პირველ რიგში, "იუვენტუსის" ნახევარმცველმა პასუხი გასცა იმ სკეპტიკოსებს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედისა" და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველი ბასტიან შვაინშტაიგერი ძველებურად მრისხანედ ვეღარ გამოიყურება.
ხედირას ნააზრევის მოსმენა საინტერესო უნდა იყოს. მით უმეტეს, იტალიასთან ამხანაგური მატჩის წინ სამიმ სანაკრებო ამბებზეც ილაპარაკა და გაიხსენა რამდენიმე დღის წინ გამართული უცნაური შეხვედრა, რომელშიც გერმანია ორი ბურთით უგებდა მუდმივ მეტოქე ინგლისს, მაგრამ საბოლოოდ მაინც დამარცხდა.
სხვათა შორის, "შვაინის" არყოფნაში გერმანიის ნაკრებს სწორედ ხედირა
"ჩემთვის უდიდესი პატივია გერმანიის ნაკრების კაპიტნობა და ისეთი ფეხბურთელის შეცვლა, როგორიცაა შვაინშტაიგერი. ჩვენს გუნდში არაერთი ისეთი მოთამაშეა, რომელსაც კაპიტნობა შეუძლია, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას მთავარი მწვრთნელი იღებს.
თითოეული ჩვენგანი მზადაა, შეასრულოს ეს რთული და საპასუხისმგებლო მისია, მაგრამ ბასტიანი რჩება გერმანიის ნაკრების კაპიტნად. დარწმუნებული ვარ, ის მაშინვე გაიკეთებს კაპიტნის სამკლავურს, როგორც კი გამოჯანმრთელდება", - ამბობს ხედირა.
შვაინშტაიგერი ახლა 31 წლისაა. გაუთავებელი ტრავმების გამო ის ვეღარ აჩვენებს მისთვის დამახასიათებელ თამაშს. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ასაკის ბრალია. სამი სულ სხვანაირად ფიქრობს:
"მისი ჩამოწერა ნაადრევია და ვინც ასე ფიქრობს, მწარედ ცდება. მჯერა, "შვაინი" ბევრ დიდებულ თამაშს ჩაატარებს. მისი განწყობა და ფეხბურთისადმი სიყვარული ამის თქმის საფუძველს მაძლევს".
მაინც, რა მოხდა ინგლისთან შეხვედრაში? როგორც წესი, გერმანიას არ სჩვევია ასეთი რამეები. ბუნდესმანშაფტი ორი ბურთით იგებდა და მაინც დამარცხდა. რა იყო ეს, სისუსტე თუ გამარჯვების ნაადრევი რწმენა?
"როგორც წესი, ამხანაგურ შეხვედრებში შედეგს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს ხოლმე, მაგრამ გერმანიის ნაკრები ყველა მატჩში მოსაგებად გადის მინდორზე და ამჯერადაც ასე იყო.
ჩვენ თავიდანვე მოვიპოვეთ მნიშვნელოვანი უპირატესობა, მაგრამ ვერ შევინარჩუნეთ ის და დავისაჯეთ. ეს ფეხბურთია და ასეთი რამეები ხდება. კარგია, რომ ეს ამხანაგურ მატჩში მოხდა და არა ოფიციალურ შეხვედრაში.
ამხანაგურ თამაშებს სხვა დანიშნულება აქვს. მწვრთნელები სხვადასხვა ტაქტიკურ ნიუანსს ხვეწენ, არჩევენ ოპტიმალურ შემადგენლობას. სწორედ ასე იყო ამჯერადაც. ეს იყო შემთხვევითი ჩავარდნა, რომელიც აღარ განმეორდება", - მიიჩნევს ხედირა.
რას უნდა ველოდოთ გერმანიის ნაკრებისგან ევროპის ჩემპიონატზე? ჩვენი წერილის გმირი მიიჩნევს (ალბათ, სამართლიანადაც), რომ მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ევროფორუმზე ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში ჩავა.
"ჩვენი გუნდი ძლიერია. ჩვენ ვიცით, როგორ მოვიგოთ დიდი ტურნირები. ამის გამოცდილება გვაქვს და გუნდიც დიდებულადაა დაკომპლექტებული. რა თქმა უნდა, ევროპის ჩემპიონატზე ძალიან ბევრი კარგი გუნდია, მაგრამ გერმანიის ნაკრები ერთ-ერთი უპირველესი ფავორიტია", - მიიჩნევს სამი.
ფაქტია, გერმანიის ნაკრებში მართლაც რომ ჯოჯოხეთური კონკურენციაა. ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ერთ პოზიციაზე სამი ან მეტი ფეხბურთელი აცხადებს პრეტენზიას. რას ფიქრობს ამის თაობაზე ხედირა?
"რა თქმა უნდა, ეს ძალიან სასიამოვნო მომენტია. მიმაჩნია, რომ სწორედ ესაა ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირსება. დღეს ფეხბურთი ისე განვითარდა, რომ თუნდაც 11 დიდებული მოთამაშით შენ ვერაფერს მოიგებ.
დიახ, გერმანიის ნაკრებში დიდი კონკურენციაა, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ და ამ ოჯახში იდეალური ურთიერთობებია".
დაბოლოს, მოვისმინოთ ხედირას აზრი ტურინის "იუვენტუსზე". "ბებერმა ქალბატონმა" შემადგენლობა მნიშვნელოვნად გააახალგაზრდავა. ხედირა გუნდის ერთ-ერთი ვეტერანია.
"ჩვენ ძალიან მზარდი და პროგრესირებადი გუნდი გვყავს. ერთად ვნახავთ, რომ "იუვენტუსი" ბევრს მიაღწევს ევროპაში. მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგას გამოვეთიშეთ, ჩვენი საზრუნავი იტალიის ჩემპიონობაა და ამას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ. ბედნიერი ვარ, რომ ვთამაშობ გუნდში, სადაც განსაკუთრებული ერთსულოვნებაა. ჩვენ მხოლოდ უმაღლესი მიზნებისათვის ვიბრძვით".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"