ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: ვინ იზეიმებს, ვინ იტირებს?

AutoSharing Option
და აი, მოვიდა ის ტურიც, როცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ მიუნხენის "ბაიერნს" მორიგი ჩემპიონობის ოფიციალურად გაფორმება შეუძლია: თუ დორტმუნდის "ბორუსია" შტუტგარტში დამარცხდება, ხოლო "ბაიერნი" ბერლინში მოიგებს, ბავარიელები ჩემპიონობას 3 ტურით ადრე გაინაღდებენ.

"დორტმუნდმა" ფრეც რომ ითამაშოს და რეკორდმაისტერმა მოიგოს, თამამად ვიტყვით იმავეს, რადგან სხვაობა 9 ქულა იქნება, ბურთების შეფარდება კი მიუნხენელებს იმდენად უკეთესი აქვთ, რომ ფაქტობრივად, ჩემპიონები იქნებიან.

გარდა ამისა, ბუნდესლიგის 31-ე ტური იმითაცაა საინტერესო, რომ ერთბაშად ორი დერბი გველის: პარასკევს "ჰამბურგი"-"ვერდერი", კვირას კი - "აინტრახტი"-"მაინცი".

31-ე ტური დღეს ჩრდილოეთის უმძაფრესი
დერბით იწყება: "ჰამბურგი" "ვერდერს" მასპინძლობს. ვითარებას ძალიან დამაინტრიგებელს ხდის ის ფაქტი, რომ ორივე გუნდი გადარჩენისთვის იბრძვის, ერთმანეთს მხოლოდ სამი ქულა აშორებთ და ამ შეხვედრის წაგება ორივე გუნდისთვის აკრძალულია.

"ეს წლის უმნიშვნელოვანესი შეხვედრაა და თუ რამე შეგვიძლია, ყველაფერი ამ მატჩში უნდა დავამტკიცოთ", - ეს ჰამბურგელთა ნახევარმცველის, ლუის ჰოლტბის სიტყვებია. "ჰამბურგი" მეორე წრეში კარგად ასპარეზობდა და თავი ასეთ დღეში ბოლო ტურებში ჩაიგდო, რადგან უკანასკნელი ხუთი შეხვედრიდან ოთხი წააგო.

ახლა კი ამას ისიც დაემატა, რომ "ჰამბურგს" ძირითადი მეკარე რენე ადლერი დისკვალიფიცირებული ჰყავს - არადა, ეს უკანასკნელი, "კიკერის" შეფასებების მიხედვით, გუნდში საუკეთესოა. "ვერდერმა" წინა ტურში "ვოლფსბურგის" დამარცხება შეძლო, თუმცა მერე გერმანიის თასის ნახევარფინალში "ბაიერნთან" 0:2 დამარცხდა, ახლა კი ბრემენელებს ერთადერთი საზრუნავი დარჩათ: თავი დააღწიონ მე-16 ადგილს და დარჩნენ გერმანიის საფეხბურთო ელიტაში.

"შტუტგარტი" "დორტმუნდს" ემუქრება!
"ვერდერმა" მე-16 ადგილს თავი რომ დააღწიოს, ამჟამინდელი მდგომარეობით "შტუტგარტს" გადაასწრებს - შვაბებიც მძიმე მდგომარეობაში არიან და ქულები ჰაერივით სჭირდებათ. ამ ტურში "შტუტგარტს" დორტმუნდის "ბორუსიის" სახით ურთულესი მეტოქე ჰყავს.

"თუ ბიჭები შეიგნებენ, რომ საქმე ჩვენს ყოფნა-არყოფნას ეხება და მაქსიმალურად მოინდომებენ, "დორტმუნდთან" მოგება შეიძლება", - ეს შვაბთა თავკაცის, რობინ დუტის სიტყვებია. აქ "შტუტგარტის" მწვრთნელს უნდა შევახსენოთ, რომ "დორტმუნდი" ერთადერთი გუნდია ბუნდესლიგაში, რომელსაც მეორე წრეში ერთი მატჩიც კი არ წაუგია (10 მოგება, 3 ფრე, 0 მარცხი). "ბორუსიას" შტუტგარტში თავისი მთავარი გოლეადორი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი (23 გოლი) არ ეყოლება.

თუმცა მწყობრშია ადრიან რამოსი, რომელიც გაბონელს შეცვლის და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ ეს უკანასკნელი ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის ყველაზე ეფექტიანი ფეხბურთელია, რადგან როცა მოედანზეა, საშუალოდ ყოველ 55 წუთში საგოლე კომბინაციაში მონაწილეობს - ან გოლი გააქვს, ანაც საგოლე პასს აკეთებს.

"აუგსბურგს" "ვოლფსბურგში" მოგება უნდა!
"ვოლფსბურგისა" და "აუგსბურგის" მატჩი იმითაა საინტერესო, რომ აუგსბურგელებს სამი ქულა სჭირდებათ, "ვოლფსბურგი" კი საშინელ ფორმაშია. "მგლებს" ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვთ და, მართალია, თეორიულად ჯერ კიდევ შეუძლიათ ევროპალიგის საგზურის მოპოვება, მაგრამ ხვდებიან, რომ პრაქტიკულად, ეს უკვე შეუძლებელია.

აი, "აუგსბურგმა" კი ზედიზედ ორი მატჩი მოიგო, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა, მაგრამ გადარჩენისთვის ქულები კიდევ სჭირდება. "კიოლნისა" და "დარმშტადტის" შეხვედრა კი, ფაქტობრივად, გადარჩენილების დუელია - ფრე ორივესთვის აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება.

"ბაიერნი" ბერლინში
მხოლოდ ერთი ქულა ბოლო სამ ტურში და ბერლინის "ჰერტამ" მესამე ადგილი დაკარგა. დაკარგა და, დიდი შანსია, ვეღარც დაიბრუნოს, რადგან მესამე პოზიციაზე აღზევებული "ლევერკუზენი" შესანიშნავ ფორმაშია, თავად "ჰერტა" კი ამ ტურში თვით "ბაიერნს" მასპინძლობს.

"პანიკის და თვითგვემის საფუძველი არ არსებობს, რადგან ჯერ კიდევ ძალიან კარგი გუნდი ვართ. სეზონის წინ ვინმე იფიქრებდა, რომ 30 ტურის შემდეგ მე-4 ადგილზე ვიქნებოდით? თანაც, მეხუთეადგილოსანს 4 ქულით ვუსწრებთ და ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრის ბრწყინვალე შანსი გვაქვს. შეხედეთ ცხრილს და მიხვდებით, რომ "ჰერტა" ბრწყინვალე სეზონს ატარებს!" - ეს ბერლინელთა სპორტული დირექტორის, მიხაელ პრეეტცის სიტყვებია.

რეკორდმაისტერთან მატჩს მთელი დედაქალაქი მოუთმენლად ელოდა. არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ მატჩის შემდეგ "ბაიერნს" ჩემპიონთა ლიგის პირველი ნახევარფინალური დუელი ელის მადრიდის "ატლეტიკოსთან"...

ცენტრალური მატჩი გელზენკირხენში
შაბათს საღამოს მთელი საფეხბურთო გერმანიის ყურადღება გელზენკირხენისკენ იქნება მიპყრობილი, სადაც ევროპალიგის საგზურის მაძიებელი "შალკე" მესამეადგილოსან "ლევერკუზენს" მასპინძლობს. გელზენკირხენულ კლუბს სამმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს და განსაკუთრებით, თავდასხმაში მოიკოჭლებს.

არადა, სწორედ წინა ხაზზე სჭირდებათ ახლა კარგი თამაში, რადგან "ლევერკუზენის" უკანახაზელები მოწოდების სიმაღლეზე დგანან - 484 წუთია, ბერნდ ლენო კარს მშრალად ინახავს. ამავდროულად, "ლევერკუზენმა" ზედიზედ ხუთი მატჩის მოგება შეძლო.

პარასკევი. 22 აპრილი
ჰამბურგი-ვერდერი 22:30
დისკვალიფიკაცია: ადლერი
ტრავმა: ეკდალი, დრმიჩი, ოლიჩი - ვოლფი, ცეტერერი, ბარგფრედე, იოჰანსონი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +2=1-3
ურთიერთშეხვედრები
სულ 103 მატჩი: +33=33-37 (153-151)

შაბათი. 23 აპრილი
ვოლფსბურგი-აუგსბურგი 17:30
დისკვალიფიკაცია: შიურლე - კორი
ტრავმა: იუნგი, ვიეირინია, დრაქსლერი, ბენდტნერი - კალსენ-ბრაკერი, ესვაინი, ტროხოვსკი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +2=2-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 9 მატჩი: +2=4-3 (6-8)

შტუტგარტი-დორტმუნდი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბაუმგარტლი, გროსკროიტცი, სერეი დიე, გინჩეკი - სუბოტიჩი, ობამეიანგი
ბოლო 6 მატჩი
+1=2-3 +4=2-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 95 მატჩი: +38=24-33 (161-155)

კიოლნი-დარმშტადტი 17:30
დისკვალიფიკაცია: ბიტენკურტი
ტრავმა: - როზენტალი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +2=4-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 5 მატჩი: +3=2-0 (8-4)

ჰერტა-ბაიერნი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალაგუი, კურტი - ბადშტუბერი, რობენი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 61 მატჩი: +9=16-36 (68-144)

ინგოლშტადტი-ჰანოვერი 17:30
დისკვალიფიკაცია: მ. მატიპი
ტრავმა: ორტაგი, დანილო - ფელიპე, ზორგი, ანდრეასენი, იამაგუჩი, ბენშოპი, ა. ზობიხი, მ. ვოლფი
ბოლო 6 მატჩი
+2=2-2 +1=1-4
ურთიერთშეხვედრები
სულ 1 მატჩი: +0=0-1 (0-4)

შალკე-ლევერკუზენი 20:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გიფერი, ჰიოვედესი, უჩიდა, გორეტცკა - ბიონიში, პაპადოპულოსი, თოფრაქი
ბოლო 6 მატჩი
+2=1-3 +5=1-0
ურთიერთშეხვედრები
სულ 63 მატჩი: +16=19-28 (85-104)

კვირა. 24 აპრილი
გლადბახი-ჰოფენჰაიმი 17:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ალვარო დომინგესი, იანტჩკე, შტრანცლი, ნ. შულცი - კიმი, ჰერდლინგი
ბოლო 6 მატჩი
+2=0-4 +4=1-1
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 მატჩი: +4=5-6 (25-24)

აინტრახტი-მაინცი 19:30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ანდერსონი, ჩენდლერი, ფლუმი, მაიერი, მედოიევიჩი, რაინარტცი - სოტო, ბერგრეენი, მუტო
ბოლო 6 მატჩი
+1=1-4 +1=3-2
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 მატჩი: +3=7-5 (17-21)

ბომბარდირები: 27 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 23 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 19 - თომას მიულერი (ბაიერნი); 16 - ჩიჩარიტო (ლევერკუზენი).

სერიები
მოგებები: ბაიერნი, ლევერკუზენი - 5
წაუგებელი: - დორტმუნდი - 13
მოუგებელი: შტუტგარტი, ვოლფსბურგი - 5
წაგებები: აინტრახტი - 3
მშრალი სერია: ლევერკუზენი - 5
უგოლო სერია: აინტრახტი - 3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული