გუნდის ლიდერებზე როცა ჩამოვარდება სიტყვა, უპირველეს ყოვლისა ტიმო ვერნერი გვახსენდება. ფეხბურთელი, რომელიც "ლაიპციგში" თითქოს, მეორედ დაიბადა. მისი თამაშისა და გოლების ცქერა ერთი დიდი სიამოვნებაა.
ტიმო 20 წლისაა და მას ყველაფერი წინ აქვს. ამ
ვერნერი ტრადიციებით მდიდარი "შტუტგარტის" საფეხბურთო სკოლის აღზრდილია. ის "შტუტგარტის" როლს საკუთარ კარიერაში ასე აფასებს: "ეს ჩემთვის განსაკუთრებული გუნდია. მან მე ყველაფერი მომცა. ძალიან მუნდა, "შტუტგარტმა" ძველი სიმაღლეები დაიბრუნოს. ამისთვის ის აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს ბუნდესლიგას."
ვერნერს "შტუტგარტის" შემადგენლობაში დებიუტი სულ პატარას ჰქონდა. მაშინ ის 17 წლის, ოთხი თვის და 25 დღის იყო. ამგვარად, ვერნერი შეიქმნა "შტუტგარტის" ყველა დროის ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტი. სადებიუტო შეხვედრა შედგა პლოვდივის "ბოტევთან", ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში.
"ეს მატჩი არასოდეს დამავიწყდება. მაშინ ძალიან ბევრი დაიწერა ჩემზე. ძალიან ახალგაზრდა ვიყავი და ვიცოდი, რომ წარმატების მიღწევამდე ძალიან ბევრი უნდა მეშრომა. ვგრძნობდი, რომ ქუჩაში გასულს ხალხი უკვე მცნობდა.
სულ ვეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯი იყო და კარიერაში მე არაფრისათვის მქონდა მიღწეული. სულ მეშინოდა, ზედმეტ აჟიოტაჟს ცუდად არ ემოქმედა ჩემზე და მგონი, ეს შევძელი. საერთოდ, მე რეალისტი ვარ და მირჩევნია ცხოვრება დავინახო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეში არის."
ვერნერი იმთავითვე შეირაცხა "შტუტგარტის" მომავალ ვარსკვლავად. კლუბის ხელმძღვანელობამ ბევრი აღარ დაახანა და ვერნერი კლუბის სრულუფლებიანი წევრი გახდა იმ დღეს, რა დღესაც მას 18 წელი შეუსრულდა. მან "შტუტგარტთან" კონტრაქტი 2018 წლამდე გააფორმა.
მოგეხსენებათ, გასული სეზონის შედეგების მიხედვით "შტუტგარტი" ბუნდესლიგიდან გავარდა. ეს ნამდვილი ტრაგედია იყო ვერნერისათვის.
"ეს არის დიდი გუნდი და ჩემი აზრით, ამ გუნდის ადგილი უძლიერესთა შორისაა. დადგა ასეთი შედეგი და ეს ყველა ჩვენგანის ბრალია. მჯერა, მალე "შტუტგარტი" დაბრუნდება იქ, სადაც მისი ადგილია."
ვერნერი "შტუტგარტის" დიდი პატრიოტია, მაგრამ ის მაინც არ ჩაჰყვა გუნდს რანგით დაბალ დივიზიონში და 2016 წლის 11 ივნისს ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ლაიპციგთან". ვერნერს თითქოს, ახალი სუნთქვა გაეხსნა. იშვიათია "ლაიპციგის" შედეგიანი შეტევა, რომელშიც ტიმოს მონაწილეობა არ მიეღოს.
"ბევრი ვერ ხსნის, რა არის ჩვენი გუნდის წარმატების საიდუმლო. მე ზუსტად ვიცი, რომ ეს იმ არნახული ერთიანობის შედეგია, რომელიც გუნდშია. ჩვენ მინდორზე გამარჯვების რწნენით სავსენი გავდივართ და ხშირად სასურველ შედეგს ვაღწევთ კიდეც. არ შეიძლება, ყველაფერი ეს შემთხვევით მოხდეს.
საწყის ტურებში როცა ჩვენ თამაშებს ვიგებდით, ბევრმა ეს შემთხვევითობად ჩათვალა. ახლა ყველა ისე გვიყურებს, როგორც სერიოზულ ძალას." - ამბობს ვერნერი.
"ლაიპციგი" ბუნდესლიგის ერთ-ერთი ლიდერია. რა თქმა უნდა, ეს თითოეული ფეხბურთელის პასუხისმგებლობას აორმაგებს. ასე ფიქრობს ვერნერიც,
"ერთია, როცა შენგან ბევრს არაფერს ელიან და მეორეა, როცა იციან, რომ სერიოზულ ძალას წარმოადგენ. "ლაიპციგი" ახლა სატურნირო ცხრილის სათავეებშია და ყველა მოწინააღმდეგე ჩვენთან გაორმაგებული ენერგიით თამაშობს. ვცდილობთ, ამ სირთულეებს გავუმკლავდეთ. ფაქტია, "ლაიპციგი" ყველა შეხვედრაში მხოლოდ და მხოლოდ გამარჯვებისათვის გადის მინდორზე."
მაინც, რას ნიშნავს "ლაიპციგისათვის" ტიმო ვერნერი? ამას მოკლედ ხსნის გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, საყრდენი ნახევარმცველი, ნაბი კეიტა.
"ის შესანიშნავი ფეხბურთელია. ნებისმიერ მომენტში შეუძლია, არაორდინალური გადაწყვეტილება მიიღოს დამეტოქე გააკვირვოს. მე ვიტყოდი, რომ ის "ლაიპციგის" მარგალიტია".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"