ხამესი პრემიერლიგისკენ? კოლუმბიელს ასარჩევად აქვს საქმე

AutoSharing Option
ლა ლიგის ბოლო უქმეებზე, "სევილიასთან" მატჩის 61-ე წუთზე შეცვლილი ხამეს როდრიგესი ისე დაემშვიდობა "სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკას, ეჭვი აღარავის დარჩა, რომ 25 წლის შემტევისა და სამეფო კლუბის გზები იყრება...

კოლუმბიელმა ფეხბურთელმა, რომელიც 3 წლის წინ "რეალმა" 80 მილიონ ევროდ იყიდა "მონაკოსგან", ვერ გამონახა საერთო ენა ზინედინ ზიდანთან და ვერც კონკურენციას გაუძლო. ეს ყველამ ვნახეთ.

ადრე ის როგორღაც ახერხებდა და გავლენას ახდენდა მთავარ მწვრთნელზე, როგორც დამწყებ სპეციალისტზე, მაგრამ დღეს სიტუაცია შეცვლილია - ზიდანს დიდი მხარდაჭერა აქვს "რეალის" ხელმძღვანელობისგან,
რომელიც ძლიერ კმაყოფილია იმით, რომ ფრანგის ხელში გუნდი ზედიზედ მეორედ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში...

რა თქმა უნდა, ზიდანი სულაც არ არის ვალდებული, ანგარიში გაუწიოს ხამეს როდრიგესში გადახდილი თანხის ოდენობას - ის ათამაშებს იმ ფეხბურთელებს, რომელთაც კონკრეტულ მომენტში საჭიროდ მიიჩნევს. "ზიზუ" იმ ფეხბურთელებსაც აძლევს შანსს, ვინც ბოლო პერიოდში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგალითად - ისკოს, რომელიც დიდხანს ელოდა ამ შანსს...

თუ გახსოვთ, "ბარსელონასთან" მატჩში ტრავმა მიიღო გარეთ ბეილმა, თუმცა მერე გამოჩნდა "ბაიერნთან" შეხვედრაში, სადაც ის... 21 წლის მარკო ასენსიომ შეცვალა. არადა, ყველა ლოგიკით, ბეილი ხამესს უნდა შეეცვალა.

ჯერ ერთი, რომ კოლუმბიელს ამ პოზიციაზე უთამაშია კარლო ანჩელოტის მწვრთნელობისას და მეორეც - ის ბრწყინვალედ აწვდის ფლანგებიდან, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სათამაშო კომპონენტია...

თუმცა ერთადერთი, რაც მას ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრების გზაზე ეღობებოდა, იყო არცთუ მაღალი სიჩქარე.

თუმცა, დიდწილად, ის საკუთარი თავის მიზეზით აღმოჩნდა ჩიხში. ხამესს არანაირად არ აწყობდა ზიდანთან ურთიერთობის გაფუჭება. მან ორჯერ შეურაცხყო მწვრთნელი შეცვლის დროს, მაგრამ ზიდანმა მოითმინა და ღირსეულად დაიჭირა თავი, თან ესეც თქვა - მესმის როდრიგესის, თავადაც ვიყავი ფეხბურთელი და ვიცი, რას ნიშნავს შეცვლაო...

ჩვენც ვიცით, როგორია ზიდანი - მკაცრი და პასუხისმგებლიანი, კონცენტრირებულია მხოლოდ თავის სამუშაოზე. მას არ აინტერესებს ჭორები და ცდილობს, ფეხბურთელებიც დაიცვას ამისგან...

გავიხსენოთ "ბაიერნთან" პირველი მეოთხედფინალური მატჩი - მას შემადგენლობაში ჰყავდა ხამესი, ვასკესი და ისკო, როცა შეცვლაზე შეუშვა ასენსიო, ვისი გადაცემითაც კრიშტიანო რონალდომ მეორედ აიღო ბავარიელთა კარი და გამარჯვება მოუტანა "რეალს".

ერთი მხრივ, ზიდანმა გამოიცნო შეცვლა, მეორე მხრივ კი დაამტკიცა, რომ თუნდაც ყველაზე მძიმე მომენტში, ყველაზე ძლიერ მეტოქესთან საგარეო მატჩშიც კი შეუძლია რისკზე წასვლა. ასეთ დროს ყველა ვერ ენდობა 21 წლის მოთამაშეს...

მაგრამ მსგავს რთულ სეზონშიც კი ხამესის სტატისტიკას ნამდვილად არ ეთქმის "ურიგო" - 32 მატჩი, 11 გოლი და 13 საგოლე პასი. გასაგებია, რომ ამ ზაფხულს, უდიდესი ალბათობით, ის პრემიერლიგაში გადავა, მაგრამ ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - რომელ გუნდში? ან რომელ ქალაქში? მანჩესტერში თუ ლონდონში? გუშინ გავრცელდა ცნობა, რომ ხამესის წასვლაზე განცხადება უახლოეს დღეებში გაკეთდება...

ავტორიტეტული გამოცემები წერენ, რომ კოლუმბიელისთვის "ჩელსი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იბრძვიან, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ხამესი მივა "ჩელსიში", სადაც სესკ ფაბრეგასის სახით უკვე ჰყავთ მისი ტიპის ფეხბურთელი. თავის მხრივ, სესკმაც ხომ მთელი სეზონი ძირითადში დამკვიდრებისთვის ბრძოლაში გაატარა...

თითქოს, "ჩელსის" ხამესი ახლა ყველაზე ნაკლებად სჭირდება, მაგრამ გავითვალისწინოთ ერთი გარემოება - განსხვავებით ჯერაც მიმდინარე კამპანიისგან, მომავალ სეზონში "არისტოკრატები" ჩემპიონთა ლიგაშიც ითამაშებენ და ეს უთუოდ მოითხოვს დამატებით რესურსს შემადგენლობის როტაციისთვის...

სხვა საქმეა "მანჩესტერ იუნაიტედი", სადაც ნამდვილად არის დეფიციტი როდრიგესის დარი შემტევების. თან ჟოზე მოურინიო ახლა შენების პროცესშია და გაურკვეველია, ვინ შეიძლება იყოს ხამესის მთავარი კონკურენტი შეტევის ხაზში...

ასე რომ, ცდა შეიძლება...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული