"საუთჰემპტონის" დამარცხებაში გადამწვეტი როლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ითამაშა, რომელმაც დუბლი გაახერხა და თავისიანებს 87-ე წუთზე მოაგებინა.
არადა, "წმინდანები" სულ ცოტა დამატებით დროს იმსახურებდნენ, მაგრამ "წითელმა ეშმაკებმა" თავისი გაიტანეს. ზლატანმა კიდევ ერთხელ გააჩუმა კრიტიკოსები და მატჩის შემდეგ ამაყად საუბრობდა. მოურინიომ კი მეტოქისადმი კომპლიმენტები არ დაიშურა და სიტყვა იმაზეც ჩაგვიგდო, რომ იბრას დარჩენა კიდევ ერთი წლით სურს.
ზლატანის პასუხი
ზლატან იბრაჰიმოვიჩი 35 წლისაა და "იუნაიტედში" მის ტრანსფერს ბევრი ალმაცერად შეხვდა "აქ სწორედ ამიტომ მოვედი. მოვედი მოსაგებად და ვიგებ. ასე უნდა გავაგრძელო. რაც უფრო მეტია გამარჯვება, მით უფრო ვტკბები და მეტი მინდება. ასაკში შესვლასთან ერთად ამას უკეთ აფასებ. თავიდან ყველაფერი უფრო გართობას ჰგავს და ტიტულის ფასს ბოლომდე ვერ იაზრებ და შეიგრძნობ. ასაკში შესვლასთან ერთად, უფრო და უფრო მოტივირებული ვხდები და გარს გამარჯვებულის მენტალიტეტი მახვევია. მხოლოდ ტიტულების მოპოვებაზე ვფიქრობ და სწორედ ამას ვაკეთებ.
სადაც მივდივარ, ვიგებ და გამონაკლისი არც "მანჩესტერია". ამას ვვარაუდობდი კიდეც. რასაც ვვარაუდობ ხოლმე, ის ხდება.
ჩემი აზრით, ამას ყველა ვერ ხედავს. როდესაც აქ მოვედი, ვიცოდი, რაც შემეძლო და შევძლებდი და იმედია, ახლა ეს ზოგიერთებმაც დაინახეს. ვაგრძელებ იმის კეთებას, რასაც ყოველწლიურად ვაკეთებ და საკუთარი თამაშისგან სიამოვნებას ვიღებ. სიამოვნებას ვიღებ ინგლისისგან".
ახალი კონტრაქტი
მიუხედავად ზლატანის კარგი თამაშისა, მისი წასვლა-დარჩენის ამბავი ჯერ გაურკვეველია. მხარეებს ახალი შეთანხმება არ გაუფორმებიათ. მიმდინარე კონტრაქტს კი ამ სეზონის ბოლოს ეწურება ვადა. ამბობენ, ჟოზე მოურინიო სერიოზულ ცვლილებებს გეგმავსო. თუმცა, ჟოზეს თუ ვენდობით, ძველი მეგობარი იბრა მის გეგმებში შედის:"ფეხბურთელებს არასდროს ვაძალებ ახალი კონტრაქტისთვის ხელის მოწერას. თუმცა, ვფიქრობ, საჭირო თუ გახდება, "იუნაიტედის" ფანებს შეუძლიათ მის სახლთან კარვები გაშალონ და იქ იცხოვრონ ახალი კონტრაქტის თხოვნით. მჯერა, საჭიროების შემთხვევაში, ისინი ამას გააკეთებენ. ყველას გვინდა გვჯეროდეს, რომ იგი ჩვენთან კიდევ ერთი სეზონით რჩება.
მხოლოდ სულელი ფეხბურთელი გადავა ინგლისში 35 წლის ასაკში, რომელსაც ზლატანის დარი კარიერა ჰქონდა; მხოლოდ სულელი, თუ დარწმუნებული არ არის თავის შესაძლებლობებში. ზლატანი კი სულელი არ არის და ის მზად იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე მას არ მოვიყვანდი. იბრას მტკიცე ხასიათი აქვს და მან ეს გამოწვევა მიიღო, რადგან გრძნობდა, რომ თავისი თამაშის ჩვენებას შეძლებდა" - ღიმილით განაცხადა მოურინიომ.
ყურადსაღებია, რომ ჟოზემ თქვა "კიდევ ერთი სეზონით" და არა უბრალოდ, ჩვენთან დარჩებაო. სავარაუდოდ, ამ ერთი სეზონის მერე კლუბი იბრაჰიმოვიჩთან თანამშრომლობას აღარ აპირებს ან შედეგების მიხედვით...
"განსაკუთრებულმა" ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ძალიან ამაყია ლიგის თასის მეოთხედ მოგებით - "უდიდესის" და მისტერ კლაფის მიღწევა გავიმეორე". დიახ, აქამდე ამდენჯერ ეს ტიტული სერ ალექს ფერგიუსონსა და ბრაიან კლაფს ჰქონდათ მოგებული.
"ჩემთვის მოგება მართლაც მნიშვნელოვანი გახლდათ, რადგან ყოველთვის გამარჯვების მოპოვება მსურს და წნეხიც დიდია. ჩვენგან ტიტულებს ითხოვენ. "მანჩესტერთან" ერთად მოპოვებული ტიტულები ბევრს ნიშნავს" - განაცხადა ჟოზემ.
სამართალი და უსამართლობა
"საუთჰემპტონმა" "უემბლიზე" შესანიშნავად ითამაშა და ისტორიაში პირველად, ლიგის თასის მოგებასთან ძალიან ახლოსაც იყო. "წმინდანების" იტალიელ ახალწვეულ მანოლო გაბიადინის საოცარი სტარტი აქვს, მან 3 მატჩში 5 გოლი გაიტანა, წესით, ექვსიც, მაგრამ 0:0-ზე გოლი ტყუილად გაუუქმეს. კლოდ პიუელის ბიჭებმა სხვა მომენტებიც შექმნეს, იყო ძელებიც. 2:0-ის მერე გაბიადინის ორი გოლი კი საკმარისი არ გამოდგა, რადგან 87-ე წუთზე ზლატანმაც დუბლი გაიფორმა და "წითელ ეშმაკებს" მოაგებინა.
ფანთა დიდი ნაწილი "სენტ მერის" ბინადრებს ამხნევებდა - "ნამდვილი ჩემპიონები თქვენ ხარ" - და მსგავსი შინაარსის სტატუსებსა თუ კომენტარებს წერდნენ სოციალურ ქსელში. სხვათა შორის, მოურინიომაც აღნიშნა, რომ ანგარიში მთლად სამართლიანი არ იყო.
"მეტოქემ შესანიშნავად ითამაშა. ამ ფინალზე იმდენი ვინერვიულე, რამდენიც სხვა ფინალების დროს არ მინერვიულია. საფუძველიც მქონდა. "საუთჰემპტონმა" სერიოზულად იბრძოლა და როდესაც ასეთ შეხვედრას 87-ე წუთზე გაშვებული გოლით წააგებ, ძალიან მტკივნეულია. ვფიქრობ, მეტოქე ძირითად დროში მარცხს არ იმსახურებდა" - განაცხადა მანჩესტერელთა თავკაცმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"