არსენ ვენგერი: თუ ჩემი არ გჯერათ, გვარდიოლას ჰკითხეთ

AutoSharing Option
"არსენალისა" და არსენ ვენგერის სამომავლო თანამშრომლობის შესახებ კვლავ დიდი გაურკვევლობაა. ფანების საპროტესტო ტალღა სულ უფრო ძლიერდება, კლუბის ხელმძღვანელობა კი ისევ დუმს. სამაგიეროდ, თავად ფრანგი სპეციალისტი არ გაურბის მედიას.

მან ისევ აღნიშნა, რომ მალე ყველა გაიგებს, თუ რა აქვს გადაწყვეტილი. ვენგერმა სხვა საკითხებზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ მუდამ პრემიერლიგის საუკეთესო ოთხეულში ყოფნა სულაც არ არის ისეთი ადვილი, როგორც ბევრს ჰგონია. ამით მან ირიბად მიანიშნა ფანებს, ამასაც უნდა აფასებდეთო. აგერ, "მანჩესტერ იუნაიტედს" გახედეთ, სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის მერე რა დაემართა, ანაც "ლივერპულსო".

"ოთხეულში
მოხვედრის საკითხი დიდი გამოწვევაა ჩვენთვის. რასაკვირველია, ეს ადვილი არ იქნება, რადგან კონკურენცია ძალიან დიდია, მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია. ამას 20 წელი ვახერხებდი და, თითქოს, არაფერი. მიხარია, რომ ახლა მაინც გაიაზრა ხალხმა, თუ რა მნიშვნელოვანი მიღწევაა და თურმე, არც ისე ადვილია მისაღწევად" - განაცხადა მუსიე არსენმა.

ფრანგმა ჟურნალისტებს ისიც უთხრა - ჩემი თუ არ გჯერათ, ხოსეპ გვარდიოლას მოუსმინეთო. ვენგერმა 2012 წელს განაცხადა, ოთხეულში მოხვედრა ტიტულის მოგებასავითააო და იგივე სიტყვები ცოტა ხნის წინათ პეპმა გაიმეორა - პრემიერლიგა ისეთი რთული ჩემპიონატია, აქ ოთხეულში გასვლა იგივეა, რაც ტიტულის მოგებაო. მწვრთნელმა ალექსის სანჩესისა და მესუთ იოზილის დარჩენა-არდარჩენის საკითხზეც ისაუბრა და ასევე, ამცნო ფანებს, რომ ლორან კოსიელნის ტრავმა არც ისე სახუმარო ჩანსო.

კოსიელნის რამდენიმე კვირა გაუცდება. ეს "მეთოფეებისთვის" სერიოზული პრობლემაა, რადგან დაცვაში ისედაც ბევრი ხარვეზია.

"მესმის, რატომ სვამთ ამდენ შეკითხვას ამ თემებზე, რადგან სულ ამაზე ლაპარაკობენ. თუმცა ცოტა მიკვირს, რადგან სეზონის დამთავრებამდე ჯერ დროა და, როგორც გითხარით, გადაწყვეტილების შესახებ მალე თავად გაცნობებთ.

ხოლო სანჩესსა და იოზილს კიდევ უფრო დიდი დრო აქვთ და უფროსობამაც იცის, რასაც აკეთებს. ჩვენ ყველანი პროფესიონალები ვართ და მეც მიჩვეული ვარ მუშაობას, როგორც კომფორტულ, ასევე რთულ და არაკომფორტულ პერიოდებში. ასე რომ, ეს აჟიოტაჟი ზომაზე მეტ ნეგატიურ გავლენას ვერ მოახდენს, პროფესიონალი ამისთვის ყოველთვის მზად არის" - ამბობს ვენგერი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული