კარგა ხანია, მსოფლიო საფეხბურთო სამყაროს კრიშტიანო რონალდოს გარშემო მიმდინარე ამბები არყევს. ბევრი მიიჩნევს, რომ რონალდო აღარ დარჩება "რეალში" იმ საგადასახადო სკანდალის გამო, რომელიც მასთან დაკავშირებით აგორდა...
ცნობამ იმის თაობაზე, რომ კრიშტიანო რონალდო რომელიმე სხვა ადგილას გააგრძელებდა კარიერას, დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. "რომელიმე სხვა ადგილში" ბევრმა "მანჩესტერ იუნაიტედი" იგულისხმა. ინგლისური კლუბი, სადაც სერ ალექს ფერგიუსონის ძალისხმევითა და უდიდესი ნიჭით რონალდო გახდა პრიმა.
ახლა გავეცნოთ იმ გამონათქვამებს, რომლებიც ეხება "მანჩესტერ იუნაიტედს" და რომელიც ეკუთვნის რონალდოს
2009 წლის ივლისი
მას შემდეგ, რაც "მანჩესტერ იუნაიტედში" ჩემპიონთა ლიგა მოვიგე, მოტივაციის პრობლემა გამიჩნდა. ვფიქრობდი, რომ ამ კლუბში უკვე ყველაფერს მივაღწიე. ასეთ შემთხვევაში გამოსავალი მარტივია - ფეხბურთელმა ახალი გამოწვევა უნდა ეძებოს. ერთი წელი დავრჩი, მაგრამ ჩემი ოცნება იყო "რეალში" თამაში. რა თქმა უნდა, ფული არაფერ შუაშია. მე მინდა, მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ვიყო.
2010 წლის ნოემბერი
ახლა მე ლა ლიგაში ვთამაშობ, მაგრამ ვინ იცის, რა როგორ იქნება მომავალში. არ არის გამორიცხული, ერთ დღესაც ინგლისში დავბრუნდე სათამაშოდ. გადავალ თუ არა რომელიმე სხვა ინგლისურ გუნდში "მანჩესტერის" გარდა? არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. რაც შეეხება "მანჩესტერს", მე ამ გუნდთან საუკეთესო მოგონებები მაკავშირებს, იქ უამრავი მეგობარი მყავს. ისინი ძალიან მენატრება.
2011 წლის ივლისი
თუ როდესმე წავალ "რეალიდან", პრემიერლიგაში დავბრუნდები. მას შემდეგ, რაც ჩემპიონთა ლიგას მოვიგებ. თუ წავალ ინგლისში, ჩემი მომავალი გუნდი ლონდონური არ იქნება. არ მიყვარს ლონდონი, ის იქნება კლუბი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან.
2013 წლის თებერვალი
"მანჩესტერთან" მატჩში მთელი ყურადღება ჩემზე იქნება მომართული, მაგრამ უნდა დაგარწმუნოთ, რომ არანაირ წნეხს არ ვგრძნობ. ეს არის მხოლოდ ჩემს ყოფილ გუნდთან რიგითი დაპირისპირება და მეტი არაფერი. მე ომში კი არა, სახლში მივდივარ. როცა ხალხის სიყვარულს გრძნობ, ეს არასოდეს გავიწყდება. მე ვნახავ ჩემს ყოფილ სახლს, მეგობრებს.
2014 წლის სექტემბერი
მე მიყვარს "მანჩესტერი". ის ჩემს გულშია. იქ მე ბევრი მეგობარი დავტოვე. იქაური გულშემატკივრები მსოფლიოში საუკეთესონი არიან. ერთ დღესაც სიამოვნებით დავბრუნდებოდი იქ სათამაშოდ.
2015 წლის იანვარი
მე მუდამ ვფიქრობ "იუნაიტედზე". სწორედ იქ დაიწყო ჩემი კარიერა. ვიცი, რომ ამ კლუბის გულშემატკივრები ისევ მქომაგობენ. სერ ალექსს სისტემატურად ვეკონტაქტები. მან მე მითხრა, რომ არ უნდა გავჩერდე და განვითარება უნდა განვაგრძო. ის დიდებული ადამიანია. მე ის ძალიან მენატრება.
2015 წლის ნოემბერი
მე დღესაც არ მესმის ფერგიუსონის ინგლისური მისი აქცენტის გამო. და მაინც ბედნიერი ვარ იმით, რომ ამ კაცს შევხვდი. მამა ცუდად იყო, საავადმყოფოში იწვა, ჩვენ კი მნიშვნელოვანი თამაში გველოდა ჩემპიონთა ლიგაზე. ფერგიმ მითხრა, რომ ჩემი ოჯახი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ცხოვრებაში და რომ შემიძლია, რამდენი ხანიც მინდა, იმდენ ხანს ვიყო მასთან.
2017 წლის ივლისი
მე "იუნაიტედში" ბევრი წელი გავატარე. რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაში იდეალურად არ მითამაშია. გულშემატკივარს კი ჩემთვის არც ერთხელ არ დაუსტვენია.
მოურინიოს ფაქტორი
ჟოზე მოურინიოსა და კრიშტიანოს გზები "რეალში" გადაიკვეთა. ყველას ახსოვს, რომ შეგირდსა და მწვრთნელს შორის იდეალურთან მიახლოებული ურთიერთობაც კი არ იყო. ის კი არა, რონალდო და მოურინიო გაიბუტნენ კიდეც.
პორტუგალიელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელს კრიტიკას არ აკლებდა. რა თქმა უნდა, რონალდო ამაზე ძალიან მწვავედ რეაგირებდა. მოგვიანებით ჟოზემ თქვა, რომ ამას ერთადერთი მიზეზით აკეთებდა - მას უნდოდა, კრიშტიანო უკეთესი გაეხადა.
"მე მას ვაკრიტიკებდი მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა, უკეთესი ყოფილიყო. არადა, ის ძალიან მწვავედ რეაგირებდა ამაზე, ჩემს სიტყვებს საერთოდ არ იღებდა. მას მიაჩნია, რომ ფეხბურთში ყველაფერი იცის და არც ერთ მწვრთნელს აღარ შეუძლია, ის უკეთესი გახადოს. " - თქვა მოუმ.
"მათი ურთიერთობა ძალიან დაძაბული იყო. რონალდო ვერ იტანდა კრიტიკას, მოურინიო კი მწარე სიტყვებს არ აკლებდა. არადა, კრიშტიანო შესანიშნავ ფორმაში იყო. იმ სეზონში მან ყველაზე მეტი გოლი გაიტანა. ჟოზე მაინც უკმაყოფილო იყო, მეტს და მეტს ითხოვდა." - გაიხსენა წარსული "რეალის" ყოფილმა მეკარემ, პაკო ბუიომ.
მოურინიოს ფაქტორი არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იმასა, თუ რატომ არ დაბრუნდება კრიშტიანო "მანჩესტერში" მანამ, სანამ ამ გუნდს პორტუგალიელი სპეციალისტი წვრთნის. კრიშტიანო არ მალავს, რომ მას მოურინიო არ უყვარს.
რატომ არ სჭირდება კრიშტიანოს "მანჩესტერი". რონალდო ამ დროისათვის ნამდვილი მონსტრია. ის ტიტულების მოგებაზეა ორიენტირებული. ტიტულების მოგება კი ამ ფორმაციის "რეალში" გაცილებით ადვილია, ვიდრე "მანჩესტერში". კარიერის ბოლოს სხვა საქმეა, დღეს კრიშტიანოს "რეალში" ურჩევნია.
რატომ არ გაუშვებს რეალი რონალდოს. "სამეფო კლუბის" პრეზიდენტის, ფლორენტინო პერესისათვის კრიშტიანო მთავარი მონაპოვარია. ის მას არავითარ შემთხვევაში არ გაუშვებს, სანამ რონალდოს გუნდისათვის ტიტულები მოაქვს. პრეზიდენტმა კარგად იცის, რომ კრიშტიანოს წასვლის შემთხვევაში "რეალი" აშკარად დასუსტდება.
მანჩესტერის მდგომარეობა. საკითხავია, რა ურჩევნია "მანჩესტერს" - კოლოსალური თანხა გადაიხადოს 32 წლის ფეხბურთელში, თუ შემადგენლობა რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელით შეავსოს.
ფაქტია, "იუნაიტედს" სჭირდება ახალი ფეხბურთელები და შემადგენლობაც დასაბალანსებელია. იმ ფასად, რაც კლუბმა კრიშტიანოში უნდა გადაიხადოს, თავისუფლად შეიძლება სამი-ოთხი მაღალი კლასის მოთამაშის შეძენა.
ასე რომ, თუ სასწაული არ მოხდა, რონალდოს ტრანსფერს ამ ზაფხულს ინგლისურ გრანდში არ უნდა ველოდოთ.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"