პრემიერლიგის ტრანსფერები. ტოპ-10: რეკორდსმენი ლუკაკუ

AutoSharing Option
რომელუ ლუკაკუ "მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელია. ეს ტრანსფერი სარეკორდოა პრემიერლიგაში მოასპარეზე გუნდებს შორის მომხდარი გარიგებებიდან. დღეს წარმოგიდგენთ პრემიერლიგის კლუბებს შორის განხორციელებულ ათ ყველაზე ძვირ ტრანსფერს.

10. დიმიტარ ბერბატოვი - 32 მილიონი გირვანქა
2008 წელს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა იხურებოდა, როცა "მანჩესტერ იუნაიტედი" "ტოტენჰემს" ბულგარელი ფორვარდის ტრანსფერზე მოელაპარაკა 32 მილიონ ევროდ. "ბერბამ" "იუნაიტედის" შემადგენლობაში ოთხი სეზონის განმავლობაში ითამაშა, ჩაატარა 149 შეხვედრა და გაიტანა 56 გოლი. ალბათ, ბერბატოვს შეეძლო, უფრო უკეთესადაც ეთამაშა, მაგრამ წესით, მას გული არაფერზე უნდა დაწყდეს. მანჩესტერული გრანდის შემადგენლობაში ბერბატოვმა პრემიერლიგა
ორჯერ მოიგო.

"მე "იუნაიტედს" თავაწეული ვტოვებ. რაც შემეძლო, გუნდისათვის ყველაფერი გავაკეთე", - თქვა მან, როცა 4,25 მილიონ გირვანქად გადავიდა "ფულჰემში".

9. ენდი ქეროლი - 34 მილიონი
"ლივერპულმა" უდიდესი ნდობა გამოუცხადა 22 წლის ტანმაღალ თავდამსხმელს. 2011 წელს მერსისაიდელებმა ფეხბურთელის სანაცვლოდ "ნიუკასლს" 34 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. "ლივერპულში" ინგლისელი შემტევის კარიერას იღბლიანს ვერაფრით ვუწოდებთ. მან 58 შეხვედრა ჩაატარა და 11 გოლი შეაგდო. ის შეგვიძლია "ლივერპულის" ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ იმედგაცრუებად მივიჩნიოთ. ცოტა ხანში უკმაყოფილო ლივერპულელებმა ის "ვესტ ჰემში" გაანათხოვრეს, შემდეგ კი ამ გუნდში გაყიდეს 14,88 მილიონ ევროდ.

"ენდი განსაკუთრებული ფეხბურთელია. ის ჩვენ შეგვიძლია შევადაროთ შოკოლადის ყუთს "ფორესტ გამპიდან". არასოდეს იცი, რას შეიძლება ელოდო მისგან. შეუძლია, ბრწყინვალე იყოს ან ბოლომდე ჩააგდოს შეხვედრა", - თქვა მის შესახებ "ვესტ ჰემის" მთავარმა მწვრთნელმა სლავენ ბილიჩმა.

8. სადიო მანე - 35 მილიონი
გასულ ზაფხულს "ლივერპული" მაგრად დაიხარჯა. მან "საუთჰემპტონის" თავდამსხმელის სანაცვლოდ 35 მილიონი გირვანქა გაიღო. დიდი ალბათობით, მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი არ დარდობს, სენეგალელზე რომ შეაჩერა არჩევანი. მით უმეტეს, მანეს გარჯით ის თავიდანვე იყო მოხიბლული. კლოპს აფრიკელი ვარსკვლავის გადაბირება ჯერ კიდევ მაშინ უნდოდა, როცა ის "დორტმუნდის" მთავარი მწვრთნელი იყო. პრემიერლიგაში მანემ 27 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ის გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს და აბსოლუტურად დამსახურებულადაც. სადიოს მონაგარი ალბათ უფრო შთამბეჭდავი იქნებოდა, ჩემპიონატის ენდშპილი მას ტრავმის გამო რომ არ გამოეტოვებინა. წესით, მომავალი სეზონი კიდევ უფრო კარგი უნდა ჰქონდეს.

7. ხუან მატა - 38 მილიონი
ხუან მატას ისტორია ძალიან ჰგავს ლუკაკუს ამბავს. ორივეს ცუდი ურთიერთობა ჰქონდა "ჩელსიში" ჟოზე მოურინიოსთან და ორივე გადაეყარა განსაკუთრებულ პორტუგალიელს "მანჩესტერ იუნაიტედში". 2014 წლის ზამთარში მატა 38 მილიონ გირვანქად გადავიდა "მანჩესტერში". გასულ სეზონში ესპანელმა "წითელ ეშმაკებთან" ერთად მოიგო ინგლისის თასი და ევროპის ლიგა. "იუნაიტედში" მატამ ამ დროისათვის 146 შეხვედრა ჩაატარა, 36 გოლი გაიტანა და 26 საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.

"მე და მოურინიოს ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ბევრი რამ, რაც ჩვენს უთანხმოებებზე დაწერილია, წმინდა წყლის სიცრუეა", - ამბობს მატა.

6. რიო ფერდინანდი - 39 მილიონი
ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ რიო ფერდინანდი "მანჩესტერში" მთელი საუკუნის განმავლობაში თამაშობდა, მაგრამ ის მხოლოდ 2002 წელს გამოჩნდა "ოლდ ტრაფორდზე". "იუნაიტედმა" იმ დროისათვის კოლოსალური თანხა, 39 მილიონი გირვანქა გადაიხადა ფეხბურთელში. რიომ ბოლომდე აანაზღაურა მასში ჩადებული თანხა.

ფერდინანდმა "მანჩესტერთან" ერთად ექვსჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, იმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე. 12 სეზონის განმავლობაში რიომ ალისფერი მაისურით ოთხასზე მეტი მატჩი ჩაატარა და მას ინგლისის ნაკრების კაპიტნის სამკლავური ეკეთა.

5. კრისტიან ბენტეკე - 39 მილიონი
ქეროლისა არ იყოს, "ლივერპულისათვის" ვერც ეს გარიგება ჩაითვლება წარმატებულად. 2015 წლის ივლისში მერსისაიდულმა კლუბმა "ასტონ ვილას" უპირველესი ბომბარდირისა და ვარსკვლავის სანაცვლოდ 39 მილიონი გირვანქა გადაუხადა, ერთი წლის შემდეგ კი მხოლოდ 26 მილიონად გაყიდა "ასტონ ვილაში". ერთი სეზონის განმავლობაში კრისტიანმა "ლივერპულში" 42 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

"ხალხი იცინის, როცა ჩემ მიერ "ლივერპულში" გატარებულ დროს იხსენებს. ისინი ამბობენ, რომ "ლივერპულს" უფრო მეტი გავუტანე, ვიდრე მის შემადგენლობაში გავიტანე. მე კი ჩემი არგუმენტი მაქვს: თავის გამოჩენის შანსი პრაქტიკულად არ მქონია", - მიიჩნევს ბენტეკე.

4. ჯონ სტოუნსი - 47 მილიონი
გასულ ზაფხულს "სიტიმ" 22 წლის მცველის სანაცვლოდ 47 მილიონი გირვანქა გადაიხადა. სტოუნსი ოფიციალურად გახდა ყველაზე ძვირი მცველი, გადაასწრო რა რიო ფერდინანდს. ჯერჯერობით, ყველაფერი ისე არ მიდის, როგორც "სიტი" და ჯონი ისურვებდნენ. გასულ სეზონში სტოუნსმა ინგლისური გუნდის შემადგენლობაში პრემიერლიგაში 27 შეხვედრა ჩაატარა. იყო შემთხვევები, როცა ყოფილი ევერტონელი სათადარიგოთა სკამზე რჩებოდა.

"მე სტოუნსს ყოველთვის ვთვლიდი საშუალო დონის ფეხბურთელად, რომელიც ზედმეტადაა გაპიარებული", - ამბობს მის თაობაზე ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი ტონი ადამსი.

3. ფერნანდო ტორესი - 49 მილიონი
2011 წელს ესპანელი სუპერფორვარდი "ლივერპულიდან" "ჩელსიში" გადავიდა. ამ ტრანსფერს გვარიანი ხმაური მოჰყვა. "წითლები" ძალიან გააბრაზა მათი კერპის წასვლამ. ეს მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპულის" სალარო თითქმის 50 მილიონი ევროთი შეივსო. ლონდონური ეტაპი ტორესის კარიერაში უარესი იყო, ვიდრე მერსისაიდული. 182 შეხვედრაში მან 48 გოლი შეაგდო. სამაგიეროდ, ფერნანდომ გუნდთან ერთად ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა მოიგო.

2. რაჰიმ სტერლინგი - 53 მილიონი
2015 წლის ზაფხულში "სიტიმ" მართლაც კოლოსალური თანხა არ დაიშურა იმისათვის, რომ "ლივერპულის" ვინგერი ჩაეგდო ხელში. ორი სეზონის განმავლობაში სტერლინგმა მანჩესტერულ კლუბში 94 შეხვედრა ჩაატარა და 21 გოლი გაიტანა. ამასთან, მან 31 ასისტი ჩაიწერა აქტივში. მას განსაკუთრებით გაუჭირდა პირველ სეზონში, როცა "სიტის" პელეგრინი წვრთნიდა.

"ჩვენი თამაში ეფუძნებოდა ორ შეხებას, მე კი ბურთის ტარება და მოწინააღმდეგის მოტყუება მიყვარს", - ასე ახსნა თავისი კრიზისი რაჰიმმა.

1. რომელუ ლუკაკუ - 75 მილიონი
რეკორდი დამხობილია. "ევერტონმა" ფეხბურთელის სანაცვლოდ 75 მილიონი გირვანქა მიიღო "მანჩესტერ იუნაიტედისაგან". ახლა მსოფლიოში ყველაზე ძვირი ფეხბურთელი პოლ პოგბა და პრემიერლიგის შიდა ბაზრის პრიმა რომელუ ლუკაკუ ერთ გუნდში ითამაშებენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული