"ფანტასტიკური მისტერ ფოქსის" ბინადრობა "მელიების" ბანაკში ჩემპიონთა ლიგაზე "სევილიასთან" მარცხით დამთავრდა. ლესტერშირელთა მფლობელ-მმართველმა ვიშაი "გრძელგვარიშვილმა" განაცხადა - 7 წელიწადია, ამ გუნდის წინსვლაზე ვზრუნავ და ეს კარგად გამომდის. ამიტომ მენდეთ, ვიცი, რასაც ვაკეთებო...
რანიერის სევდიან დასასრულს მოსალოდნელი ნეგატიური დამოკიდებულება მოჰყვა. შეუძლებელია, იტალიელის მიმართ დადებითად არ განეწყო და ფანების უმეტესობაც ძალიან უკმაყოფილო დარჩა ამ გადაწყვეტილებით. გამოლანძღეს "ლესტერის" უფროსობა და ფეხბურთელები. მით უმეტეს, პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე გამართულ შეკრებაზე დაბარებულნი
წმინდა პრაგმატულად თუ მივუდგებით, შესაძლოა, ეს სწორი გადაწყვეტილებაც იყოს, რადგან "ლესტერი" ღრმა კრიზისშია და აშკარაა, ცვლილებები სჭირდება. ბუნებრივია, რომ შემადგენლობა ამ წუთას ვერ შეიცვლება და ასეთ დროს, ჯოხი მწვრთნელზე ტყდება ხოლმე. ჰოდა, ჯადოსნური ჯოხი ამჯერად თავად რანიერის გასაქრობად მოიქნიეს. უბრალოდ, დრო აშკარად ცოტა უცნაური შეირჩა - ყველამ ვიცოდით, როგორ ელოდა კლაუდიო ჩემპიონთა ლიგაზე "ლესტერთან" ერთად თავგადასავლის გაგრძელებას და "სევილიასთან" პირველი მატჩის მერე მისი მოხსნა მოულოდნელი გახლდათ.
დიახ, ლესტერშირელებმა წააგეს; დიახ, თამაშიც დიდად მოსაწონი ვერ გახლდათ, მაგრამ… აბა, რას ელოდა უფროსობა "რამონ სანჩეს პისხუანზე"? სადაც უნდა გაგიმართლოს, რომ რამეს გამორჩე, "ლესტერისა" და ფორტუნას შორის გამართლებების ლიმიტთან დაკავშირებულ კონტრაქტს კი უკვე გაუვიდა ვადა. თანაც, სევილიელები ამჟამად შესაშურ ფორმაში არიან და ეს ის გუნდია, ზედიზედ სამჯერ რომ მოიგო ევროპალიგა. ასე რომ, 1:2 ის ანგარიში არ გახლავთ, რომელიც საპასუხო მატჩის წინ ლესტერშირელებს უშანსოდ ტოვებს. თუმცა ვიშაი თავისებური კაცია...
"გუშინ ჩემი ოცნება მოკვდა" - მოკლედ და სინანულით აღნიშნა რანიერიმ და ჩვენც სევდით აგვავსო. ჩანს, რომ იგი ფეხბურთელებზე ცოტა განაწყენებულიც არის, მაგრამ კლაუდიო კეთილი კაცია და წყენას გულში დიდხანს არ დაიტოვებს. თანაც, ასეთია მისი ბედი - აბა, რომელი გუნდიდან წამოსულა რანიერი თავისი ნებით? ყველა კლუბიდან უშვებენ და, როგორც წესი, სულ უსამართლოდ. თუმცა სამართალი ამ ქვეყანაზე მაინც არსებობს და ამის დასტური ის წარმოუდგენელი ჩემპიონობაა, რომელიც იტალიელმა "მელიებთან" ერთად მოიპოვა და რომელიც სამუდამოდ გვემახსოვრება. როგორც იტყვიან, აქედან ვერ წაშლი...
"განსაკუთრებული მადლობა თქვენ, "ლესტერის" ფანებს. თქვენ პირველივე დღიდან სიყვარულით მიმიღეთ და მეც ასევე ძალიან მიყვარხართ. ვერავინ ვერ წაგვართმევს იმას, რასაც ჩვენ ერთად მივაღწიეთ. იმედი მაქვს, რომ თქვენ ყოველდღე სიამოვნებით გაიხსენებთ ამ დროს, როგორც მე. ეს იყო საოცრებისა და ბედნიერების დრო, რომელსაც არასოდეს დავივიწყებ. ჩემთვის დიდი სიამოვნება და პატივი იყო თქვენთან ერთად ჩემპიონობა", - წერს 65 წლის იტალიელი გამოსათხოვარ წერილში.
ფეხბურთელთაგან პირველი კასპერ შმეიხელი გახლდათ, ვინც კომენტარი გააკეთა. მან სოციალურ ქსელში დაწერა:
"მინდა კლაუდიოს მადლობა გადავუხადო იმ ყველაფრისთვის, რაც "ლესტერისთვის" და პირადად ჩემთვის გააკეთა და რასაც ჩვენთან ერთად მიაღწია. იგი დიდ პატივისცემას იმსახურებს. მადლობა, ბოს".
სხვებმაც მსგავსი შინაარსის სტატუსები გამოაცხვეს. ჯეიმი ვარდიმ აღნიშნა, რომ ათასჯერ დაწერა და წაშალა სტატუსი, რადგან უჭირს შესაბამისი სიტყვების მოძებნა და ემოციების გადმოცემა. ყველაზე მეტად გული იმაზე მწყდება, რომ საუბრობენ, თითქოს, წვლილი მეც მიმიძღვის რანიერის გაშვებაში, რაც სიმართლეს არ შეესაბამებაო. მადლობა კლაუდიოს, რომ მას მაშინაც სჯეროდა ჩემი, როცა სხვებს არ სჯეროდათ და მის ხელში ყველანი გავიზარდეთო.
მსგავსი შინაარსის ტექსტი გამოაცხო მაჰრეზმაც, მაგრამ მისი კომენტარები ემშრალათ და რიადი ფანებმა განსაკუთრებულად აითვალწუნეს, სულ გველის "სმაილიკები" უხატეს. რაღაც არ გეტყობა, წუხდე, ისე ცუდად, უხასიათოდ და ჟინის გარეშე თამაშობ ამ სეზონში, თუ ასე შეგტკიოდა გული, ეს მინდორზე გამოგეჩინაო. მოკლედ, გულშემატკივრებმა ლესტერშირელთა ხელმძღვანელობასა და მოთამაშეებს სულ უმადურები უძახეს.
ჟოზე მოურინიოსა და რანიერის ადრეული დაძაბულობებიც გემახსოვრებათ, მაგრამ ჟოზე იტალიელის გაშვებას "განსაკუთრებულად" გამოეხმაურა: "ინგლისის ჩემპიონი და ფიფას წლის მწვრთნელი მოხსნეს. ეს არის თანამედროვე ფეხბურთი, კლაუდიო; გაიღიმე, ამიგო. ვერავინ წაშლის იმ ისტორიას, რომელიც შენ დაწერე".
სხვა არაერთ გამოხმაურებას შორის იურგენ კლოპის მშვენიერი კომენტარი უნდა გამოვარჩიოთ: "ჯერ ბრექსითი, მერე ტრამპი, ახლა რანიერი…". აი, ასე გლობალურად მიუდგა საკითხს გერმანელი, ქვეტექსტით - საით მიექანება მსოფლიოო.
რანიერის ჩანაცვლების ერთ-ერთ კანდიდატად მისი თანამემამულე რობერტო მანჩინი განიხილებოდა, რომელმაც აღნიშნა, რომ კლუადიოს საოცარი და სასწაულებრივი მიღწევა 2000 წელი ემახსოვრებათო. ამასთანავე, მან დაამატა, ამ პოსტით დაინტერესებული არ ვარო. ახსენებენ ალან პარდიუსა და… "მელიების" ექსმწვრთნელს, სკანდალურ ნაიჯელ პირსონს, რომლის ნაცვლადაც დაინიშნა კიდეც რანიერი და შესაძლოა, იგი გუნდში დააბრუნონ.
სიმბოლურია, რომ რანიერისა და "ლესტერის" სიყვარულის ისტორიის "რომეო და ჯულიეტას" დარი ტრაგიკული დასასრულის მერე, კლუბის დროებით მწვრთნელად კრეიგ შექსპირი დაინიშნა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"