ბუნდესლიგა. XXVI ტურის წინ: პისაროს დაბრუნება და კოვაჩის დებიუტი

AutoSharing Option
გერმანიის ჩემპიონატის 26-ე ტური დღეს "ჰერტას" (მე-3 ადგილი) და "შალკეს" (მე-4) დაპირისპირებით იწყება - ეს გახლავთ დუელი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის. შაბათს ფრანკფურტის "აინტრახტის" მთავარი მწვრთნელის რანგში ნიკო კოვაჩის დებიუტი შედგება - ფრანკფურტელები მიონხენგლადბახში ჩადიან.

საღამოს კი ბუნდესლიგის კლასიკაა - "ბაიერნი" "ვერდერს" მასპინძლობს. დორტმუნდის "ბორუსია" კვირას თამაშობს - თომას ტუხელის შეგირდები "მაინცს" ხვდებიან.

ბუნდესლიგა ნელ-ნელა, გადამწყვეტ ფაზაში შედის და ამიერიდან ყველა მნიშვნელოვანი მატჩი ორმაგად საინტერესოა. მაგალითად, ამ ტურის პირველი შეხვედრა, რომელშიც სასწორზე ჩემპიონთა ლიგის საგზური დევს: მესამე ადგილზე მყოფი "ჰერტა" უახლოეს
მდევარს, "შალკეს" მასპინძლობს.

გელზენკირხენული კლუბი "ჰერტასთვის" საკმაოდ საშიში მეტოქეა: 14 თამაშია, ბერლინელებს "შალკე" არ დაუმარცხებიათ (ბურთების შეფარდება: 5:25). "ჰერტას" კარში გოლების გატანა განსაკუთრებით კლაას-იან ჰუნტელაარს უყვარს (5 მატჩში 5 გოლი და 2 საგოლე პასი). ბერლინელთა იმედი ამ მატჩში ისაა, რომ "ჰერტას" საკუთარ მოედანზე 7-თამაშიანი წაუგებელი სერია აქვს.

კოვაჩის დებიუტი
მიონხენგლადბახის "ბორუსიას" მიზანი ამ სეზონში, მინიმუმ, მე-6 ადგილის დაკავება და ევროპალიგაზე მოხვედრაა. "გლადბახი" ახლა სწორედ მე-6 პოზიციაზეა, თუმცა მდევრების სუნთქვას გრძნობს - "ვოლფსბურგი" მხოლოდ ორი ქულით ჩამორჩება, "ლევერკუზენი" - სამით. ამიტომაც მიონხენგლადბახელთათვის "აინტრახტთან" სამი ქულის აღება სავალდებულოა. აქვე, აუცილებლად უნდა გავიხსენოთ პირველი წრის შეხვედრა, როცა "გლადბახმა" ფრანკფურტში 5:1 მოიგო.

ისიც ვთქვათ, რომ "გლადბახი" საგოლე მომენტების გამოყენების მხრივ საუკეთესო გუნდია ბუნდესლიგაში (35.2 პროცენტი) და ამასთან, მიონხენგლადბახელი ფეხბურთელები ძალიან ბევრს დარბიან (საშუალოდ 117 კილომეტრი მატჩში, მეორე შედეგი).

შედარებისთვის: "აინტრახტის" ფეხბურთელები ყველაზე ცოტას დარბიან - მხოლოდ 111.8 კილომეტრი საშუალოდ ერთ შეხვედრაში. ფრანკფურტელებს 7-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ (0/4/3) და სწორედ ამ სერიას გადაჰყვა მთავარი მწვრთნელი არმინ ფეე, რომელიც ნიკო კოვაჩმა შეცვალა. ამ უკანასკნელს სჯერა, რომ "აინტრახტს" ელიტაში დატოვებს.

ბევრი გოლი ჰოფენჰაიმში?
ისტორია და სტატისტიკა გვპირდება, რომ "ჰოფენჰაიმისა" და "ვოლფსბურგის" შეხვედრაში ბევრი გოლი უნდა ვნახოთ. საქმე იმაშია, რომ ამ გუნდების 15 დაპირისპირებაში ჯამში 61 გოლი (საშუალოდ 4,1 გოლი ერთ მატჩში) გავიდა.

"ჰოფენჰაიმს" მეორე ბუნდესლიგაში დაქვეითების საფრთხე ემუქრება და ბოლო დროს განსაკუთრებით ბევრ ბურთს უშვებს. "ვოლფსბურგი" კი პირიქით, აზრზე მოვიდა და ბოლოს ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო, რითაც მე-7 ადგილამდე აღზევდა და სასურველ ევროზონას მიუახლოვდა.

ბუნდესლიგის კლასიკა შაბათს საღამოს
მიუხედავად იმისა, რომ ბრემენელები დიდი ხანია, ვეღარ ახერხებენ ჩემპიონობისთვის ან თუნდაც ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლას, "ბაიერნისა" და "ვერდერის" დაპირისპირება ისეთი დუელია, ყოველთვის უდიდეს ინტერესს რომ იწვევს. ეს არის ბუნდესლიგის კლასიკა, რომელიც ყოველთვის საინტერესოა.

თანაც, "ბაიერნს" სატურნირო ცხრილში აღარ აქვს ისეთი დიდი უპირატესობა, თავი მშვიდად რომ იგრძნოს. თომას მიულერმაც თქვა, მართალია, დორტმუნდს 5 ქულით ვუსწრებთ და ეს ნამდვილად არ არის ცოტა, მაგრამ სეზონის ბოლომდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი და ძალიან ყურადღებით უნდა ვიყოთ, ფეხი აღარ უნდა დაგვიცდესო. აღსანიშნავია, რომ შუა კვირაში "ბაიერნს" "იუვენტუსთან" მნიშვნელოვანი დუელი ელის - ამიტომაც პეპ გვარდიოლასგან ისევ როტაციას ველოდებით.

"ვერდერმა" ზედიზედ ორი მატჩი მოიგო და კარგ ფორმაშია, თუმცა ბრემენელებს "ბაიერნთან", ფრიტცისა და იუნუზოვიჩის სახით, დისკვალიფიკაციების გამო ორი მნიშვნელოვანი ფიგურა აკლიათ. სამაგიეროდ, შესანიშნავ ფორმაშია ვეტერანი თავდამსხმელი კლაუდიო პისარო (11 გოლი), რომელსაც "ბაიერნშიც" არაერთი ბრწყინვალე სეზონი აქვს გატარებული. პისარომ ბოლო 3 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა და ახლა ყოფილ თანაგუნდელებს შეხვდება.

"რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია, რომ ისევ გავალ "ალიანც არენაზე" და ჩემს მეგობრებს ვნახავ. იმედი მაქვს, რომ მიუნხენში მოვიგებთ - უმჯობესია, ეს ჩემი გოლით მოხდეს", - უთხრა პისარომ ჩვენს გერმანელ კოლეგებს. პისარომ მიუნხენში გოლი მართლაც რომ გაიტანოს, მარტო "ვერდერისთვის" 101 გოლი ექნება გატანილი და ამით კლუბის ბომბარდირის, მარკო ბოდეს რეკორდს გაიმეორებს.

"დორტმუნდი" მეგობარ "მაინცს" ხვდება
კვირის პირველი შეხვედრა "ლევერკუზენისა" და "ჰამბურგის" ჯახია. 25 ტურის შემდეგ "ლევერკუზენისთვის" მე-8 ადგილზე ყოფნა ძალიან ცუდი შედეგია, თუმცა "ბაიერს" ჯერ კიდევ აქვს კარგი შანსი, რომ არათუ ევროპალიგის მიღმა არ დარჩეს, არამედ ჩემპიონთა ლიგის საგზურიც კი მოიპოვოს, რადგან "ფარმაცევტებს" მე-4 ადგილამდე მხოლოდ 5 ქულა აშორებთ.

პრობლემა ის არის, რომ "ლევერკუზენს" 4-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და თანაც, ამ ოთხიდან სამი შეხვედრა წააგო. ტენდენცია იქით მიდის, რომ თუ "ჰამბურგთანაც" ვერ გაიმარჯვებენ, შესაძლოა მთავარი მწვრთნელი როჯერ შმიდტი გაათავისუფლონ.

წინა ტურში "დორტმუნდმა" "ბაიერნის" დამარცხება ვერ შეძლო, მაგრამ იმდენი მაინც მოახერხა, რომ "მაინცის" გაკეთებული საქმე არ გააფუჭა და რეკორდმაისტერს ისევ 5 ქულით ჩამორჩება. ამ ტურში დორტმუნდელები სწორედ "მაინცს" ხვდებიან - გუნდს, რომელიც "ბორუსიას" მეგობრად მიიჩნევა.

"ბაიერნისთვის" კონკურენციის ბოლომდე გაწევა, რა თქმა უნდა, შესაძლებელია. ცხადია, არც ჩემპიონობის იმედი დაგვიკარგავს, ოღონდ იმისათვის, რომ ბოლომდე ვიბრძოლოთ, საჭიროა, მიუნხენელებს ისევ დაუცდეთ ფეხი, ჩვენ კი ყველა შეხვედრაში მაქსიმალურად მობილიზებულები უნდა ვიყოთ", - ამბობს დორტმუნდელთა ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი.

აღსანიშნავია, რომ "მაინციც" შესანიშნავ ფორმაშია (5 მოგება ბოლო 7 მატჩიდან) - მაინცელებს დღესვე აქვთ იმდენი ქულა, რამდენიც წინა სეზონში დააგროვეს (40). და ქულები "მაინცსაც" ძალიან სჭირდება - გუნდი მეხუთე ადგილზეა და ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის რეალური შანსი აქვს ("შალკეს" მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება).

არც ის დაგვავიწყდეს, რომ დორტმუნდელთა დამრიგებელი თომას ტუხელი "ბორუსიამდე" სწორედ "მაინცის" თავკაცი იყო - ისევე, როგორც მისი წინამორბედი იურგენ კლოპი...

პარასკევი. 11 მარტი
ჰერტა-შალკე 23:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ლანგკამპი, ალაგუი, კურტი - ჰიოვედესი, ნასტასიჩი, უჩიდა, გორეტცკა
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +3=2-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 მატჩი: +21=11-31 (63-90)

შაბათი. 12 მარტი
გლადბახი-აინტრახტი 18:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი, იანტჩკე, შტრანცლი, ვენდტი, ნ. შულცი - ჰადეცკი, ანდერსონი, იგნიოვსკი, ფლუმი, გაჩინოვიჩი, მაიერი, რაინარტცი, შტენდერა
ბოლო 6 მატჩი
+3=1-2 +0=3-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 83 მატჩი: +28=23-32 (123-131)

ჰანოვერი-კიოლნი 18:30
დისკვალიფიკაცია: - მაროჰი
ტრავმა: ფელიპე, ანდრეასენი, ბეხი, ბენშოპი - ცოლერი
ბოლო 6 მატჩი
+1=0-5 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 მატჩი: +19=7-17 (57-62)

ჰოფენჰაიმი-ვოლფსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: პოლანსკი, რუდი
ტრავმა: კიმი, ჰერდლინგი - ბენალიო, იუნგი, ნალდო, სეგუინი, ბენდტნერი, დოსტი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 მატჩი: +4=3-8 (25-36)

ინგოლშტადტი-შტუტგარტი 18:30
დისკვალიფიკაცია: გროსი
ტრავმა: ლეველსი, დანილო, მორალესი - ბარბა, ფერატი, გინჩეკი, ჰარნიკი
ბოლო 6 მატჩი
+2=3-1 +3=1-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-1)

დარმშტადტი-აუგსბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - გუველეუვი
ტრავმა: გარიჩი, როზენტალი, შტორ-ენგელი - კალსენ-ბრაკერი, ბაიერი, ფოილნერი, მორავეკი, ტროხოვსკი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +1=2-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +1=0-0 (2-0)

ბაიერნი-ვერდერი 21:30
დისკვალიფიკაცია: - ფრიტცი, იუნუზოვიჩი
ტრავმა: ბადშტუბერი, ბოატენგი, ხავი მარტინესი - ვოლფი, ცეტერერი, შტერნბერგი, ბარგფრედე, იოჰანსონი
ბოლო 6 მატჩი
+3=2-1 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 99 მატჩი: +48=25-26 (189-119)

კვირა. 13 მარტი
ლევერკუზენი-ჰამბურგი 18:30
დისკვალიფიკაცია: - სპაჰიჩი
ტრავმა: ჰილბერტი, არანგისი, ლ. ბენდერი, კამპლი - გიოტცი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=3-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 73 მატჩი: +26=20-27 (91-106)

დორტმუნდი-მაინცი 20:30
დისკვალიფიკაცია: - დონატი
ტრავმა: - ბენგტსონი, ბუნგერტი, კლემენტი, სოტო, ბერგრეენი, მუტო
ბოლო 6 მატჩი
+4=2-0 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 19 მატჩი: +10=6-3 (31-17)

ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 22 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 17 - თომას მიულერი (ბაიერნი); 14 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული