ფრანკ რიბერი: გვარდიოლა ბევრს ლაპარაკობდა, ანჩელოტი ყოველმხრივ ჩემპიონია

AutoSharing Option
ფრანკ რიბერიმ ცამდე აიყვანა კარლო ანჩელოტი. "გოლთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში 33 წლის ფრანგმა გარემარბმა თქვა, რომ თუ დღეს "ბაიერნში" ჯანსაღი კლიმატია, ეს პირველ რიგში, 57 წლის იტალიელი სპეციალისტის დამსახურებაა.

ანჩელოტის ხელმძღვანელობით "ბაიერნმა" ჯერ მხოლოდ 3 ოფიციალური მატჩი ჩაატარა. "რეკორდმაისტერმა" ჯერ 2:0 მოუგო "დორტმუნდს" სუპერთასზე, მერე 5:0 სძლია "კარლ ცაისს" გერმანიის თასზე, ხოლო ბუნდესლიგა "ვერდერის" განადგურებით (6:0) გახსნა.

ვთქვათ, ანჩელოტი კარგია, მაგრამ რა დაუშავა რიბერის ხოსეპ გვარდიოლამ? ფრანგმა "ბაიერნის" ექსდამრიგებელი "ბილდთან" ინტერვიუში გააკრიტიკა - მას გამოცდილება აკლდა, ძალიან ბევრს ლაპარაკობდა და ფეხბურთელებთან
ურთიერთობაშიც მთლად კორექტული ვერ იყოო. რიბერის აზრით, ანჩელოტი გვარდიოლას ანტიპოდია.

"კარლო შესანიშნავი ადამიანია, - ამბობს რიბერი. - ადვილად შეხვალ ურთიერობაში, ადვილად მიგიშვებს ახლოს... მას უყვარს თავისი ფეხბურთელები, თავად ეძებს ჩვენთან კონტაქტს, ხუმრობს, გველაპარაკება, აინტერესებს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება... ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ურთიერთობა მწვრთნელთან აუცილებელია იმისთვის, რომ გუნდში ჯანსაღი კლიმატი იყოს...

...ის ყოველთვის პოზიტიურ განწყობაზეა. მე არ გამიგია, რომ მას რომელიმე ფეხბურთელი აკრიტიკებდეს. გყავდეს კარგი ფეხბურთელები და კარგი გუნდი - ეს ერთი მხარეა, ხოლო მეორეა ადამიანური ურთიერთობები. ამიტომ ის ყოველმხრივ ჩემპიონია".

გასულ სეზონში რიბერის ტრავმის გამო ბევრი გაუცდა. სწორედ ამ პერიოდში გვარდიოლამ დააწინაურა 20 წლის კინგსლი კომანი, რომელიც "ბაიერნსაც" მოერგო და საფრანგეთის ნაკრებშიც უკვე 11 მატჩი ჩაატარა.

"მე ვთვლი, რომ კინგსლის ძალიან გაუმართლა იმ მხრივ, რომ "ბაიერნში" თამაშობს. ის ძალიან კარგი ბიჭია, ბევრს შრომობს, რათა კარიერაში წარმატებებს მიაღწიოს და მჯერა, მიაღწევს კიდეც".

შემდეგ რიბერიმ ბავშვობის კერპზეც თქვა - "მარსელის", "მილანის", "ბაიერნისა" და საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფორვარდი ჟან-პიერ პაპენი მისთვის განსაკუთრებული ფეხბურთელია:

"მაშინ ძალიან მომწონდა პაპენი, მის მაგალითზე ვიზრდებოდით მეც და ჩემი თაობის ბევრი ფეხბურთელიც. კარიერის განმავლობაში მან გენიალური გოლები გაიტანა".

...დაბოლოს, მიზნები. რიბერი, რომელიც "ბაიერნში" კიდევ ორ-სამ წელიწადს აპირებს დარჩენას, გვიმხელს, თუ რა არის მისთვის მთავარი ამ სეზონში:

"არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ ვართ "ბაიერნი", რომელიც ყოველთვის ყველაფრის მოსაგებად იბრძვის. მაგრამ მე პირადად, ბუნდესლიგის ზედიზედ მეხუთედ მოგებას მირჩევნია, ჩემპიონთა ლიგაში გავიმარჯვოთ, მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის პირველი გუნდის ტიტულიც არანაკლებ პრესტიჟულია".

...ანჩელოტი კი ის მწვრთნელია, ვინც იცის მოგების გემო და სწორედაც საერთაშორისო არენაზე - ისევე, როგორც "ლივერპულის" ლეგენდარულ მწვრთნელ ბობ პეისლის, მასაც სამჯერ აქვს მოგებული ევროსაკლუბო ფეხბურთის უპირველესი ჯილდო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული