში წარმატების მიღწევა რთულია, მაგრამ ჩვენ ძალიან გვჭირდება ეს სენსაცია", - აცხადებს სტევენსი.

დაძაბული მატჩები ჰამბურგსა და ფრანკფურტში
"ჰამბურგმა" პირველი წრე სტაბილურად ჩაატარა და ახლა ჩრდილოელებს სეზონის პირველი ნახევრის წარმატებით დაგვირგვინება სურთ. თუმცა ჩრდილოელთა მეტოქე ამ ტურში "აუგსბურგია" - გუნდი, რომელმაც სეზონი ცუდად დაიწყო, თუმცა ბოლო ტურებში აზრზე მოვიდა, ოთხმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ორი ტურია, იგებს.

აი, ფრანკფურტის "აინტრახტისა" და ბრემენის "ვერდერის" დაპირისპირება კი ცუდად მოასპარეზე გუნდების დუელია. წაგების შემთხვევაში ორივე გუნდს გასავარდნ ზონაში გამოზამთრების საფრთხე ემუქრება. "აინტრახტის" თავკაცმა არმინ ფეემ ამ კვირაში ფეხბურთელებს ჟურნალისტებთან ურთიერთობა აუკრძალა და ვარჯიშებიც დახურა - არავის არაფერი უნდა მოუყვნენ, ან რა აქვთ მოსაყოლიო.

გასაკვირი არაა, რომ ფეეს სურს, მისი შეგირდები მხოლოდ "ვერდერთან" მატჩზე იყვნენ კონცენტრირებულები, რადგან "აინტრახტმა" ზედიზედ ოთხი თამაში წააგო და 6-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

მართალია, "ვერდერიც" უხეიროდ თამაშობს და ბუნდესლიგაში 4 ტურია, არ მოუგია (0/2/2), მაგრამ, სამაგიეროდ, "მუსიკოსებმა" გერმანიის თასზე მიაღწიეს სერიოზულ წარმატებას, დაამარცხეს რა "გლადბახი" სტუმრად 4:3.

"კიოლნი" "დორტმუნდს" ემუქრება
მოგებას "კიოლნიც" 4 ტურია, ამაოდ ელოდება (0/3/1) და საერთოდ, ბოლო 8 ტურში "თხებმა" მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს (1/4/3). ამიტომაცაა, რომ კიოლნელთა თავკაცი პეტერ შტიოგერი შეგირდებისგან დორტმუნდის "ბორუსიასთან" მაქსიმალურ თავდადებას ითხოვს. "კიოლნი" ცხრილში ნორმალურ პოზიციაზეა, თუმცა ბოლოდროინდელი რეგრესი აშკარაა.

სამაგიეროდ, მშვენიერ ფორმაშია "თხების" მეკარე ჰორნი, რომელიც დღესდღეობით, "კიკერის" შეფასებების მიხედვით, ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთეს კიპერია (2.56). დორტმუნდელები კი ძალიან კარგ ხასიათზე არიან, რადგან ზედიზედ სამი თამაში მოიგეს და მეორე ადგილზე პოზიცია გაიმყარეს, თუმცა კვლავ მარკო როისის გარეშე მოუწევთ თამაში.

რაც მთავარია, მწყობრშია პიერ-ემერიკ ობამეიანგი, რომელიც 18 გოლით ბუნდესლიგის ბომბარდირთა რეიტინგს სათავეში უდგას.

"ჰანოვერის" ურთულესი საშინაო დავალება
"ჰანოვერი" ურთულეს სიტუაციაშია. თავმომწონე ქვემოსაქსონიელები გადარჩენისთვის ბრძოლაში არიან ჩაბმულები და პირველი წრის ბოლო ტურში თვით მიუნხენის "ბაიერნს" ხვდებიან. "ურთულესი ამოცანის წინაშე ვართ. წარმოდგენა არ მაქვს, რა არის "ბაიერნის" სუსტი წერტილი. მიუნხენელებს სათადარიგოთა სკამზეც კი საუკეთესო ფეხბურთელები ჰყავთ. ჩემთვის "ბაიერნი" მსოფლიოში უძლიერესი კლუბია", - ამბობს ჰანოვერელთა ნახევარმცველი ანდრეასენი და თანაგუნდელებს მხოლოდ ერთ რამეს ურჩევს:

"მაქსიმალური მონდომება და კონცენტრაცია - "ბაიერნთან" მხოლოდ ასე თუ გამოგვივა რამე".

ბავარიელებს ალაბა, ბენატია, ბერნატი, დუგლას კოშტა, გიოტცე, რიბერი და რობენი აკლიათ. თუმცა "ბაიერნის" სპორტული დირექტორი მათიას ზამერი ამბობს, ჰანოვერში მათ გარეშეც უნდა მოვიგოთო: "ვინც არ უნდა გვყავდეს ტრავმირებული, 16 საუკეთესო მოთამაშე მაინც გვყავს!" - აცხადებს ზამერი.

"შტუტგარტი" ბოლო ადგილზე გამოიზამთრებს?
შტუტგარტელებს ძალიან არ უნდათ, რომ შობა-ახალ წელს მე-18 ადგილზე შეხვდნენ, მაგრამ "ვოლფსბურგის" დამარცხება ადვილი არაა. თანაც, შვაბებს ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ (0/2/3).

თუმცა ბოლო დროს ვეღარც "ვოლფსბურგი" ბრწყინავს - "მგლებმა" ბოლო სამ ტურში მხოლოდ ორ ქულას მოუყარეს თავი და საუკეთესო ოთხეულში გამოზამთრებაც კი ეჭვქვეშ დააყენეს.

სამაგიეროდ, ბერლინის "ჰერტაა" მოწოდების სიმაღლეზე. დედაქალაქელებმა ბოლო ხუთ მატჩში 15 შესაძლოდან 12 ქულა აიღეს და პირველი წრის ბოლო ტურის წინ მესამე ადგილზე არიან, რაც "ჰერტასთვის" სერიოზული წარმატებაა - საფეხბურთო ბერლინი ჩემპიონთა ლიგის ჰიმნზე ოცნებობს.

კარგ ფორმაშია "ჰერტას" მეტოქე "მაინციც", რომელსაც ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (3/3/0). ამიტომაც შერაცხა "კიკერმა" ეს მატჩი ტურის ცენტრალურ დაპირისპირებად.

მე-17 ტური კვირას საღამოს "გლადბახისა" და "დარმშტადტის" დუელით დამთავრდება.

წინა ტურში მიონხენგლადბახელთა ზღაპრული აღმასვლა "ლევერკუზენთან" 0:5-ზე განადგურებით შეწყდა, რასაც თასზე "ვერდერთან" მარცხიც მოჰყვა და საინტერესოა, მოახერხებენ თუ არა მიონხენგლადბახელები შოკიდან გამოსვლას და კარგი პირველი წრის გამარჯვებით დასრულებას.

პარასკევი. 18 დეკემბერი
შალკე-ჰოფენჰაიმი 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ნასტასიჩი, უჩიდა, ჰიოგერი - გრალი, ცუბერი. კურანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +5=4-5 (25-18)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=4-1

შაბათი. 19 დეკემბერი
ჰამბურგი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - კორი
ტრავმა: კლებერი, ეკდალი, კაჩარი - კალსენ-ბრაკერი, ს. პარკერი, ტობიას ვერნერი
ურთიერთშეხვედრები
სულ 8 მატჩი: +2=1-5 (8-12)
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1

აინტრახტი-ვერდერი 18:30
დისკვალიფიკაცია: მედოიევიჩი
ტრავმა: ბალაიევი, ანდერსონი, ფლუმი, კიტელი, რაინარტცი, კასტაინოსი - ვოლფი, იუნუზოვიჩი, ილდირიმი, იოჰანსონი
ურთიერთშეხვედრები
სულ 90 მატჩი: +32=19-39 (131-143)
ბოლო 6 მატჩი
+0=2-4 +1=2-3

კიოლნი-დორტმუნდი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: - დურმი, როისი, შაჰინი
ურთიერთშეხვედრები
სულ 80 მატჩი: +26=20-34 (116-128)
ბოლო 6 მატჩი
+1=4-1 +5=0-1

ჰანოვერი-ბაიერნი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კიიოტაკე - ალაბა, ბენატია, ხუან ბერნატი, დუგლას კოშტა, გიოტცე, ლამი, რიბერი, რობენი
ურთიერთშეხვედრები
სულ 52 მატჩი: +9=8-35 (52-144)
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +4=1-1

ინგოლშტადტი-ლევერკუზენი 18:30
დისკვალიფიკაცია: - ბიონიში
ტრავმა: ენგელი, ზუტნერი - ჰილბერტი, იედვაი, არანგისი, ლ. ბენდერი
ურთიერთშეხვედრები
არ უთამაშიათ
ბოლო 6 მატჩი
+1=3-2 +2=1-3

შტუტგარტი-ვოლფსბურგი 21:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგერაკი, გინჩეკი, ჰარნიკი - როდრიგესი, ლუიშ გუსტავო
ურთიერთშეხვედრები
სულ 36 მატჩი: +15=5-15 (49-57)
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2

კვირა. 20 დეკემბერი
ჰერტა-მაინცი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კრაფტი, პეკარიკი, შტარკი, ჩიგერჩი, ალაგუი, შიბერი - სოტო
ურთიერთშეხვედრები
სულ 14 მატჩი: +5=6-3 (23-16)
ბოლო 6 მატჩი
+4=0-2 +3=3-0

გლადბახი-დარმშტადტი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი, შტრანცლი, ჰერმანი, ნ. შულცი, ჰანი
ურთიერთშეხვედრები
სულ 4 მატჩი: +2=1-1 (10-5)
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +1=2-3

ბომბარდირები: 18 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 15 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - თომას მიულერი (ბაიერნი); 10 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული