ხოსეპ გვარდიოლა: მარსელო ბიელსა ჩვენში საუკეთესოა

AutoSharing Option
მარსელო ბიელსას კიდევ ერთი ფანი გამოუჩნდა - ხოსეპ გვარდიოლამ საჯაროდ ისაუბრა იმაზე, თუ როგორ უყვარს და როგორ დიდ პატივს სცემს არგენტინელ სპეციალისტს და იგი მსოფლიოში საუკეთესოდ მიაჩნია.

მიუხედავად იმისა, რომ მწვრთნელის რანგში ბიელსას ბევრი ტიტული არ აქვს და ევროპაში სულაც არაფერი მოუგია, მის გავლენასა და შესაძლებლობებზე ბევრი აღფრთოვანებით საუბრობს ხოლმე და გამონაკლისი არც გვარდიოლაა. 61 წლის მარსელო "მარსელიდან" კონფლიქტით წასვლის მერე 2016 წლის ზაფხულში რომის "ლაციოში" დაინიშნა, მაგრამ იქ ექსცენტრიკულ არგენტინელს რაღაც არ მოეწონა და ორ დღეში გამოიქცა. ამჟამად ის
უმუშევარია, მაგრამ გადაწყვეტილი ჩანს, რომ მომავალი სეზონიდან ფრანგულ "ლილს" ჩაიბარებს.

"მე მარსელო ბიელსას დიდ პატივს ვცემ და ჩემს კერპად მივიჩნევ. იგი ფეხბურთელებს გაცილებით უკეთესს ხდის. ჯერ არ შემხვედრია ერთი მოთამაშეც კი, რომელსაც ბიელსასთან უმუშავია და მარსელოზე ცუდი ეთქვას ან უკმაყოფილო ყოფილიყოს. პირიქით, ისინი მადლიერები არიან მისი, იმისთვის, რომ ბიელსამ მათ კარიერაზე დიდი გავლენა მოახდინა და უკეთეს მოთამაშეებად აქცია.

მეც, როდესაც მარსელოს ვესაუბრები ხოლმე, სულ მაქვს შეგრძნება, რომ ჩემი დახმარება სურს და ცდილობს, რაღაცები მირჩიოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და მასზე კარგად მეტყველებს. მარსელოს არ აინტერესებს და არ ანაღვლებს, რამდენი ტიტული მოიგო კარიერაში. მას ფეხბურთი უყვარს და ფეხბურთითაა შეპყრობილი. თავისი საქმე უყვარს.

ჩვენ კი ყველაფერს წარმატების მიხედვით ვაფასებთ, მაგრამ არ ვუყურებთ, რამხელა გავლენა მოახდინა მან ზოგადად ფეხბურთზე და კონკრეტულად თავის მოთამაშეებზე. სწორედ ამიტომ მიმაჩნია მე ის მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელად. ველოდები მის ხილვას "ლილში" და დარწმუნებული ვარ, რომ ბიელსას გამოჩენა ამ კლუბსა და მის ფეხბურთელებზე დადებით გავლენას მოახდენს და ეს გუნდი რამდენიმე საფეხურით წინ აიწევს, რაც სამომავლოდ გამოადგება" - განაცხადა გვარდიოლამ.

ისე, პეპმა სხვა ინტერვიუს დროს კიდევ ერთი საინტერესო რამ თქვა - "მონაკოსთან" საპასუხო მატჩში გოლს ან გოლებს თუ არ გავიტანთ, დანამდვილებით გავვარდებითო. ეს იმას ნიშნავს, რომ გვარდიოლა დარწმუნებულია იმაში, რომ "ლუი მეორეზე" "მანჩესტერ სიტი" მინიმუმ 2 გოლს გაუშვებს.

შეგახსენებთ, რომ "ქალაქელებმა" პირველი შეხვედრა 5:3 მოიგეს, მაგრამ მონეგასკებმა ძალიან კარგად ითამაშეს, კიდევ ჰქონდათ მომენტები და მათ შორის, პენალტიც ვერ გამოიყენეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული