ბუნდესლიგა. ბოლო ტურის ფაქტები და სტატისტიკა: ლევანდოვსკის 30

AutoSharing Option
* ისტორიაში პირველად "მაინცი" ევროპალიგის ჯგუფურ ეტაპზეა. კლუბს ამის შანსი იქამდე ორჯერ ჰქონდა, მაგრამ საკვალიფიკაციო ეტაპზე დამარცხდა, ახლა კი პირდაპირ ჯგუფური ეტაპის საგზური მოიპოვა.

* "მაინცმა" "ჰერტასთან" უგოლო ფრე ითამაშა. მე-6 ადგილის ბედი სწორედ ამ შეხვედრაში წყდებოდა, ბერლინელებს გამარჯვება სჭირდებოდათ. "ჰერტამ" ბოლო 7 ტური მოუგებლად ჩაატარა (2 ფრე, 5 წაგება) და არათუ ჩემპიონთა ლიგის ზონიდან, არამედ ექვსეულიდანაც გავარდა.

* ელკინ სოტომ ბუნდესლიგაში თავისი ბოლო, 160-ე მატჩი ჩაატარა. იგი იურგენ კლოპის დროინდელი "მაინციდან" უკანასკნელი შემორჩენილი ფეხბურთელი გახლდათ. სოტომ ტრავმის გამო 377-დღიანი
პაუზის მერე პირველად ითამაშა. მისი დებიუტიდან კი 3 381 დღე იყო გასული.

* 2013 წლის ნოემბრიდან მოყოლებული, მარკო როისმა პირველად მოახერხა პირდაპირ ჯარიმიდან გოლის გატანა.

* მარიო გიოტცემ უკვე მეხუთედ შეასრულა "ბაიერნის" მაისურით დუბლი. "დორტმუნდის" რიგებში მას მხოლოდ ორი დუბლი ჰქონდა.

* "ჰამბურგმა" საგარეო შეხვედრებში 18 გოლი გაიტანა, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე წინა სეზონში.

* რობერტ ლევანდოვსკი მე-6 ფეხბურთელია, რომელმაც ბუნდესლიგაში 30 გოლს უწია. იგი პირველი ასეთი მოთამაშეა დიტერ მიულერის შემდეგ, რომელმაც 30 ბურთი 1976/77 წლების სეზონში გაიტანა.

* "ვოლფსბურგმა" ბოლო 8 საგარეო მატჩი წააგო. სამაგიეროდ, "მგლებმა" შინ დაამარცხეს "შტუტგარტი" და ბუნდესლიგიდან გააგდეს.

* "შტუტგარტმა" ბოლო 9 ტურში ვერც ერთი ვერ მოიგო, 7 წააგო (აქედან ბოლო 6 ზედიზედ) და 2 ფრედ დაასრულა.

* ფრანკფურტის "აინტრახტმა" ბოლო სამი მატჩი, რომელთა პირველი ტაიმების მერე ანგარიში 0:0 იყო, საბოლოო ჯამში წააგო. ფრანკფურტელები გადათამაშებაში შეეცდებიან უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული