ინგლისის ნაკრები: გარეთ საუთგეიტი ავტორიტეტებს არ ცნობს

AutoSharing Option
გარეთ საუთგეიტი ავტორიტეტებთან ბრძოლას აგრძელებს და ის ფეხბურთელებიდან მწვრთნელებზეა გადასული. ინგლისის ნაკრების თავკაცმა, ამჯერად, იმაზე მიანიშნა ყველას, რომ ჟოზე მოურინიოსთან თანამშრომლობას არ აპირებს და ნაკრებში იმას (და მაშინ) გამოიძახებს, ვისაც (და როდესაც) საჭიროდ ჩათვლის. საქმე მარკუს რაშფორდს ეხება:

მოგეხსენებათ, კლუბები და მათი მწვრთნელები მტკივნეულად რეაგირებენ ხოლმე თავიანთი გამორჩეული ფეხბურთელების ნაკრებში გამოძახებაზე, მით უფრო, თუ ნაკრები ძალიან მნიშვნელოვან მატჩებს არ ატარებს, ხოლო მოთამაშე გადაღლილია.

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები კი ნამდვილად გადაღლილები არიან, მათ გასულ სეზონში ბევრი საქმე ჰქონდათ, "წითელი ეშმაკები" სამ ფრონტზე
ბოლომდე დაიხარჯნენ და მეოთხეზეც (ასოციაციის თასი) დიდხანს "იჭიდავეს". გამოდის, რომ 19 წლის რაშფორდს დასვენების დრო, ფაქტობრივად, არ ექნება, რაც ჟოზეს ანერვიულებს, მაგრამ საუთგეიტი ამბობს, უკეთ ვიცი, რას ვაკეთებ - ნაკრები პირველ ადგილზეა და ის, რომ მოურინიოს ან ვინმე სხვას ვასიამოვნოთ, ცოტა ძნელი იქნებაო.

სათქმელია ერთიც, რომ მოურინიო, პირველ რიგში, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატის წინააღმდეგი იყო და სურდა, რომ რაშფორდი ამ ტურნირზე არ გამგზავრებულიყო, რაც აუსრულდა, მაგრამ სანაცვლოდ, საუთგეიტმა იგი თავისთან გამოიძახა. ასე რომ, იგი ნაკლებად, მაგრამ მაინც დატვირთული იქნება ამ ზაფხულს.

"მე არ ვარ იმ პოზიციასა და მდგომარეობაში, რომ ჩემი გადაწყვეტილებებით ვინმე გავაბედნიერო ან ამაზე ვიფიქრო. ეს ჩემი მიზანი არ არის და არც იქნება. ჩემთვის მთავარია ის, რაც ნაკრებისთვისაა უკეთესი და ინგლისის ნაკრების გულშემატკივრებს გაახარებს.

გადამწყვეტი და მნიშვნელოვანი ის კი არ არის, როგორი ურთიერთობა მექნება ჟოზესთან, არამედ ის, თუ როგორი ურთიერთობა მექნება მარკუსთან. მოურინიოსთან ამ საკითხზე არ მისაუბრია, ჩემი თითოეული გადაწყვეტილების ცალკე ახსნის საჭიროებასა და აუცილებლობას ვერ ვხედავ. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩემთვის პირველ ადგილზე ინგლისის ნაკრები და მისი მომავალია.

ყველასადმი პატივისცემის მიუხედავად, არა მგონია, რომ ვთქვათ, 10 წლის მერე ამჟამინდელი მწვრთნელების უმეტესობა ისევ მუშაობდეს. აი, რაშფორდი და მისი თაობის ფეხბურთელები კი ისევ საქმეში იქნებიან და მე მათზე და ნაკრებზე ვფიქრობ" - განმარტა საუთგეიტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული