პრემიერლიგა. XXXVII ტური: "ჩელსი" მეხუთედ და მეექვსედ... [VIDEO]

AutoSharing Option
მოხდა ის, რისიც დიდი ხანია, შინაგანად გვჯეროდა, მაგრამ ვიდრე არ გაოფიციალურდა, ხმამაღლა ვერ ვთქვით - "ჩელსი" ინგლისის ჩემპიონია!

ოქტომბრის ბოლოდან, "არსენალთან" წაგებით (0:3) დაწყებული ძლევამოსილი კამპანია პრემიერლიგის მოგებით დასრულდა. სწორედ ამ მარცხმა აჩვენა ანტონიო კონტეს "ხსნის გზა" და მაგალითი მისცა სხვა გუნდებს - როგორ უნდა ისწავლო საკუთარ შეცდომებზე, როგორც უნდა გააანალიზო სიტუაცია და იპოვო გამოსავალი.

დღეს აღარ შევჩერდებით იმ ტრანსფორმაციაზე, რაც "არისტოკრატებს" კონტეს თავკაცობით გადახ
დათ თავს, ტაქტიკურ ნოვაციებზე, მწვრთნელის მნიშვნელობასა და არსებული რესურსის სწორად გამოყენებაზე. ამაზე ბევრი დაგვიწერია სეზონის განმავლობაში და პრემიერლიგა რომ დასრულდება, ალბათ, ერთი გენერალური შეჯამებაც არ აგვცდება. დღეს უფრო საინტერესო ფაქტებზე გავამახვილებთ ყურადღებას...

"ჩელსი" მეექვსედ გახდა ინგლისის უპირველესი გუნდი, ხოლო მეხუთედ - პრემიერლიგის ეპოქაში (1991 წლიდან). წინ მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედია", რომელიც 13 ტრიუმფს ითვლის ბრიტანეთის უძლიერეს ლიგაში;

1989 წლის შემდეგ "ჩელსი" პირველი გუნდია, რომელმაც ინგლისის უმთავრესი ტიტული... პარასკევ დღეს მოიგო. 28 წლის წინათ ასეთი ბედნიერი პარასკევი "არსენალსაც" ჰქონდა...

კარლო ანჩელოტის ("ჩელსი"), რობერტო მანჩინისა ("მანჩესტერ სიტი") და კლაუდიო რანიერის ("ლესტერი") შემდეგ კონტე მეოთხე იტალიელი მწვრთნელია, ვინც პრემიერლიგის მწვერვალი დაიპყრო;

"ჩელსის" 23 წლის ფორვარდი მიჩი ბატშუაი კლუბის ისტორიაში შევიდა "ვესტ ბრომვიჩის" კარში გატანილი საჩემპიონო გოლის წყალობით, მაგრამ მარტო ეს არა - ის გახდა მესამე ბელგიელი, ვინც პრემიერლიგის ბოლო 3 ტიტულის ბედი გადაწყვიტა - 2015/16 წლების სეზონში (2 მაისი) ეს ედენ აზარის მიერ "ტოტენჰემის" კარში გატანილი გოლით მოხდა. მატჩი 2:2 მორჩა და გაირკვა, რომ "ლესტერი" მდევრისთვის მიუწვდომელი გახდა;

ერთი წლით ადრე კი, იმავე აზარის მიერ "კრისტალ პალასის" კარში გატანილი ერთადერთი გოლით, "ჩელსიმ" 2010 წლის შემდეგ პირველად მოიგო პრემიერლიგის მთავარი ჯილდო.

ედენ აზარი, ნგოლო კანტე, დავიდ ლუიზი, დიეგო კოშტა... "ჩელსის" ბევრი ფეხბურთელი მიიღებს სეზონის ბოლოს სხვადასხვა ინდივიდუალურ ჯილდოს, მაგრამ გუნდის უპირველესი ვარსკვლავი, როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, მთავარი მწვრთნელია. ბედნიერმა კონტემ ნამატჩევს თქვა:

"ძალიან ამაყი ვარ, რომ ისეთ უძლიერეს ტურნირში, როგორიც პრემიერლიგაა, პირველივე სეზონში გამარჯვებული გავხდი... მაგრამ ამაში მთავარი როლი ჩემმა ფეხბურთელებმა ითამაშეს, არნახული პროფესიონალიზმითა და შრომისმოყვარეობით... ახლა ორი თამაში გვაქვს იმისთვის, რომ ზეიმით დავტკბეთ, მერე კი ინგლისის თასის ფინალია (27 მაისს, "არსენალთან". ავტ.) და ფანტასტიკური იქნება სეზონის დუბლით დასრულება. მესმის, რომ ასეთ დროს ძალიან რთულია კონცენტრირება კიდევ ერთი გადამწყვეტი მატჩისთვის, მაგრამ როგორმე უნდა მოვნახოთ ეს გზაც და ქომაგები კიდევ ერთხელ გავახაროთ"...

ალბათ, ჟურნალისტებს კიდევ ბევრი კითხვა ჰქონდათ ტრიუმფატორ მწვრთნელთან, მაგრამ პრესკონფერენცია დიდხანს ვერ გაგრძელდა - დარბაზში დიეგო კოშტა, ჯერ ტერი და დავიდ ლუიზი შეიჭრნენ და მწვრთნელი "გაიტაცეს"...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გადავიდეთ შაბათის ამბებზე. "მანჩესტერ სიტის" თითქოს ადვილად უნდა მოეგო "ლესტერისთვის", მაგრამ ბოლოს კბილებით იცავდა მინიმალურ უპირატესობას, ხოლო რიად მაჰრეზს 11-მეტრიანის შესრულებისას შეცდომა რომ არ დაეშვა (ფეხი გაუცურდა და ორმაგი შეხებისთვის ბობი მედლიმ პენალტი გააუქმა), არც სხვანაირი ფინიში იქნებოდა გამორიცხული.

"სიტი" ტაიმის ბოლოსკენ დაწინაურდა. ანგარიში გახსნა დავიდ სილვამ, ვინც 2014 წლის დეკემბრის შემდეგ პირველად გაიტანა ზედიზედ ორ მატჩში. მერე გაბრიელ ჟეზუშის ჯერი დადგა. სხვათა შორის, ეს ბრაზილიელი სულ 6-ჯერ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში და "სიტის" 7 გოლში დაიდო წილი. ხოლო რაც შეეხება შინჯი ოკაზაკის პასუხს, იაპონელისთვის ეს იყო პირველი ზუსტი დარტყმა 23-მატჩიანი "მოუსავლიანობის" შემდეგ.

და კიდევ ერთი - ეს იყო პირველი შემთხვევა მიმდინარე პრემიერლიგაში, როცა პეპ გვარდიოლამ ზედიზედ ორ შეხვედრაში ერთი და იგივე შემადგენლობა ათამაშა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

"სუონსიმ" უმნიშვნელოვანესი თამაში მოიგო სანდერლენდში და დიდი ნაბიჯი გადადგა პრემიერლიგაში დარჩენის გზაზე. ეს მოხდა შაბათს, კვირას კი "ჰალმა" უსახელოდ წააგო "კრისტალ პალასთან", ინგლისის მთავარ ლიგას ხელი დაუქნია და შვებით "ამოასუნთქა" "სუონსი", რომელსაც ახლა აღარაფერი ემუქრება.

"ჰალის" წაგებამ გააბედნიერა თავად "კრისტალ პალასიც", რომელსაც სემ ელარდაისის ხელში, წესით, გაცილებით უკეთესი შედეგი უნდა ჰქონდეს მომავალ პრემიერლიგაში.

ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად ბრძოლას აგრძელებს "არსენალი", რომელმაც იოლად გატეხა "სტოკის" წინააღმდეგობა. "მეთოფეებს" კონკურენტ "ლივერპულზე" ერთი მატჩით ნაკლები აქვთ ჩატარებული და "სანდერლენდთან" ზეგინდელ, გამოტოვებულ შეხვედრაში გამარჯვებით ჩემპიონთა ლიგისკენ სერიოზული ნახტომის გაკეთება შეუძლიათ.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ეს ნახტომი თითქმის 100-პროცენტიანი ალბათობით უკვე გააკეთა "ლივერპულმა", დაამარცხა რა "ვესტ ჰემი" მისსავე მოედანზე და ახლა უკვე გავარდნილ "მიდლსბროსაც" როგორმე მოერევა "ენფილდზე" და ლიგის საგზური ჯიბეში ექნება. ოღონდ აქ გასათვალისწინებელია, რომ "მანჩესტერ სიტის" ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და უკეთესი შანსი უჩნდება მესამე ადგილზე გასვლის, რაც ეგრევე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ნიშნავს.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ტური დაგვირგვინდა "ტოტენჰემისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" მატჩით, რომელიც ბოლო ბრძოლა იყო ლეგენდარულ "უაით ჰართ ლეინზე", სადაც თავის დროზე თბილისის "დინამოს" ორ თაობას აქვს ნათამაშები. 2018 წლიდან "მამლები" იქვე, თანამედროვე არენაზე (რომელიც ახლა მშენებლობის პროცესშია) გადაბარგდებიან, ხოლო მომავალ სეზონში კი მეტოქეებს "უემბლიზე" უმასპინძლებენ...

რაც შეეხება თამაშს, ის საკმაოდ მიმზიდველი გამოდგა და იმით დასრულდა, რომ "ტოტენჰემმა" ვადაზე ადრე გაინაღდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში. ჟოზე მოურინიომ კი პრემიერლიგაში კაპიტულაცია გამოაცხადა და უპრესტიჟულეს ევროტურნირზე მოხვედრას ახლა ევროპალიგის მოგებით შეეცდება. თუმცა აქაც თავი დაიზღვია - "აიაქსს" რომც ვერ მოვუგოთ ფინალში, სეზონი წარუმატებლად მაინც ვერ შეფასდებაო...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

XXXVII ტური
ევერტონი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 ბარკლი (56)
ევერტონი (4-3-3): რობლესი - ჰოლგეიტი (46. ე. ვალენსია), იაგიელკა, უილიამსი, ბეინსი - გეიე, შნაიდერლინი, ტ. დევისი - მირალასი (86. კონე), ბარკლი (80. ბერი), ლუკაკუ.
უოტფორდი (3-5-2): გომეში - კაბასელე (37. სუნიგა), პრიოდლი, მარიაპა - იანმაატი, ბეჰრამი (71. ამრაბატი), დუკური, კაპუ (81. ნიანგი), ჰოლებასი - ოკაკა, დინი.
მაყურებელი: 38 550

ვესტ ბრომვიჩი-ჩელსი 0:1
გოლი: 0:1 ბატშუაი (82)
ვესტ ბრომვიჩი (4-1-4-1): ბ. ფოსტერი - დოუსონი, მაკოული (64, უილსონი), ევანსი, ნიომი - დ. ფლეტჩერი - ბრანტი, ლივერმორი, ფილდი (51. იაკობი), მაკკლინი (59. ჩადლი) - რონდონი.
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, დავიდ ლუიზი, კეჰილი - მოზესი (86. ზუმა), ფაბრეგასი, მატიჩი, ალონსო - პედრო (76. ბატშუაი), აზარი (75. ვილიანი) - დიეგო კოშტა.
მაყურებელი: 25 367

მანჩესტერ სიტი-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 დავიდ სილვა (29), 2:0 გაბრიელ ჟეზუში (36-პენ), 2:1 ოკაზაკი (42)
სიტი (4-1-4-1): კაბალიერო - ფერნანდინიო, კომპანი, ოტამენდი, კლიში - ტურე - სტერლინგი (78. აგუერო), დე ბრუინი (82. საბალეტა), დავიდ სილვა, სანე - გაბრიელ ჟეზუში (90+4. ნავასი).
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ბენალუანი, ფუხსი, ჩილუელი - ოლბრაიტონი (80. დ. გრეი), ე. კინგი (68. ემეტრი), ნდიდი, მაჰრეზი - ოკაზაკი (73. სლიმანი), ვარდი.
გამოუყენებელი პენალტი: მაჰრეზი (77. ლესტერი)
მაყურებელი: 54 407

ბორნმუთი-ბარნლი 2:1
გოლები: 1:0 სტანისლასი (25), 1:1 ვოუკსი (83), 2:1 ჯ. კინგი (86)
ბორნმუთი (4-4-1-1): ბორუცი - სმიტი, ფრენსისი, ს. კუკი, დენიელსი - სტანისლასი (87. იბე), არტერი (81. გოსლინგი), ლ. კუკი, პაფი - ჯ. კინგი - მუსე (67. ფრეიზერი).
ბარნლი (4-4-2): ჰიტონი - ლოუტონი, კ. ლონგი, ტარკოვსკი, ს. უარდი - ბოიდი (55. ბრეიდი), ვესტვუდი, ჰენდრიკი, არფილდი (75. გუდმუნდსონი) - ბარნსი (46. ე. გრეი), ვოუკსი.
მაყურებელი: 11 388

მიდლსბრო-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 0:1 როდრიგესი (43), 0:2 რედმონდი (57), 1:2 ბემფორდი (73)
მიდლსბრო (4-3-3): გუსანი - ფაბიო, ჩემბერსი, გიბსონი, ფრენდი - დე როონი, კლეიტონი, ფორშოუ (60. ლედბიტერი) - ბემფორდი, დაუნინგი (60. ფიშერი), ნეგრედო.
საუთჰემპტონი (4-3-3): ფ. ფოსტერი - რიდი, კასერესი, იოშიდა, ბერტრანდი - კლასი, რომეუ, ჰოიბერგი (74. ს. დევისი) - შ. ლონგი (87. ოსტინი), ბუფალი (46. რედმონდი), როდრიგესი.
გამოუყენებელი პენალტი: შ. ლონგი (64. საუთჰემპტონი)
მაყურებელი: 28 203

სანდერლენდი-სუონსი 0:2
გოლები: 0:1 ლორენტე (9), 0:2 ნოუტონი (45)
სანდერლენდი (4-3-3): პიკფორდი - ჯოუნსი, კონე, ოში, მანკილიო - ლარსონი, დენაიერი (20. გიბსონი), ნდონგი - ბორინი, ანიჩებე (37. ხაზრი), დეფო.
სუონსი (4-3-1-2): ფაბიანსკი - ნოუტონი, ფ. ფერნანდესი, მოუსონი, ოლსონი - კი (67. ფერი), ბრაიტონი (77. კორკი), ტ. ქეროლი - სიგურდსონი - ჯ. აიუ, ლორენტე (89. ნარსინგი).
მაყურებელი: 38 781

სტოკი-არსენალი 1:4
გოლები: 0:1 ჟირუ (42), 0:2 იოზილი (55), 1:2 კრაუჩი (60), 1:3 სანჩესი (76), 1:4 ჟირუ (80)
სტოკი (4-2-3-1): ბატლენდი - ჯონსონი, შოუკროსი, მარტინს ინდი, პიტერსი - ქემერონი, უელანი - შაქირი, ალენი (60. კრაუჩი), არნაუტოვიჩი (81. სობი) - დიუფი (61. ბერაჰინო).
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი - ჰოლდინგი, მუსტაფი, კოსიელნი - ბელერინი, კოკელენი, ჯაკა, მონრეალი - იოზილი (84. უელბეკი), სანჩესი (77. რემზი) - ჟირუ (84. უოლკოტი).
მაყურებელი: 27 535

კრ. პალასი-ჰალი 4:0
გოლები: 1:0 ზაჰა (3), 2:0 ბენტეკე (34), 3:0 მილივოიევიჩი (85-პენ), 4:0 ვან აანჰოლტი (90)
კრ. პალასი (4-3-3): ჰენესი - ჯ. უარდი, კელი, ტომკინსი (86. დელენი), შლუპი - კაბაი (62. მაკარტური), მილივოიევიჩი, ფენჩენი - ზაჰა, თაუნსენდი (75. ვან აანჰოლტი), ბენტეკე.
ჰალი (4-4-1-1): იაკუპოვიჩი - მაგუაირი (50. კ. დევისი), დოუსონი, რანოკია (46. ბოუენი), რობერტსონი (46. მელოუნი) - ელმოჰამადი, ნდიაიე, კლუკასი, გროსიცკი - ევანდრო - ნიასე.
მაყურებელი: 25 176

ვესტ ჰემი-ლივერპული 0:4
გოლები: 0:1 სტარიჯი (35), 0:2 კოუტინიო (57), 0:3 კოუტინიო (61), 0:4 ორიგი (76)
ვესტ ჰემი (3-4-2-1): ადრიანი - ფონტე (55. ე. ფლეტჩერი), რიდი, კოლინზი - ბაირემი, ე. ფერნანდესი, ნორდტვეიტი, კრისუელი - ლანძინი, ა. აიუ (77. სნოდგრასი) - კალერი (55. ფეგული).
ლივერპული (4-3-1-2): მინოლე - კლაინი, მატიპი, ლოვრენი, მილნერი - ვეინალდუმი, ჩანი, კოუტინიო (89. ვუდბერნი) - ლალანა (89. გრუჯიჩი) - ორიგი, სტარიჯი (87. ლუკას ლეივა).
მაყურებელი: 56 985

ტოტენჰემი-მანჩესტერ იუნ 2:1
გოლები: 1:0 ვანიამა (6), 2:0 კეინი (48), 2:1 რუნი (71)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ტრიპიერი (83. უოლკერი), ალდერვეირელდი, ვერტონგენი, ბ. დევისი - ე. დაიერი, ვანიამა - ერიქსენი (90+2. ნკუდუ), ალი, სონი (72. დემბელე) - კეინი.
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ბაილი, სმოლინგი, ჯოუნსი, ბლინდი - ქერიკი, ტუანზებე (61. ანდერ ერერა) - ლინგარდი (61. მხითარიანი), მატა (79. რაშფორდი), რუნი - მარსიალი.
მაყურებელი: 31 848

ბომბარდირები: 24 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 22 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 21 - ალექსის სანჩესი (არსენალი); 20 - დიეგო კოშტა (ჩელსი).

გამოტოვებული მატჩები
15 მაისი:
ჩელსი-უოტფორდი;

16 მაისი:
არსენალი-სანდერლენდი, მანჩესტერ სიტი-ვესტ ბრომვიჩი;

17 მაისი:
საუთჰემპტონი-მანჩესტერ იუნ;

18 მაისი:
ლესტერი-ტოტენჰემი.

მომდევნო ტური
21 მაისი:
არსენალი-ევერტონი, ბარნლი-ვესტ ჰემი, ჩელსი-სანდერლენდი, ჰალი-ტოტენჰემი, ლესტერი-ბორნმუთი, ლივერპული-მიდლსბრო, მანჩესტერ იუნ-კრ. პალასი, საუთჰემპტონი-სტოკი, სუონსი-ვესტ ბრომვიჩი, უოტფორდი-მანჩესტერ სიტი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული