სავარაუდო ტრანსფერი: გაგიჟდა თუ არა დიმიტრი პაიე?

AutoSharing Option
"დიმიტრი პაიეს აღარ უნდა "ვესტ ჰემში" თამაში", - ძალიან გულდაწყვეტილი იყო გუნდის მთავარი მწვრთნელი სლავენ ბილიჩი, ამას რომ ამბობდა. ინტერნეტის ეპოქაში ინფორმაცია მალევე გავრცელდა და ფრანგი ვარსკვლავის მომავალი საყოველთაო განსჯის საგანი გახდა.

ერთი წლის წინათ ბილიჩმა 29 წლის დიმიტრი პაიეს თაობაზე შემდეგი თქვა: "მე შემიძლია, სათამაშო დონით ის მესუთ იოზილს შევადარო. ის ერთ-ერთი საუკეთესოა იმ ფეხბურთელთაგან, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. მე მას შევადარებ მხოლოდ ლუკა მოდრიჩს. პაიე მასზე ცუდად არ თამაშობს".

პაიეს გარეშე "ვესტ ჰემის" წარმოდგენა ძალიან რთული იყო და დღემდე
ასეა. საჯარიმოსთან ახლოს სწორედ პაიე ამწვავებს სიტუაციას, ატყუებს და ურტყამს. შვიდი თვის წინათ, მან კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე გააგრძელა და ახლა ამას ძალიან ნანობს.

პაიეს სატრანსფერო ღირებულება და ზოგადად, საფეხბურთო წონა მნიშვნელოვნად გაზარდა ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენებმა თამაშმა. ფრანგ ვარსკვლავსაც მოუვიდა ვადა და ახლა ის ნამდვილ გრანდში თამაშზე ოცნებობს. მით უმეტეს, კარგი შემადგენლობის მიუხედავად, "ვესტ ჰემს" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის შანსი აღარ აქვს.

პაიე გაგიჟდა?
"თუ "ვესტ ჰემი" არ გამიშვებს, საკუთარ მყესებს თავად გავიწყვეტ", - თქვა დიმიტრი პაიემ. ამაზე მეტი აღშფოთება ალბათ წარმოუდგენელია. ამ ციტატის შემდეგ ბევრი პაიეს მხარეზე გადავიდა. ტანჯულის იმიჯი მოირგო.

გულშემატკივრებში თანდათან განუმტკიცდათ რწმენა, რომ პაიე ტანჯულია და რომ ის აუცილებლად უნდა წავიდეს გუნდიდან. გაგიჟდა თუ არა ის? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მხოლოდ დროს შეუძლია.

ფულზე შეშლილი?
"ვესტ ჰემის" ბანაკში უკვე აღარ მალავენ, რომ პაიეს რაღაც მოუვიდა და ეს "რაღაც" შეიძლება სულაც არ იყოს მხოლოდ და მხოლოდ სპორტულ ამბიციებზე დაფუძნებული. ბევრი მიიჩნევს, რომ პაიე ფულზე გაგიჟდა.

ამის ერთ-ერთი დადასტურება ისაა, რომ პაიე სულაც არ ისწრაფვის გრანდისაკენ. ამაზე ცოტა ქვემოთ. მისთვის მთავარია, "ვესტ ჰემს" გაეცალოს. დიმიტრისათვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, რომელ გუნდში გააგრძელებს კარიერას - ეს აზრი ინგლისში ძალიან პოპულარულია. არის მეორე მოსაზრებაც.

ფესვებისაკენ
არგუმენტი იმათ საწინააღმდეგოდ, ვინც მიიჩნევს, რომ დიმიტრი პაიე ფულზე გაგიჟდა. ფეხბურთელს ძალიან უნდა ყოფილ კლუბში, "მარსელში" დაბრუნება. ამისთვის ის მზადაა, მნიშვნელოვნად შეიმციროს ხელფასი.

აქ საქმე მხოლოდ პაიეს ხუშტურებს არ ეხება. ფეხბურთელის ცოლს არ მოსწონს ლონდონში ცხოვრება. მას უნდა, რომ სამ შვილთან ერთად საფრანგეთის სამხრეთში იცხოვროს. ალბათ, საფრანგეთში დაბრუნება ფეხბურთელს იმიტომაც უნდა, რომ ზაფხული მან მშობლიურ ქვეყანაში ეროვნული გმირის რანგში გაატარა.

მართალია, საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონი ვერ გახდა, მაგრამ პაიემ დიდებულად ითამაშა ევროპის ჩემპიონატზე. "მარსელში" ახალი სიო უბერავს. გუნდის ახალ მეპატრონეს, ფრანკ მაკორტს ძალიან უნდა, ხმაურიანი ტრანსფერი განახორციელოს.

პაიე დიდებული ვარიანტია. ეს შეიძლება "მარსელისათვის" ახალი ათვლის წერტილის დასაწყისად გამოდგეს. პაიეს დარი ფეხბურთელი დღეს საფრანგეთში არ არის, ან თითქმის არ არის. დიმიტრი, ვისაც აქამდეც უთამაშია "მარსელში", ახალი გუნდის ლიდერი უნდა იყოს.

გაამტყუნეს
გულშემატკივრები პაიეს ამტყუნებენ. მათ უკვე რამდენჯერმე მოუწყვეს ობსტრუქცია "უძღებ შვილს". ასე განსაჯეთ, პაიეს საქციელს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა პარტნიორების მხრიდანაც. "ვესტ ჰემის" სიმბოლომ და ერთ-ერთმა ლიდერმა მარკ ნოუბლმა თქვა: "არ მესმის, როგორ შეიძლება, არ გინდოდეს თამაში ამხელა გუნდში. მე მთელი ცხოვრება აქ გავატარე და ამის წარმოდგენა ჩემთვის უბრალოდ შეუძლებელია".

როგორც ირკვევა, ნოუბლს და პაიეს უკვე სამი თვეა, ერთმანეთისათვის ხმა არ გაუციათ. მას არც სხვა პარტნიორებთან აქვს იდეალური ურთიერთობა. მოკლედ, პაიე ყველაზე და ყველაფერზე გაბრაზებულია.

არავინ იცის, სადამდე გაგრძელდება ეს ვითარება. ფაქტია, ყველაზე მეტად შექმნილ სიტუაციაში "ვესტ ჰემი" ზარალდება.

"პაიეს გუნდიდან წასვლა უნდა, მაგრამ ჩვენ გვიჭირს გუნდის საუკეთესო ფეხბურთელებთან განშორება. ჩვენ მასთან შელევა არ გვინდა. ის "ვესტ ჰემისათვის" ძალიან დიდი ძალაა. მისი შემცვლელის პოვნა ძალიან გაგვიჭირდება", - თქვა სლავენ ბილიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული