"მანჩესტერ იუნაიტედი": ვინ შეცვლის ზლატანს?

AutoSharing Option
სეზონი დასასრულს უახლოვდება და ზლატან იბრაჰიმოვიჩს "მანჩესტერ იუნაიტედთან" ახალი კონტრაქტი ჯერ არ გაუფორმებია. მეტიც, ამ თემაზე მხარეებს არც ულაპარაკიათ და ეს ბუნებრივად აჩენს ეჭვს, რომ შვედი "ოლდ ტრაფორდიდან" ასაბარგებლად ემზადება. ცნობილია, რომ მას კონტრაქტს სთავაზობს MLS-ის გიგანტი "ლოს ანჯელეს გელექსი", თუმცა რა გაგრძელება მოჰყვება ამ ამბებს, ჯერ ძნელი სათქმელია...

ზლატანი ახლა 35 წლისაა. ეს ის ასაკია, როცა საპენსიოდ გამზადებულ ფეხბურთელებს დიდი სატურნირო და მედიაწნეხის გარეშე სურთ კარიერის ბოლომდე მიყვანა, ანუ, ფეხბურთი - მხოლოდ სიამოვნებისთვის!

იბრას შესაძლო წასვლაზე მიუთითებს ის ფაქტიც,
რომ ბოლო დროს შვედმა ღიად მიჰყო ხელი თანაგუნდელების კრიტიკას (ამბობს, რომ "იუნაიტედში" ერთადერთი ლომია).

ამასობაში კი ინგლისური პრესა უკვე სპეკულირებს იბრაჰიმოვიჩის შეცვლელებზე და მოდი, ჩვენც გადავავლოთ თვალი პოტენციურ კანდიდატებს...

გარეთ ბეილი
მას ყოველ ზაფხულს უწინასწარმეტყველებენ პრემიერლიგაში დაბრუნებას და ასეა ახლაც. კოჭის ტრავმის გამო, 28 წლის უელსელი გარემარბი დღესდღეობით უქმობს, თუმცა "რეალის" ძირითადში მისი ადგილი კამათის საგანი არ არის და, როგორც კი ფეხზე დადგება, თავის პოზიციას დაუბრუნდება.

"რეალშიც", ჯერჯერობით, არ ჩანს იმის ნიშნები, რომ გარეთ ბეილის გაყიდვა იგეგმება. ეს ერთადერთ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს - თუ ტრანსფერი ფინანსურად მომგებიანი იქნება და მის ნაცვლად "სამეფო კლუბი" ისეთ ფეხბურთელს მიიყვანს, როგორიც, ვთქვათ, ედენ აზარია.

ანდრეა ბელოტი
"ტორინოს" ფორვარდის გამოსასყიდი თანხა 100 მილიონი ევროა. ეს თანხა ბევრ შეძლებულ კლუბსაც კი აშინებს და ამიტომაც თავს შორს იჭერენ. თან "ტოროს" პრეზიდენტი ურბანო კაირო ხომ ცნობილია, როგორც სარფიანად მოვაჭრე და ექსპერტები ნაკლებად მოელიან, რომ 23 წლის ანდრეა ბელოტიზე მოლაპარაკებისას მნიშვნელოვანი ფასდაკლება იქნება.

ქარიმ ბენზემა
ამ სეზონში ფანები მას ბევრს აკრიტიკებენ, თუმცა 29 წლის ფრანგს ძლიერი მხარდაჭერა აქვს, როგორც ზინედინ ზიდანისგან, ისე "რეალის" პრეზიდენტ ფლორენტინო პერესისგან. თითქმის 100 პროცენტით გარკვეულია, რომ ქარიმ ბენზემა მომავალ სეზონსაც "რეალში" გაატარებს. ესეც არ იყოს, კრიშტიანო რონალდოსა და გარეთ ბეილს ძალიან მოსწონთ მასთან კომპანიაში თამაში და ეტყობა, კლუბის ხელმძღვანელობა ამ ფაქტორსაც ითვალისწინებს.

ანტუან გრიზმანი
ის "იუნაიტედის" უმთავრეს საზაფხულო სამიზნედ ითვლება. ეს იქიდანაც ჩანს, რომ საქმეში არამარტო აგენტები, თვით პოლ პოგბაცაა ჩართული. როგორც ირკვევა, "იუნაიტედის" საყრდენს უკვე უსაუბრია თავის თანაგუნდელთან (საფრანგეთის ნაკრებში), მაგრამ აქ არის სერიოზული ხელისშემშლელი ფაქტორები.

ჯერ ერთი, 26 წლის ანტუან გრიზმანი თინეიჯერობის დროიდან ესპანეთში (პროფესიული კარიერა "სოსიედადიდან" დაიწყო) ცხოვრობს და ასეთ დროს გარემოს შეცვლა ძალიან ძნელია. მეორეც - მისთვის მნიშვნელოვანია ჩემპიონთა ლიგაში თამაში, რის გარანტიასაც, დღევანდელი მონაცემებით, "მანჩესტერ იუნაიტედი" ნამდვილად ვერ იძლევა.

მაურო იკარდი
24 წლის არგენტინელ "ცუდ ბიჭს" ჟოზე მოურინიოსთან ჯერ კიდევ გასულ ზაფხულს აკავშირებდნენ, როცა პორტუგალიელი "იუნაიტედში" დანიშნული არც იყო. მაშინ ამბობდნენ, რომ მაურო იკარდი მოურინიოს პირველი შენაძენი იქნებოდა, თუმცა... არგენტინელის მიზნები უცვლელი რჩება:

"იტალიაში ბედნიერი ვარ. ბავშვობიდანვე "ინტერის" ფანი ვიყავი და ამ კლუბის მაისურას ვერაფერზე გავცვლი. ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს, აქ კარიერის ბოლომდე დავრჩე", - თქვა მან ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში.

რობერტ ლევანდოვსკი
28 წლის "გოლების მანქანას" ბევრი გუნდი ინატრებდა. იკარდისგან განსხვავებით, მას "ბაიერნზე", როგორც იტყვიან, ჯვარი არ აქვს დაწერილი და მისი აგენტი ღიად აცხადებს კიდეც, რომ პოლონელი ფორვარდი უპირველესი ალტერნატივაა გრიზმანის, თუ ეს უკანასკნელი საბოლოოდ გადაწყვეტს "ატლეტიკოში" დარჩენას.

თუმცა რობერტ ლევანდოვსკი არ არის იმ კალიბრის ვარსკლავი, სათადარიგო ვარიანტად განიხილებოდეს და ამის გამო, არ არის გამორიცხული, უარიც თქვას "მანჩესტერზე". თუმცა მისი აგენტი მაინც ბოლომდე ეცდება, მრავალთათვის სასურველი ფორვარდი (2014 წლის ზაფხულიდან მოყოლებული "ბაიერნში" 103 გოლი გაიტანა) "მანჩესტერის" მთავარ სამიზნედ აქციოს.

რომელუ ლუკაკუ
23 წლის ბელგიელი ფორვარდი 21 გოლით მიმდინარე პრემიერლიგის მთავარი ბომბარდირია (ყოველ შემთხვევაში, ასე იყო ოთხშაბათის საღამომდე). ეს ის რომელუ ლუკაკუა, რომელზეც ჟოზე მოურინიომ, "ჩელსიში" მეორედ მისვლის დროს, უარი თქვა და 28 მილიონ ფუნტად "ევერტონს" მიჰყიდა. საინტერესოა, როგორ მოიქცევა პორტუგალიელი იმ შემთხვევაში, თუ ლუკაკუს ტრანსფერის აუცილებლობას დაინახავს? ის იტყვის, რომ მაშინ ბელგიელი არ სჭირდებოდა "ჩელსის", სამაგიეროდ, ახლა სჭირდება "იუნაიტედს". მორჩა და გათავდა! ჟოზე იპოვის გამოსავალს...

მარიო მანჯუკიჩი
30 წლის ხორვატისთვის ეს შეიძლება იყოს შანსი, დაუბრუნდეს თავის კლასიკურ "ცხრიანს", საიდანაც "მოისროლეს" მას მერე, რაც "იუვენტუსმა" გონსალო იგუაინი იყიდა. სავარაუდოდ, მარიო მანჯუკიჩი ამ ზაფხულს გასაყიდთა სიაში მოხვდება. "მანჩესტერს" კი შეუძლია, განიხილოს ის, როგორც ყველაზე იაფი ალტერნატივა.

კილიან მბაპე
"მონაკოს" 18 წლის შემტევი დიდ იმედებს იძლევა თავისი ბრწყინვალე მონაცემებით. მაგრამ ამ ასაკში კილიან მბაპეს "მანჩესტერის" მთავარ მეგოლედ დამკვიდრება ძალიან გაუჭირდება, რადგან პრემიერლიგა სულ სხვა "პლანეტაა".

მეორე მხრივ, "ოლდ ტრაფორდზე" გადასვლა მისთვის გაცილებით მეტი ტიტულის გარანტია იქნება, ვიდრე "მონაკოში" აქვს.

ალექსის სანჩესი
28 წლის ალექსის სანჩესი, მანჯუკიჩის არ იყოს, ბოლოხანს, ფლანგზე თამაშობს, თუმცა მისთვის პრობლემა არ იქნება "ცხრა ნომრის" როლში დაბრუნება მრავალმხრივი ნიჭის წყალობით. ამიტომ, ის შეიძლება იყოს ერთ-ერთი მთავარი ალტერნატივა იბრაჰიმოვიჩისა, რადგან რეალურად უდგას "არსენალთან" განშორების საკითხი.

სანჩესი, დაახლოებით, 45-50 მილიონი ევრო ეღირება და პსჟ-მა უკვე განაცხადა, რომ ჩილელისთვის იბრძოლებს, სურვილი გამოთქვა "ჩელსიმაც"... ასე რომ, "იუნაიტედს" დიდი ბრძოლა მოუწევს პარიზელ შეიხთან და რუს ოლიგარქთან, თუკი სანჩესს იბრას ერთ-ერთ მყარ ალტერნატივად განიხილავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბენზემა ან ლევადოვსკი უფრო ბენზემა დანარჩენები მეორე ხარისხოვანებია
koka
04:34 13-05-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული