ტონი ადამსი - ლეგენდა, რომელმაც "გრანადა" ვერ გადაარჩინა

AutoSharing Option
"მე მოვედი "გრანადაში" იმის გამო, რომ მოთამაშეებს სისხლი გავუშრო და დარჩენილი შვიდივე მატჩი მოვიგო", - განაცხადა ტონი ადამსმა "გრანადას" მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ. 31-ე ტურისთვის მის ახალ გუნდს მხოლოდ ოთხი მოგება ჰქონდა, მაგრამ ეს სულაც არ ეხამუშებოდა ბრიტანელს.

ადამსის მიწვევა სრული სიგიჟე იყო "გრანადას" ბოსების მხრიდან. უიღბლო და წარუმატებელი მწვრთნელი ექვსი წელი უმუშევარი იყო. ინგლისელს არაფერი ჰქონდა მოგებული, არსად გაჩერებულა წელიწადნახევარზე მეტი და პრიმერა მხოლოდ ტელევიზორში ჰქონდა ნანახი. მაგრამ ჩინელმა ჟიან ლიჟანგმა, რომელმაც "გრანადა" პოცოების ლეგენდარული ოჯახისგან შეიძინა, სუიციდზე მოაწერა
ხელი.

თან არსებობდა გარი ნევილის მაგალითი, რომელსაც ესპანეთში ისე აუგეს წესი, რომ, ალბათ, სამწვრთნელო სამუშაოს აღარასოდეს დაუბრუნდება. მაგრამ ადამსს ასეთი ისტორიების არ ეშინია: მას ლაფში ამოსვრა არ აშინებს. კარიერის დასრულების შემდეგ, ლეგენდარულმა "მეთოფემ" ერთი წელი დაისვენა და ჩაიბარა "უიკომბი" ინგლისის მესამე დივიზიონიდან. კლუბის ბოსებმა დაუჯერეს ტონის, რომელიც თვით არსენ ვენგერთან მუშაობდა, მაგრამ სანაცვლოდ მიიღეს ბოლო ადგილი და ბილეთი ქვედა დივიზიონში. ადამსი მაშინვე წავიდა პირადი გარემოებების გამო, მაგრამ რეალური მიზეზი გახდა ბოსის კარისკენ გაშვერილი საჩვენებელი თითი.

HeadHunter-ზე ორწლიანი ძებნის შემდეგ, ადამსმა "პორტსმუტის" სამწვრთნელო შტაბში შეაღწია. და ორი წლის შემდეგ, მას ჰარი რედნაპის მემკვიდრის როლი მისცეს. რედნაპი "ტოტენჰემის" გადასარჩენად გაუშვეს და "პორტსმუტიდან" მან ყველა საუკეთესო თან წაიყვანა. "კეთილი იყოს შენი მობრძანება ჯოჯოხეთში, ტონი", - ასეთი კომენტარი გაუკეთა თავისი ყოფილი შეგირდის პრემიერლიგაში დანიშვნას ვენგერმა.

ადამსის ხელში "პორტსმუტი" სიმპატიურად თამაშობდა, მაგრამ შედეგი არ იყო - ბოსების მოთმინება 16 მატჩს ეყო, რომელთაგანაც კლუბმა მხოლოდ ორჯერ მოიგო. ტონიმ ვერ შეძლო პრემიერლიგაში ფეხის მოკიდება.

* * *
ადამსი ლეგენდა იყო, რომელმაც მთელი კარიერა ერთ კლუბს შესწირა და პირველად ჯორჯ გრემის (ვენგერის წინამორბედი) ხელში გაისროლა. შოტლანდიელმა მოუხეშავ გამხდარ ბიჭში მანქანა დაინახა: 19 წლის ტონის ძირითადში მყარი ადგილი მისცა, ორი წლის შემდეგ კი "არსენალის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა კაპიტანი გახდა. ამ სვლამ გაამართლა - "რკინის" ბიჭმა პირველი ცდიდან მიიყვანა "მეთოფეები" ოქრომდე - ეს 1988-89 წლების სეზონში მოხდა.

სწორედ ამ პერიოდში, ადამსი ძალიან დამეგობრდა "გინესთან". გასახდელში ენტონი აღდგენას ერთი პინტათი იწყებდა, შხაპის შემდეგ კი პაბში სასმელის დასამატებლად გარბოდა. 20 წლის ტონი მყარად შეჯდა ალკოჰოლზე, მაგრამ ეს არავის წყენია. "არსენალის" ფანებმა შეიყვარეს ეს გუნდი და "ჰაიბერიზე" გამოკიდეს ბანერი - Drunk Guards, რომელიც ეძღვნებოდა "არსენალის" ოთხ მსმელ მცველს - ადამსს, სტივ ბოულდს, მარტინ კიოუნსა და ლი დიქსონს. მაღალ ტონის ყველაფერს პატიობდნენ: ორი თვე ციხე მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო, დებოში პაბში ცეცხლმაქრით, ჩხუბი აზიელ მაფიოზებთან და რამდენიმე კვირა უთამაშებლობა 30 ნაკერის გამო, რომელიც კიბიდან გადმოვარდნის შედეგი იყო.

თავდაპირველად, ეს ყველაფერი მხიარული იყო. მაგრამ გერმანიასთან პენალტების სერიაში წაგებამ დაასამარა ინგლისელთა იმედები საშინაო ევრო 1996-ზე და კინაღამ დაღუპა ადამსი. ტონი ალკოჰოლურ ანდერგრაუნდში ჩაეფლო და მხოლოდ ორი თვის შემდეგ ამოყვინთა პრესკონფერენციაზე: "მე ლოთი ვარ და დახმარება მჭირდება".

განადგურებული ფეხბურთელი კარიერის დასრულებაზე ოცნებობდა. "იმისთვის, რომ ამგვარი რამ ეღიარებინა, ადამსმა სიმამაცისთვის ბევრი დალია", - გაიხუმრა იან რაშმა.

ჭკვიანმა ვენგერმა გადააფიქრებინა მცველს. ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა პიტერ ბეტმა იპოვნა მეგობრისთვის ანონიმური ლოთებისთვის მძლავრი კურსები. მოულოდნელად, ამან უშველა. ეს წარმატება გაამყარა თანაგუნდელების წინაშე გულის გადახსნამ, ვენგერთან საუბარმა და პიანინოზე დაკვრამ, რომელიც მას ფრანგმა მწვრთნელმა სიმშვიდისთვის გამოუწერა. ყველას გასაკვირად, ადამსმა ორ თვეში დაიბრუნა ყველაფერი, რაც დაკარგა - მოქნილობა და ბრძოლისუნარიანობა ძველ დონეზე დარჩა.

* * *
ამგვარმა მიზანსწრაფულობამ არ მისცა საშუალება დანებებულიყო "პორტსმუტში" საშინელი ჩავარდნის შემდეგ. დამწყები მწვრთნელი აგრძელებდა ძიებას და არ შეუშინდა აზერბაიჯანში გამგზავრებას. "გაბალაში" ინგლისელს დაპირდნენ ადგილს მთავარ მწვრთნელად, სპორტული დირექტორის ფუნქციებსა და სამწლიან კონტრაქტს (არც ერთი ლეგიონერი მწვრთნელი არ გაჩერებულა აზერბაიჯანში ორ წელზე მეტ ხანს).

"ვიგრძენი თბილი დამოკიდებულება ჩემი პერსონის მიმართ. განსაკუთრებით ჩამივარდა გულში კონტრასტი უზარმაზარ ბაქოსა და გაბალას შორის თავისი ლამაზი მთლიანი პეიზაჟით", - თქვა ადამსმა, რომელიც, რა თქმა უნდა, ასევე მოხიბლული იყო მილიონი ფუნტის ოდენობის კონტრაქტით.

"გაბალა" მიზანმიმართულად ემზადებოდა სახელიანი მამაკაცის მიწვევისთვის: აქამდე ცხრა თვით ადრე, კლუბმა მაღალ თანამდებობაზე აიყვანა ალისტერ სავერიმუტო (ადრე "ევერტონში" მუშაობდა), ააშენა სტადიონი ბრიტანულ სტილში და აკადემია შექმნა. მაგრამ, აზერბაიჯანში ყველაფერი ვერ გათვალეს.

"მივედით პირველ მატჩზე, მინდვრის გარშემო ყველაგან ძაღლის განავალი იყო მოფენილი. სტადიონის მომსახურე პერსონალს მივუთითე - მოეშორებინა ეს ნაგავი, მან კი მხოლოდ ის მოიფიქრა, რომ განავალი სიგრძეზე ხტომისთვის განკუთვნილ ქვიშის ორმოში ჩაყარა. ერთხელ, ჩვენს საწვრთნელ მოედანზე ძროხა სეირნობდა და პირდაპირ ცენტრალურ წრეში მოისაქმა", - ამბობდა ადამსი Daily Mail-თვის მიცემულ ინტერვიუში.

ინგლისელმა თვალები დახუჭა საშინაო სტადიონის გასანათებელი ანძიდან ამოჩრილი მავთულების გამო და მუშაობა გააგრძელა, რადგან ოცნება ჰქონდა. "ჩემი მაგალითი - ვენგერი იყო. ის იაპონიაში იწყებდა და მოგვიანებით გახდა ლეგენდა", - აღნიშნა ტონიმ.

"გაბალასთან" კონტრაქტი, შესაძლოა, ბოლო გამხდარიყო მწვრთნელის ცხოვრებაში. ერთ-ერთი ვარჯიშის დროს, ადამსმა ძლიერი ტკივილი იგრძნო მარცხენა მხარეს - ექიმებმა გადაარჩინეს. ყოფილ ფეხბურთელს ვენის დახშობა დაუდგინეს: "დარწმუნებული ვარ, ექიმ უზეირ რაჰიმოვის ოსტატობა რომ არა, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. გულზე პატარა ოპერაციამ გადამარჩინა".

ადამსი ძლებდა გაბალაში, რომელიც რეგულარულად აოცებდა ევროპელს: ის შეურიგდა მინდვრის გარშემო ძაღლის განავალს, მიიღო იქაური ცხოვრების წესი და უარი თქვა აზერბაიჯანულ ალკოჰოლზე: "მხოლოდ ჩაი. ისიც მაგარი აქვთ აქ", - იცინოდა ტონი და ერთი წამით არ ივიწყებდა ალკოჰოლურ დამოკიდებულებაზე მძიმე გამარჯვებას.

აზერბაიჯანში ადამსმა სამწლიანი კონტრაქტის ნახევარი გამოიმუშავა და ოჯახური მიზეზების გამო სახლში გაემგზავრა, რათა ექვსი წლით დაევიწყებინა სამწვრთნელო სამუშაო.

ადამსი-ფეხბურთელის წარმატების საიდუმლო ძალიან მარტივია - იბრძოლე და მთელი ძალები დახარჯე. "თუ ბოლომდე იხარჯები, აღიარება მოვა, სტადიონი შენს სახელს იმღერებს", - აზრი, რომელსაც "ვირი" ჯერ პორტსმუტში ავითარებდა, შემდეგ აზერბაიჯანში და ახლა, გრანადაში. ასეთი უსიამოვნო მეტსახელით ის ჟურნალისტებმა ევრო-1988-ზე მარკო ვან ბასტენის ჰეთ-თრიკის შემდეგ დააჯილდოვეს. "ეს ცხოველი არ იწვევს ჩემში უსიამოვნო ასოციაციებს. პირიქით, ის შრომისმოყვარეა, ჯიუტი და კეთილი. როგორ მე", - გაიხუმრა ტონიმ.

ადამსი დიდი ხანია მინდორზე ვერ იმარჯვებს, მაგრამ ცხოვრებაში უძლეველია. 1996 წელს, იძულებითი მკურნალობის შემდეგ, მან გამოსცა ავტობიოგრაფია - "დამოკიდებულება". 2000 წელს კი გახსნა სარეაბილიტაცირო კლინიკა "სპორტული შანსი". იქ ამოყვეს თავი პოლ გასკოინმა, ჯორჯ ბესტმა, ჯოი ბარტონმა, ადრიან მუტუმ, ფერნანდო რიქსენმა, მეტიუ ეთერინგტონმა და მავნე თვისებების სხვა მიმდევრებმა.

"მე ვიყავი ლიდერი ფეხბურთში, სადაც გამომავლინე ურყევი ხასიათი და უდიდესი ბროძლის ჟინი", - ამბობს ადამსი. ის აზერბაიჯანული მოგზაურობის შემდეგ აღდგა და ძალების მობილიზება მოახდინა "გრანადას" გადასარჩენად, მაგრამ არაფერი გამოუვიდა - მისი გუნდი ბოლო ადგილზეა და არაფერი უშველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული