ამ ტრანსფერს აზრთა დიდი სხვადასხვაობა მოჰყვა. ბევრი მიიჩნევს, რომ "იუნაიტედი" სკანდინავიელისათვის ზედმეტად დაიხარჯა. სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ შვედი ძალიან ცოტა ართმევასა და ჩაჭრას აკეთებს იმისათვის, რომ "იუნაიტედის" დაცვის ბურჯი გახდეს. ვინც ასე ფიქრობს, მან აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტი:
როგორც უკვე დავწერეთ, ლინდელიოფმა ბოლო სეზონები "ბენფიკაში" გაატარა. პორტუგალიის პირველობა კი გამორჩეულია იმით, რომ გრანდებს იქ თამაში ძალიან უადვილდებათ. "არწივების" ბურთის ფლობის საერთო მაჩვენებელი 60 პროცენტს სცდება.
სხვანაირად
ამ მხრივ ლინდელიოფი პრემიერლიგაში ნაღდად არ დაიჩაგრება. რატომღაც არავინ ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რაც მართლაც ნაკლად შეგვიძლია ჩავუთვალოთ შვედს უსწრაფეს ინგლისურ ფეხბურთში. ესაა "წითელი ეშმაკების" ახალწვეულის ნაკლები სისწრაფე. აქ არ ვგულისხმობთ სასტარტო სისწრაფეს. ზოგადად, ლინდელიოფი ცოტა მოუხეშავია და ეს ბუნებრივიცაა მისი სიმაღლიდან გამომდინარე.
სამაგიეროდ, რა ვუყოთ იმას, რომ შვედი მცველი ძალიან კარგია საჰაერო ორთაბრძოლებისას? ეს ხომ პრემიერლიგაში აუცილებელი პირობაა. და მაინც, 35 მილიონი მცველისათვის პატარა თანხა არაა. ამ ფასად უკვე შემდგარი ვარსკვლავი უკანახაზელის ყიდვაც შეიძლება. რატომ გადაწყვიტა ჟოზე მოურინიომ, აქცენტი სწორედ ლინდელიოფზე გაეკეთებინა?
განსაკუთრებული
ჟოზე მართლაც რომ განსაკურებულია. მას თავისუფლად შეეძლო, ამ ფასად თუნდაც რაფაელ ვარანის ყიდვისათვის ებრძოლა და, ალბათ, ეს ბრძოლა წარმატებითაც დასრულდებოდა. რატომ არ მოისურვა მან ეს? ვარანს თავად პორტუგალიელიც კარგად იცნობს, მაგრამ ფრანგის ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში დიდზე დიდი წვლილი ზინედინ ზიდანს მიუძღვის.
ვარანი პირობითად მოვიყვანეთ. მოურინიოს უნდა, თვითონ გამოძერწოს მცველი - ვარსკვლავი "მანჩესტერ იუნაიტედში", როგორც ამას სერ ალექს ფერგიუსონი აკეთებდა. პორტუგალიელს განსაკუთრებულობის მანია არ ასვენებს. ფერგის დროს არაერთი მცველი გახდა "იუნაიტედში" ვარსკვლავი, მაგრამ ყველაზე მკაფიო მაგალითი ნემანია ვიდიჩია.
მისი კარიერა თითქმის მთლიანადაა დაკავშირებული სერ ალექსთან. შეიძლება ითქვას, რომ როცა ფერგიუსონის ეპოქა დასრულდა "იუნაიტედში", მაშინ დამთავრდა ვიდიჩის კარიერაც. მან კიდევ ითამაშა ფეხბურთი, მაგრამ ეს აღარ იყო ის, რასაც მისგან ითხოვდნენ და ელოდნენ.
არავინ იცის, რა მოხდება ლინდელიოფის შემთხვევაში. ერთი კია - დაკვირვებული თვალი შვედსა და სერბ მცველებს შორის აუცილებლად აღმოაჩენს გარკვეულ მსგავსებას. ვინ იცის, წლების შემდეგ მოურინიომაც იამაყოს თავისი აღმოჩენით.
საკმარისია თუ არა?
რა თქმა უნდა, ლინდელიოფი ძალიან კარგი მცველია, მაგრამ მაშინვე იბადება კითხვა - საკმარისი იქნება თუ არა ის "იუნაიტედის" დაცვისათვის? როგორც პორტუგალიელის გაწვრთნილი ყველა გუნდი, "მანჩესტერიც" ძალიან კარგად დგას დაცვაში, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს უფრო მწვრთნელის მიერ დაყენებული დაცვაა, ვიდრე მოთამაშეების ინდივიდუალურ ოსტატობაზე დაფუძნებული უკანა ხაზი.
აქედან გამომდინარე, "მანჩესტერს" ნამდვილად არ აწყენდა ერთი ექსტრაკლასის მცველი, რომელიც დაცვაში პირველკაცობას იკისრებდა. დიდი ალბათობით, მას პორტუგალიელი არ იყიდის. ჯერ ერთი, წინ დიდი ტრანსფერებია. დავუშვათ, კრიშტიანო გახდა საყიდელი "რეალიდან".
მოურინიო ამის სურვილით არ იწვის, მაგრამ ეს იმდენად განყენებული და სპეციფიკური თემაა, რომ შეიძლება ჟოზეს აზრიც არ აღმოჩნდეს გადამწყვეტი. თუ არა და, ალვარო მორატას ტრანსფერი მაინც უნდა განხორციელდეს.
საიდან მოვიდა
ის მხოლოდ 22 წლისაა. თამაშობდა შვედურ "ვასტერასში", სადაც ის "ბენფიკას" სელექციონერებმა შეამჩნიეს. ჯერ იყო დუბლშემადგენლობაში გატარებული პერიოდი, მერე კი პერსპექტიული შვედი უკვე ძირითადი გუნდის წევრი გახდა.
"დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები. მოვა დრო და ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველი გახდება. მე ვიცი, რას ვამბობ. ის ჩვენ თვალწინ დღითიდღე იზრდება და ეს ისეთი პროგრესია, რომლის დაუნახაობაც არაფრით შეიძლება. ჩვენ გვინდა, რომ მან დიდ წარმატებებს მიაღწიოს, რადგან ვიქტორი შესანიშნავი ადამიანია. ის ძალიან ბევრს შრომობს", - თქვა მის თაობაზე "ბენფიკას" ფორვარდმა ჟონასმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"