ტერი დარწმუნებულია, რომ კვირას, ინგლისური სეზონის მთავარ შეხვედრაში დიდიე დროგბას, ფერნანდო ტორესის, სალომონ კალუს, ფლორან მალუდას და ნიკოლა ანელკას გაჩერებას თვით „მანჩესტერ იუნაიტედიც“ კი ვერ შეძლებს.
„ნებისმიერი მოწინააღმდეგე შეკრთება, როდესაც მოედანზე ნანდოს, დიდიეს, ნიკოს, სალას ან ფლორანს დაინახავს. ეს ხუთეული ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. სულერთია ამ მოთამაშეთაგან მწვრთნელი კონკრეტულ შეხვედრაში რომელს ათამაშებს. გამარჯვების გოლის გატანა ხუთეულის ყველა წევრს შეუძლია
ალბათ, დააკვირდებოდით, რომ ამ ბიჭებიდან, ჩვეულებრივ, სამი იწყებს თამაშს, ორი კი მეორე ტაიმში, შეცვლაზე შედის. ამის მიუხედავად, მათ შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს. ან კი, რა დროს გაუგებრობაა, როდესაც ჩემპიონობისთვის ბრძოლა იმდენად დაიძაბა, რომ გამარჯვებული შეიძლება გატანილი და გაშვებული გოლების სხვაობამ გამოავლინოს. ძალიან მიხარია, რომ სალამ, დიდიემ და ფლორანმა კვლავ გაიხსენეს გოლების გატანის გემო“.
თავდამსხმელთა შორის კონკურენციაზე ლაპარაკი იმიტომ ჩამოვარდა, რომ კალუმ, „ტოტენჰემ ჰოთსპურთან“ შეხვედრაში, ბოლო წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა, მაგრამ როდესაც მსაჯმა თამაში დაამთავრა, თანაგუნდელებთან ერთად, საზეიმოდ მოედანზე არ დარჩა. ის განაწყენდა, რადგან ბოლო დროს ანჩელოტი სასტარტო შემადგენლობაში ხშირად არ ათამაშებს. ამის მიუხედავად, ანჩელოტიმ თქვა, რომ 25 წლის კოტ დ’ივუარელი ვერც კვირას მოხვდება სასტარტოში.