კრისტიან პულიშიჩი - "დორტმუნდის" ამერიკული ალმასი

AutoSharing Option
კრისტიან პულიშიჩი 18 წლისაა, მაგრამ უკვე სისტემატურად თამაშობს "დორტმუნდსა" და ამერიკის ნაკრებში. როცა საქმე ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელის მიმართ გამოჩენილ დიდ ნდობას ეხება, უნდა ვაღიაროთ: საქმე გვაქვს განსაკუთრებულ ტალანტთან, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.

ბიჭი პენსილვანიაში დაიბადა. მამამისმა, მარკ პულიშიჩმა სპორტის ბევრ სახეობაში მოსინჯა ძალა და ბოლოს ფეხბურთის მწვრთნელი გახდა ამერიკაში. საერთოდ, პულიშიჩები წარმოშობით ხორვატები არიან.

კრისტიანს თავისუფლად შეეძლო სანაკრებო ასპარეზად ხორვატია აერჩია, მაგრამ საბოლოო არჩევანი ამერიკის სასარგებლოდ გააკეთა. სხვათა შორის, ასევე მოიქცა მისი ბიძაშვილიც, ვინც ახალგაზრდულ ასაკში ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მეკარედ
ითვლება.

2015 წლის თებერვალში "დორტმუნდის" სკაუტებმა პულიშიჩის საფეხბურთი ნიჭი შეამჩნიეს. მაშინ ის მხოლოდ 16 წლის იყო. ის ჯერ 17-წლამდელთა გუნდში ჩარიცხეს, მერე კი 2 წლით უფროსებში. პულიშიჩმა ყველგან საგოლე ფეერია მოაწყო.

"დორტმუნდში: მისვლა ჩემთვის ოცნების ახდენას ჰგავდა. მივხვდი, რომ ეს შანსი ხელიდან არამც და არამც არ უნდა გამეშვა. გამიმართლა იმაშიც, რომ მუდამ ძალიან კარგი მწვრთნელები მხვდებოდნენ." - ამბობს პულიშიჩი.

არც "დორტმუნდის" ძირითად შემადგენლობაში გამოჩენა დაგვიანებია ჩვენი წერილის გმირს. პულიშიჩმა ნდობა იგრძნო და წამოვიდა რეკორდები. ის გახდა ბუნდესლიგაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე, რომელსაც ოდესმე დუბლი შეუსრულებია. ის არის ყველაზე ახალგაზრდა უცხოელი, ვისაც ოდესმე ბუნდესლიგაში გაუტანია. ამასთან ეერთად, ბოლივიასთან გატანილი გოლით პულიშიჩი შეიქმნა უმრწმესი მეგოლე ამერიკის ნაკრების შემადგენლობაში.

"ჩემზე ეს მიღწევები არ მოქმედებენ. მე ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს: ხომ არ შევიცვალე? პასუხი სულ უარყოფითია. ჩემთვის თავმდაბლობა ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის." - ამბობს უნიჭიერესი ამერიკელი ჭაბუკი.

და რასს ფიქრობს პულიშიჩი "დორტმუნდის" ბოლოდროინდელ ჩავარდნაზე? ის მიიჩნევს, რომ სიტუაცია აუცილებლად გამოსწორდება.

"ჩვენს გუნდს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა გვყავს, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი ტრავმები. დარწმუნებული ვარ,ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება მას შემდეგ, რაც დაშავებულები დაბრუნდებიან. ჩვენს გუნდს აქვს იმის პოტენციალი, რომ უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოლოს." - მიიჩნევს პულიშიჩი.

ის უზომოდ მადლიერია "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელის, თომას ტუხელისა. "მან მე არნახული ნდობა გამომიცხადა. მარტო მე არა, კიდევ რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს. ეს ჩვენთვის დიდი ტვირთი და მოტივაციაა." - ამბობს კრისტიანი.

მას "დორტმუნდის" "ალმასს" უწოდებენ. მომავალი მისია. რაც მთავარია, "დორტმუნდში" მას მაგრად ენდობიან.

დოსიე
კრისტიან მატე პულიშიჩი
დაიბადა: 1998 წ. ჰერშეი (აშშ)
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
კარიერა: 2008-15 - პა კლასიკსი; 2015-დან - დორტმუნდი
აშშ-ის ნაკრები: 11 თამაში, 3 გოლი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული